მიკვირს ბიძინა ივანიშვილი რომ ვერ ხვდება, გამოუთქმელი წყევლა და ბრაზი, რომელსაც ადამიანები ვერ ამოთქვამენ, ბევრად უფრო საშიში რომ არის - ამან შეიძლება ქვეყანაში ისეთი ემოციური აფეთქება გამოიწვიოს, რომ ადამიანებმა საკუთარი ბრაზის გაკონტროლება ვეღარ შეძლონ - ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ნამდვილად მოხდება! - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ექსპერტმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.
ჯეჯელავას შეფასებით, საჯარო სივრცეში ბრაზის გამოხატვაზე ჯარიმების დაწესება და ადამიანების დაპატიმრება შედეგად მოიტანს იმას, როცა ბრაზი სრულიად უკონტროლოდ შეიძლება ამოიფრქვას.
„წყევლა აზრის გამოთქმის ყველაზე უკეთესი ფორმა ალბათ არ არის, მაგრამ ადამიანის ემოციური მდგომარეობის გამოხატულებაა, როდესაც ცდილობ, იმას, ვინც ტკივილი მოგაყენა, რაღაც ფორმით ატკინო.
ბრაზის გამოსათქმელად ადამიანები არ იყენებენ სიტყვებს, რომელიც ყურს სიამოვნებს და გულს უხარია. როდესაც ეს იკრძალება, როდესაც ამის გამო ადამიანებს აჯარიმებენ და აპატიმრებენ, ბრაზს ბრაზი ემატება. მერე ხდება ის, როდესაც ემოციები ცნობიერების კონტროლიდან გადის და ბრაზი სრულიად უკონტროლოდ შეიძლება ამოიფრქვას, რაც არ მოიტანს იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს. ეს აუცილებლად მივა იქამდე, რაც მას ბევრად მეტ პრობლემებს შეუქმნის.
კაცობრიობის ისტორია გვეუბნება, რომ საკუთარ მოსახლეობასთან „ცივ ომში“ ძალაუფლების მანიით შეპყრობილი ავტორიტარები და დიქტატორები არიან. შემდეგ უმეტესწილად ეს „ცივი ომი“ ცხელ ომში გადადის, რაც დიქტატორების ძალიან ცუდი დასასრულით მთავრდება ხოლმე. ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ შეცდომებს ვერ აცნობიერებს, რომლის არც ერთი ნაბიჯი ხალხის ინტერესების დაცვისკენ მიმართული არ არის, ვერ გამოდიან იმ სპირალიდან, რომელშიც შევიდნენ. ასეა - სპირალმა ჩათრევა იცის და ვეღარ გამოდიან“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
რაც შეეხება გასულ კვირას, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მომხდარ ჩხუბს, ანალიტიკოსის შეფასებით, აღნიშნულმა “ქართული ოცნების“ სისუსტე გამოაჩინა, მიუხედავად იმისა, რომ “კარგად იქნევდნენ მუშტებს“. მისი თქმით, ძალადობა “ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ ექსკლუზივად გამოაცხადა, როცა ძალადობს პოლიცია, ძალადობენ სპეცრაზმელები, ძალადობენ ხალხის რჩეულები, ხოლო სასამართლო დარბაზებში - მოსამართლეები, როცა ადამიანებს თავისუფლებას ცრუ მოწმის ჩვენების საფუძველზე აღუკვეთავენ.
“ქართული ოცნება“ ცდილობს გვითხრას, რომ ძალადობაზე ექსკლუზივი აქვს და სხვას ძალადობის უფლებას არ მისცემს. ასე ხდება იმიტომ, რომ მათ ზუსტად იციან, რომ ის, ვინც ძალადობს, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად გახდება. მათი ქვეცნობიერი ყოველწუთიერად ამაზე ლაპარაკობს და შიშის გამო უარესს სისულელეს სჩადიან. ჩემი მოგონილი არ არის, რომ „რომელ მახვილსაც აიღებ, იმავე მახვილით განიგმირები“. ეს არის საკაცობრიო სიბრძნე და ამ პრინციპზეა აგებული სამყაროში ბალანსი. ამიტომ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ რომელ მახვილსაც აიღებენ, იმით განიგმირებიან“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
ჯეჯელავამ ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟის, ცოტნე ივანიშვილის "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციებში მონაწილეობაც შეაფასა და ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ “საჯარო საქმიანობის სიცრუით დაწყება კარგი არ არის“.
“თუ ცოტნე ივანიშვილს საჯარო პოლიტიკაში გეგმები არა აქვს, მაშ, რას დადის რეგიონიდან რეგიონში და რაზე ესაუბრება ახალგაზრდებს?! - გაუგებარია! რა რასაკვირველია, ივანიშვილის შვილებთან არავითარი პრეტენზია არავის არ შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ რატომ შეიძლება ვაკეთებდეთ მის განცხადებებზე კომენტარებს? - უფლისწულია თუ პოლიტიკაში არ შემოდის?! პრინცია და პრინცის განცხადებები აუცილებლად ხვდება მედიის სიუჟეტებში? ცოტა დაბნეული ვარ!
ბიძინა ივანიშვილი მისი არასწორი პოლიტიკის გამო ძალიან დიდი შარშია და თუ საკუთარ შვილებსაც არ შეუქმნის პრობლემას, ბევრად უკეთესი იქნება. მე ცოტნე ივანიშვილს უფლისწულად არ ვცნობ და მის მიმართ ინტერესი არა მაქვს. როცა ის პარლამენტში ჩხუბზე საუბრობდა, მოწინავე ქვეყნები დაასახელა. მინდა ვუთხრა, რომ იმის გამო, რომ ჩვენც გვინდა მოწინავე ქვეყანა ვიყოთ, მამამისმა ნახევარი საქართველო ციხეში გაუშვა ან დააყადაღა. თუ ცოტნეს რაღაცები აწუხებს, ეგებ, ეს წუხილები ჯერ ოჯახში გამოთქვას და მერე გაუზიაროს მედიას მოსაზრებები საკუთარი წუხილების შესახებ. პირველი მიზეზი იმისა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ცოტნეს ოჯახშია!
როგორც ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, ჩვენი მშვიდობის და სუვერენიტეტის გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი - ვის რაში სჭირდება სახელმწიფო, სადაც მშვიდობის და სუვერენიტეტის გარანტი არის ერთი ადამიანი. ჩვენ გარანტად გვჭირდება სახელმწიფო ინსტიტუციები და არა ბიძინა ივანიშვილი!“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
“პალიტრანიუსის“ სტუმარმა პატიმრობაში მყოფი “დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერიპეტიებიც შეაფასა. ჯეჯელავას აზრით, საკითხის მიმართ საზოგადოების ნაკლები ინტერესი რომ გამოეჩინა, ხოშტარიას კლინიკაში არ გადაიყვანდნენ.
“ხელისუფლება საკუთარი ნებით აცხადებს, რომ არის იმ სახელმწიფოების მეგობარია, არის იმ სახელმწიფოების კლუბში, სადაც ადამიანი ღირებულება არ არის და არის საშუალება. ასეთია ავტორიტარული რეჟიმები. ჩვენი ხელისუფლების ფლირტი ავტორიტარულ რეჟიმებთან არავისთვის დაფარული არ არის. შესაბამისად, ესენი ბუნებით ერთნაირი ხელისუფლებები არიან - რასაკვირველია, მეტ-ნაკლები შესაძლებლობებითა და მასშტაბებით.
კარგი, რომ ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაჰყავთ და იქ მიეცემა სრულყოფილი კვლევების ჩატარების და მკურნალობის შესაძლებლობა. ცუდია, რომ საზოგადოებას ამის ბრძოლით მოპოვება სჭირდება. ხელისუფლება საზოგადოება ტესტავდა და როდესაც ნახა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელების მდგომარეობის მიმართ საზოგადოებას მაღალი მგრძნობელობა აღმოაჩნდა და მზად იყო ხელისუფლებაზე გარკვეული პრესინგით საკითხი ბოლომდე მიეყვანა, ხელისუფლება მიხვდა, რომ უკან უნდა დაეხიათ. საკითხის მიმართ საზოგადოების ნაკლები ინტერესი რომ აღმოჩენილიყო, ხოშტარია კლინიკაში ნამდვილად არ იქნებოდა გადაყვანილი.
ჩვენ ვნახეთ, რომ კლინიკა “ვივამედი“ პოზიციონირებს როგორც სისტემის ნაწილი, მაგრამ აქ კარგი ისაა, რომ მკურნალობის პროცესში ელენე ხოშტარიას ექიმები იქნებიან ჩართული და მონიტორინგის შესაძლებლობა ექნებათ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამ თვალსაზრისით ხელისუფლებას პრობლემების შექმნის შესაძლებლობა აღარ ექნება“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.