საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე  AI ჰაკათონი - BrainHack-AI 2026 ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს - „BrainHack-AI 2026“, უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და ემოციებით სავსე 8-საათიან მარათონში ერთმანეთს ქართული უნივერსიტეტების გუნდები და ინდივიდუალური მონაწილეები ეჯიბრებოდნენ. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა რეალურ გამოწვევებზე დაფუძნებული AI-ამოცანები გადაჭრეს, წარმოადგინეს ინოვაციური იდეები და საკუთარი ტექნიკური ცოდნა, კრეატიულობა და გუნდური მუშაობის უნარები გამოავლინეს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, „BrainHack-AI 2026“-ში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სტუდენტები.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, ჰაკათონი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, სადაც მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, სტუდენტებმა ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობები პრაქტიკაში გამოსცადეს და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნაში მიიღეს მონაწილეობა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს იმ საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომელიც სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. BrainHack-AI 2026 სწორედ ასეთი პროექტია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქართველოში მაღალი აკადემიური და პროფესიული პოტენციალი არსებობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჰაკათონმა ერთ სივრცეში გააერთიანა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რაც ცოდნის გაზიარებას, გამოცდილების გაცვლასა და ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

დღევანდელი შედეგები გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ახალგაზრდები მზად არიან თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის და საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდასაქმნელად. ვულოცავ ყველა მონაწილეს, გამარჯვებულებს, მენტორებსა და ორგანიზატორებს წარმატებულ ჰაკათონს. დარწმუნებული ვარ, BrainHack-AI მომავალში იქცევა პლატფორმად, სადაც დაიბადება ახალი იდეები, ძლიერი გუნდები და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჰაკათონებს 2022 წლიდან ატარებს. პირველი მასშტაბური ღონისძიება - „ჰაკათონი 2022 - IOT“ - უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა. მას შემდეგ ფაკულტეტი თანმიმდევრულად ავითარებს სტუდენტებზე ორიენტირებულ პრაქტიკულ ინიციატივებს, ხოლო BrainHack-AI 2026 ამ ტრადიციის თანამედროვე გაგრძელებაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ახალგაზრდა ინოვატორებს აერთიანებს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჰაკათონში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები. ასეთ ფორმატში თანამშრომლობა ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კონტაქტების გაღრმავებას და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას. რვასაათიანი ინტენსიური მუშაობის განმავლობაში მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო და პრაქტიკულად ღირებული გადაწყვეტილებები, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოში იზრდება ახალგაზრდა პროფესიონალების ახალი თაობა, რომელსაც შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების წარმატებით დაძლევა. მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს, მენტორს, ჟიურის წევრებსა და პარტნიორებს. გამარჯვებულებს ვულოცავ და მონაწილეებს წარმატებებს ვუსურვებ“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.

სტუ-ის ინფორმაციით, BrainHack-AI 2026-ის გამარჯვებულები გახდნენ: I ადგილი — დავით ტაკიძე (GTU); II ადგილი - გუნდი „არიქა“ - ბაჩო მირზაშვილი, ნიკა ფარსადანაშვილი, ემილ კირაკოსიანი (BTU); III ადგილი - გუნდი „ოჩოპინტრე“ - ლუკა გულვერდაშვილი, გიორგი ყაზიშვილი, გიგი გიორგაძე, დუდა ელბაქიძე, ნიკოლოზ დვალიშვილი (GAU). კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტს ლუკა ფირცხალავას ნიკო ლომინაძის სახელობის პრიზი გადაეცა, კომპანია „სოფტ მასტერ ტრეიდის“ რჩეულები კი გახდნენ: გუნდი „Foxhound“ (გიორგი შაკიაშვილი და თედო ჯანაშია) და სტუ-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი გიორგი ხვიჩია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო