კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ - საგანმანათლებლო კვირეული გაიმართება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ - საგანმანათლებლო კვირეული გაიმართება.

კერძოდ, უნივერსიტეტის ინორმაციით, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (16 ივლისი), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი AI-სადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებების სერიაზე - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ გამართავს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კვირეული 3-16 ივლისის პერიოდში ჩატარდება.

ღონისძიებათა სერიის ფარგლებში გაიმართება:

საჯარო ლექციები;

პრაქტიკული ტრენინგები და ვორქშოპები;

კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია.

საგანმანათლებლო ღონისძიებები განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის, სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა ხელოვნური ინტელექტის შესახებ და პრაქტიკაში გაეცნოს მის შესაძლებლობებს.

ღონისძიებათა განრიგი:

3 ივლისი, 14:00, აუდიტორია 101

თემა: „კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია“;

მომხსენებელი: თეა თოდუა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) წევრი.

6 ივლისი, 14:00, აუდიტორია 505

თემა: „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში“;

ტრენინგი განკუთვნილია აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის;

მომხსენებელი: მზია კიკნაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ეს არის პრაქტიკული ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა (AI) და დიდი ენობრივი მოდელების (LLM) ეფექტიან ინტეგრაციას აკადემიურ საქმიანობაში. მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე პლატფორმებს ტექსტის, პრეზენტაციების და ვიზუალური მასალის გენერირებისთვის, ასევე ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის ავტომატიზებულ მეთოდებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეფექტიანი პრომპტინგის სტრატეგიებს - როგორ დავუსვათ AI-ს სწორი დავალებები მაქსიმალურად ხარისხიანი შედეგების მისაღებად.

ტრენინგზე ასევე განხილული იქნება აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხები, მათ შორის AI-ის გამოყენების ეთიკური ჩარჩოები კვლევებში და პლაგიატის პრევენციის თანამედროვე მიდგომები. დამატებით, მონაწილეები გაეცნობიან AI-დეტექტორების ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მათ რეალურ შეზღუდვებს, რაც მნიშვნელოვანია აკადემიურ სივრცეში ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი გამოყენებისთვის.

8 ივლისი, 14:00, აუდიტორია 401

თემა: „Big Data და AI: ციფრული ეპოქის მამოძრავებელი ძალა“;

საჯარო ლექცია განკუთვნილია ფართო საზოგადოებისთვის;

მომხსენებელი: გულნარა ჯანელიძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;

მსოფლიო მონაცემების 90% სრული ქაოსია! ძველი, ტრადიციული Excel-ის ცხრილები და SQL ბაზები ამ ტალღას ვეღარ უმკლავდებიან. სწორედ ამ ქაოსში იბადება Big Data და ხელოვნური ინტელექტის (AI) ტანდემი.

ლექციაზე განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:

მონაცემთა ანატომია: როგორ მივყავართ არასტრუქტურირებულ ქაოსს Big Data-მდე;

რეალური სამედიცინო ქეისი: როგორ კითხულობს AI ავადმყოფის ისტორიას, აქცევს მას კოდად და სვამს ზუსტ დიაგნოზს გაცილებით სწრაფად;

მონაცემთა საცავი (Warehouse), მონაცემთა ტბა (Data Lake) და მანქანური სწავლება (Machine Learning, ML);

გლობალური ამოცანები, რომლებსაც Big Data და ML წყვეტს.

მონაცემთა მეცნიერება (Big Data & AI) აღარ არის უბრალოდ მშრალი სტატისტიკა, ეს არის გადარჩენილი სიცოცხლეები და შეცვლილი მომავალი!

9 ივლისი, 14:00, აუდიტორია 101

თემა: „AI & მეწარმეობა: კომპეტენციების ახალი პარადიგმა“

საჯარო ლექცია განკუთვნილია ფართო საზოგადოებისთვის;

მომხსენებელი: ია ნადირაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი;

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: რომელი უნარები დარჩება ღირებული მაშინ, როდესაც AI ბევრ პროფესიულ ამოცანას ადამიანზე ეფექტიანად ასრულებს?

თუ ტექნიკური ცოდნა სწრაფად იცვლება და ავტომატიზაცია ყოველდღიურად ახალ სფეროებს იპყრობს, რა იქნება ის კომპეტენცია, რომელიც მომავალშიც კონკურენტულ უპირატესობას მოგვცემს?

ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ ხდება სამეწარმეო აზროვნება, კრეატიულობა, ინიციატივიანობა, პრობლემების გადაჭრის უნარი და შესაძლებლობების დანახვა XXI საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი კომპეტენციები.

რატომ ვერ ჩაანაცვლებს AI სრულად სამეწარმეო აზროვნებას?

როგორ გვიცავს სამეწარმეო კომპეტენციები ავტომატიზაციის რისკებისგან?

რატომ აღარ არის მეწარმეობა მხოლოდ ბიზნესის დაწყება და როგორ იქცა ის პრობლემების გადაჭრის უნივერსალურ მეთოდად?

როგორ შეიძლება AI-ის გამოყენება იდეების გენერირებისთვის, ინოვაციების შესაქმნელად და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად?

რა უნარებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი დღეს, რათა ხვალ წარმატებულები ვიყოთ?

ლექცია განკუთვნილია სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, სტარტაპერებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ უნდა განვითარდეს და შექმნას ღირებულება იმ სამყაროში, სადაც ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

მომავლის ეკონომიკაში გამარჯვებულები არ იქნებიან ისინი, ვინც მხოლოდ AI-ს იყენებენ. გამარჯვებულები იქნებიან ისინი, ვინც AI-ის დახმარებით უკეთ ხედავენ შესაძლებლობებს, ქმნიან ინოვაციებს და წყვეტენ რეალურ პრობლემებს.

10 ივლისი, 14:00, აუდიტორია 505

თემა: „AI აგენტები და ციფრული სამუშაო ძალა: მომავლის სამუშაო გარემო დღეს“;

ვორქშოპი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, პროფესიონალებისთვის, მეწარმეებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს გაიგოს, როგორ აქციოს ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ საქმიანობაში რეალურ დამხმარე ინსტრუმენტად;

მომხსენებელი: გიორგი კაკაშვილი - ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;

გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა გაგიმარტივოთ მუშაობა, დაზოგოთ დრო და ყოველდღიური ამოცანები ავტომატურად შეასრულოთ?

გიწვევთ ვორქშოპზე, სადაც მარტივ და პრაქტიკულ მაგალითებზე გაჩვენებთ, როგორ გამოიყენება თანამედროვე AI აგენტები სამუშაო პროცესების გასამარტივებლად, ციფრული სამუშაო ნაკადების (workflows) შესაქმნელად და პროდუქტიულობის გასაზრდელად.

13 ივლისი, 14:00, აუდიტორია 401

თემა: „ხელოვნური ინტელექტი იურიდიულ განათლებასა და პრაქტიკაში“

მომხსენებელი: გიორგი ხატიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი;

ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შესაძლებელი გახადა მისი დანერგვა და აქტიური გამოყენება როგორც იურიდიულ განათლებაში, ისე იურიდიულ პრაქტიკაში. იურიდიულ განათლებაში, ხელოვნური ინტელექტით მართული ინსტრუმენტები რეალურ მხარდაჭერას წარმოადგენს იურიდიული კვლევების, პერსონალიზებული სწავლების და ინტელექტუალური რეპეტიტორობის მიმართულებით. თუმცა, ამავდროულად ქმნის რიგ გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება ტექნოლოგიაზე გადაჭარბებულ დამოკიდებულებას, კრიტიკული იურიდიული მსჯელობის უნარების განვითარების შენელებასა და სხვა საკითხებს. ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება იურიდიულ პრაქტიკაშიც, რაც რეალური მხარდაჭერაა პრაქტიკოსი იურისტებისთვის. თუმცა, აქაც გვხვდება გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ეთიკურ და იურიდიულ საკითხებს. ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მაჩვენებელი საკმაოდ მზარდია. რამდენადაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად ინტეგრირდება იურიდიულ პროფესიაში, იურისტებმა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა უნდა განავითარონ ტექნოლოგიური კომპეტენციები ეთიკური სტანდარტების, დამოუკიდებელი განსჯის და პროფესიული ანგარიშვალდებულების შენარჩუნებით. იურიდიული სწავლებისა და იურიდიული პროფესიის მომავალი დამოკიდებული იქნება ადამიანის ინტელექტსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის დაბალანსებულ მიდგომაზე.

14 ივლისი, 14:00, აუდიტორია 401

თემა: „AI და მდგრადი განვითარების გამოწვევები“;

საჯარო ლექცია განკუთვნილია ფართო საზოგადოებისთვის;

მომხსენებელი: ქეთევან ნანობაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი დღეს განსაზღვრავს ეკონომიკის, განათლებისა და ყოველდღიური ცხოვრების განვითარების ტემპს, თუმცა ამ პროგრესს თან ახლავს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური და სოციალური გამოწვევებიც.

საჯარო ლექციაზე განვიხილავთ, როგორ იზრდება მონაცემთა ცენტრებისა და გენერაციული AI-ის ენერგეტიკული კვალი და რა გავლენას ახდენს ეს კლიმატურ პროცესებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ასევე ელექტრონული ნარჩენების, ციფრული უთანასწორობისა და ტექნოლოგიური განვითარების ეთიკურ ასპექტებს.

ლექცია შეეხება „მწვანე IT“-ის თანამედროვე კონცეფციებსა და იმ ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის გარემოსთან ბალანსს უზრუნველყოფს.

15 ივლისი, 14:00, აუდიტორია 505

თემა: „მარტივი AI ჩატბოტის აგება“;

ვორქშოპი განკუთვნილია ფართო საზოგადოებისთვის;

მომხსენებელი: სოფიო ბარნოვი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ჩატარდება პრაქტიკული ვორქშოპი, სადაც მონაწილეები გაიგებენ რა არის ჩატბოტი და როგორ შეიძლება მისი შექმნა.

ჩატბოტი არის პროგრამა, რომელიც მომხმარებლის კითხვებს პასუხობს. მომხმარებელი წერს კითხვას, ჩატბოტი კი კითხულობს ტექსტს, ამოიცნობს მნიშვნელოვან სიტყვებს და პასუხს აბრუნებს. ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეები ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნიან მარტივ ჩატბოტს, რომელსაც სხვადასხვა კითხვაზე პასუხის გაცემა შეეძლება.

ვორქშოპი გათვლილია დამწყებთათვის და წინასწარი ცოდნა საჭირო არ არის. შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილე დაინახავს, როგორ მუშაობს ჩატბოტი და როგორ შეიძლება მისი შემდგომი განვითარება.

16 ივლისი - კვირეულის დახურვა

კვირეულის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი;

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/8SINW.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა