არანაირ კავშირში არ არის დეპუტატის იმუნიტეტი. როდესაც ხდება ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირებზე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებზე, ეს ითვალისწინებს საქმის დაუყოვნებლივ აღძრას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ, პარტიის წევრებთან ერთად, პროკურატურასთან განაცხადა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები უწყებას წერილობით მიმართავენ, რომ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყოს.
შარაშიძის თქმით, პროკურატურა ვალდებული იყო, დაეწყო გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე, თუმცა რადგან ეს ასე არ მოხდა, თავად გადაწყვიტეს წერილობით მიმართონ.
„ეს იყო სისტემური დანაშაულის გამოვლინება და ჯგუფური თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული. ამის კადრებიც არსებობს, ძალიან მარტივია მისი გაშიფვრა და დადგენა. 4 დღეა ამ დანაშაულიდან გასული. კადრები ხელმისაწვდომია საჯაროდ, მედიასივრცეში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. პროკურატურა და გენერალური პროკურორი ვალდებულები იყვნენ დაეწყოთ ამაზე გამოძიება და ამას არ სჭირდებოდა ჩვენი წერილობითი მიმართვა. ჩვენ მაინც გვქონდა გარკვეული მოლოდინი, რომ გამოძიებას დაიწყებდნენ, მაგრამ რადგან ვნახეთ, რომ დღემდე არ არის არანაირი რეაგირება, ამიტომ დღეს უკვე წერილობითაც მივმართავთ პროკურატურას, რომ ამ საქმეზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.
არანაირ კავშირში არ არის დეპუტატის იმუნიტეტი, როდესაც ხდება ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირებზე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებზე. ეს ითვალისწინებს საქმის დაუყოვნებლივ აღძვრას. თავად „ოცნების“ მიერ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებულ, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებათა შემზღუდავი კანონების პაკეტში შედის ესეც. თავის დროზე საკუთარი თავის გადასარჩენად დაამძიმეს მუხლი, მათ შორის არჩილ გორდულაძემ, რომელიც იყო ამ კანონპროექტის ავტორი, რომლის მიხედვითაც, თავდასხმა და ძალადობა უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირზე გაცილებით მკაცრ სასჯელს ანუ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს დანაშაული მათ თავად ჩაიდინეს და მთელმა ქვეყანამ და მსოფლიომ ნახა, რომ ისინი ამ დანაშაულის ორგანიზატორები იყვნენ. ყველაფერი კარგად ჩანს კადრებში.
უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ჩვენ დღეს ბრძოლა შევწყვიტოთ, როცა მზია ამაღლობელი სილის გაწვნის და მრავალშვილიანი დედა, ელენე ხოშტარია ბანერზე წარწერის გაკეთების გამო იხდის სასჯელს. ამ მდგომარეობაში ეს მოძალადეები, რომლებიც იმ დროს, როდესაც უბრალოდ არგუმენტი აღარ აქვთ, გადადიან ძალადობაზე. პარლამენტი იყო ერთადერთი სივრცე, სადაც ჯერჯერობით კიდევ იყო თავისუფალი და მეტ-ნაკლებად, ჯანსაღი ტიპის დებატების გარემო, მაგრამ მათ აქაც კი იძალადეს, რადგან არგუმენტი არ ჰქონდათ ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა შარაშიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ჯგუფის წევრების განცხადებას, რომლებიც ამ საკითხზე საქმის გამოძიების საჭიროებას ვერ ხედავენ.
„გამოძიების საჭიროებას, რომ ვერ ხედავენ, სწორედ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ თავად „ოცნება“ არის სისტემურად მოძალადე. თქვენ როგორ ფიქრობთ, გორის ინციდენტსა და პარლამენტში მომხდარს შორის რაიმე განსხვავებაა? სისტემურობის მთავარი დამადასტურებელი მაშინ გორშიც ის იყო და პირდაპირ ვამბობდით, რომ როგორ შეიძლება 10-12 პოლიციელში ერთიც არ აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც ამას გააჩერებს და იტყვის, რომ ეს არის დაუშვებელი. რა თქმა უნდა, ეს იყო სისტემური დანაშაული და „ოცნება“ თავად ადასტურებს იმას, რომ მათთვის სისტემური ძალადობა დღეს არის ერთადერთი ბერკეტი, რის ხარჯზეც ის ინარჩუნებს ძალაუფლებას. ჩვენ ვხედავთ ქუჩაში მოძალადე „ზონდერებსა“ და პოლიციელებს, რომლებიც ძალადობენ ადამიანებზე დაკავების მანქანებსა და საპოლიციო შენობებში. ახლა უკვე ვხედავთ მოძალადე პარლამენტარებსა და პოლიტიკოსებს, მათ შორის სპორტსმენებს, რომლებიც ძალადობენ პოლიტიკოსებზე“, - განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.
სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას, სადაც მან ახსენა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი და პრემიერის მისამართით განაცხადა: „მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში. როგორი პრემიერი არ ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ჰყოლია“.
სხდომათა დარბაზში დაპირისპირება ჯერ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ დეპუტატს, გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძის ჩხუბით დაიწყო. დაპირისპირებაში შემდეგ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ლაშა ტალახაძეც ჩაერთო, რომელმაც გიგა ფარულავას თავის არეში ხელი ჩაარტყა. ვითარების განმუხტვის მიზნით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს, რა დროსაც გიგა ფარულავას არჩილ გორდულაძე დაუპირისპირდა. დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა გენო პეტრიაშვილი. ჩხუბში მონაწილე დეპუტატების დარბაზიდან გაყვანის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი შარაშიძეს, ირაკლი კირცხალია და ლევან მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ.