გიგა ლემონჯავა - ხამენეის დაკრძალვაზე ყაველაშვილის გაგზავნა გზავნილია, რომ „ოცნება“ ირანული გავლენის ქსელების ნეიტრალიზაციას არ აპირებს - ეს რეჟიმი არის დასამხობი და არ ვაპირებ ვაკონტროლო ლექსიკონი და უარი ვთქვა იმაზე, რისი თქმის უფლებაც მაქვს!

აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ყაველაშვილის გაგზავნა პირდაპირი გზავნილია აშშ-ისთვის, რომ არათუ ირანული მავნე გავლენის ქსელების ნეიტრალიზაციას უზრუნველვყოფთ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ პირიქით, ადგება და ჩვენი კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი პირველი პირი, ე.წ. პრეზიდენტი წავა დაკრძალვაზე - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ყოფილი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.

როგორც მან აღნიშნა, ეს ქმედება ამერიკელებში გაამყარებს რწმენას, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არათუ მოლაპარაკება შეუძლებელია, პირიქით, ნებისმიერი მოლაპარაკების ახალი რაუნდი ზრდის მათ მადას, ზრდის მათი თავხედობის ხარისხს“.

„აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ყაველაშვილის გამგზავრება უნდა განვიხილოთ არა როგორც ცალკე აღებული ფაქტი, არამედ როგორც სურათის ნაწილი. დიდი სურათი გამოიყურება ასე: საქართველოში, განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონში, ირანის მავნე გავლენის ქსელი ფართოვდება და ძლიერდება. ჩვენ ვხედავთ მუდმივად სხვადასხვა შეკრებებზე, რელიგიურ რიტუალებსა თუ სამოქალაქო შეკრებებზე ტერორისტული სიმბოლოების განდიდებას. მათ შორისაა აიათოლა ალი ხამენეის ფოტოები, ყასემ სოლეიმანის ფოტოები, ჰესბოლას ყოფილი გენერალური მდივნის, ჰასან ნასრალას ფოტოები. ეს ხდება საქართველოში და ეს გულისხმობს როგორც იდეოლოგიურ, ასევე პოლიტიკურ და ოპერატიულ დონეზე ირანის მავლე გავლენის ქსელის რაც შეიძლება გაფართოებას საქართველოში.

საქართველოს ე.წ. ხელისუფლება არის კრემლის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ირანის ტერორისტული რეჟიმის სატელიტი. ეს არის დიდი სურათი. ამ სურათში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო ე.წ. პრემიერ-მინისტრის, კობახიძის ვიზიტი თეირანში, ისიც ესწრებოდა დაკრძალვას. იმყოფებოდა დარბაზში, სადაც ყვიროდნენ „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“. იქ იყო კობახიძე და მის გვერდით იდგნენ ტერორისტები, რომელთა ნაწილიც ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად არაა ცოცხალი. ასე დაიწყო ეს ყველაფერი. ამ სურათში უნდა წარმოვიდგინოთ ე.წ. პრეზიდენტის, ყაველაშვილის ვიზიტი თეირანში, აიათოლა ალი ხამენეის, საკუთარი ხალხის მტანჯველის და ტერორისტული რეჟიმის სახე- ხატის დაკრძალვაზე.

რაც შეეხება საუბარს ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე, დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს გააჩნია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთანაც, შეერთებულ შტატებთანაც. მათთან როგორია „ქართული ოცნების“ რიტორიკა და ქმედებები, ამას კარგად ვხედავთ. ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობები გაქვს ქვეყანასთან, არ განაპირობებს იმას, რომ პირველი პირის დონეზე უნდა იყო წარმოდგენილი ტერორისტის დაკრძალვაზე. ისინი იშველიებენ არგუმენტს, რომ მეზობელი ქვეყნის ლიდერებიც შესაძლოა ჩავიდნენ თეირანში. ჩვენ არ ვიცით, რა დონეზე იქნება ეს ვიზიტები მეზობელი ქვეყნებიდან, იქნებიან პირველი პირები თუ არა. მათ არ აქვთ ის გამოწვევები ქვეყნის შიგნით, რაც ჩვენ. მათი ხელისუფლებები, სომხეთისა და აზერბაიჯანის, არ უშვებს ირანის მავნე გავლენის ქსელის გაფართოებასა და გაძლიერებას საკუთარ ტერიტორიაზე. ეს ორი ქვეყანა და მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ არის ირანის ტერორისტული რეჟიმის სატელიტი. ამიტომ მათ მოქმედებების თავისუფლება აქვთ.

საქართველოს კონტექსტი არის პრინციპულად განსხვავებული. საქართველო შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნებისგან იზოლაციაშია, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“. ის დაახლოებულია ირანის ტერორისტულ რეჟიმთან, ჩინეთის კომპარტიასთან და კრემლთან. როდესაც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია და დელეგაციის ვიზიტის შემდეგ გავრცელდა სპეციალური განცხადება, პირდაპირ ეწერა, რომ საქართველოსთან შეერთებული შტატების მიერ ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებელი წინაპირობა არის მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მავნე გავლენის ქსელების ნეიტრალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, მათ შორის, ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელის ნეიტრალიზაციასაც. ამერიკელების ერთ-ერთი წინაპირობა „ქართული ოცნებისთვის“ იმისთვის, რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს, არის მათ შორის, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ამერიკული და ზოგადად, დასავლური, ევროპული კომპანიების ჩართულობა. დღეს ანაკლიის პორტი ხელში აქვს ჩაგდებული რუსულ -ჩინურ კონგლომერატს და ბუნებრივია, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესს და ასევე, აშშ-ის ინტერესს რეგიონში.

აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ყაველაშვილის გაგზავნა პირდაპირი გზავნილია აშშ-ისთვის, რომ არათუ ირანული მავნე გავლენის ქსელების ნეიტრალიზაციას უზრუნველვყოფთ საქართველოს ტერიტორიაზე და ირანის ტერორისტული რეჟიმის გავლენას შევამცირებთ, არამედ პირიქით, ადგება და ჩვენი კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი პირველი პირი, ყაველაშვილი, ე.წ. პრეზიდენტი წავა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე.

მე არ ვიცი, ამას საჯარო რეაქცია მოჰყვება თუ არა ამერიკული მხრიდან, მაგრამ ბუნებრივია, ამერიკელებში გამყარდება რწმენა იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არათუ მოლაპარაკება შეუძლებელია, პირიქით, ნებისმიერი მოლაპარაკების ახალი რაუნდი ზრდის მათ მადას, ზრდის მათი თავხედობის ხარისხს და საბოლოოდ ჩამოაყალიბებს შეერთებულ შტატებში პოზიციას იმის შესახებ, როგორ უნდა ეკონტაქტონ ივანიშვილის რეჟიმს. ამერიკელები კიდევ უფრო კარგად დაინახავენ, რომ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესის განხორციელება ამ ქვეყნის ტერიტორიასა და რეგიონში და შესაბამისად, შეერთებული შტატების ინტერესების განხორციელებაც ამ რეგიონში, აუცილებლად საჭიროებს ივანიშვილის რეჟიმის მოშორებას დე-ფაქტო ხელისუფლებიდან“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, გადაცემაში სტუმრობისას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მათი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემაზეც ისაუბრა, ასევე, ის გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის შეფასებას, რომ “რევოლუციონერობას ტირილი და კვნესა არ უნდა ახლდეს თან“. როგორც ლემონჯავამ განაცხადა, რუსული სისტემისთვის არის დამახასიათებელი, როცა ექიმი პაციენტების ჯანმრთელობას დასცინის.

„ეს ქალი არის ექიმი, რომელიც აგდებულად საუბრობს ადამიანების ჯანმრთელობაზე. როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის რუსული სისტემა, ზუსტად ამას ვგულისხმობთ. ეს ეხება არამხოლოდ ე.წ. პოლიტიკური თანამდებობის პირებს ან მოძალადე ძალოვნებს, ეს ეხება მისი სისტემის ყველა შრეს. მათ შორის, ამ ჯალათ ე.წ. ექიმებსაც. როგორ შეიძლება ექიმი იყოს ადამიანი, რომელიც სხვის ჯანმრთელობაზე საუბრობს აგდებულად. მე არ მიკვირს. მე აბსოლუტურად გააზრებული მაქვს, რა ტიპის სისტემასთან გვაქვს საქმე. ეს არის აბსოლუტური ბოროტება, გარყვნილი, გახრწნილი სისტემა. მათ შორის გახრწნილი ადამიანებით, რომელთათვისაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფერს ნიშნავს. საკუთარ თავს უწოდებენ ექიმს და პაციენტების ჯანმრთელობას დასცინიან“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან ისაუბრა, ე.წ. „საბოტაჟის საქმეა“, რომელზეც არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ბრალდებული. მისი თქმით, ეს არის ოპოზიციაზე შეტევის ახალი ტალღა.

„ამ სპექტაკლის ამოცანაა, რომ გატეხოს პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“. ჩვენს მეგობრებს ეუბნებიან, რომ 7-8 თვით კი არ წახვალთ ციხეში, წახვალთ 4 წლით. ელენეს, ზურას და გიორგი ვაშაძეს აქვთ 7-იდან 15 წლამდე მუხლიც. ეს არის ოპოზიციაზე შეტევის ახალი ტალღა. მე ამის საპასუხოდ მინდა მკაფიოდ ვუთხრა რეჟიმს: „კოალიციამ ცვლილებისთვის“ გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც ოთხივე ლიდერი იჯდა ციხეში. თუმცა არცერთი წამით ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის არ შეგვიჩერებია. „კოალიცია ცვლილებისთვის“ არ არის საარჩევნო პროექტი ან მერკანტილური ამოცანების გარშემო შეკრებილი ადამიანების ჯგუფი. ეს არის გააზრებული ერთიანობა საქართველოს თავისუფლებისთვის, ცვლილების მისაღწევად და ის ადამიანები, რომლებიც პარტია „დროაში“ არიან, ან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმოადგენენ, ამ ბრძოლის გაჩერებას არ აპირებენ. არ ვაპირებთ! არ არსებობს ზეწოლის მექანიზმი, რომლითაც ჩვენს ბრძოლას ესენი გააჩერებენ. ჩვენც რომ დაგვიჭირონ, სხვები ადგებიან, აიღებენ ამ ბრძოლის დროშას და სხვები გააგრძელებენ. ამ ბრძოლას აქვს ერთადერთი ბოლო, ეს არის რეჟიმის დამხობა, რეჟიმის ჩამოშლა და საქართველოს გამარჯვება. სიმართლე არის ეს. ვფიქრობ, ივანიშვილს მოუწევს ამ სიმართლეს თვალი გაუსწოროს. ვერავითარი ეს რუსული რეჟიმი საქართველოში პროტესტის შეჩერებას ვერ შეძლებს.

არ ვაპირებ, სიტყვა „დამხობის“ გამოყენებისთვის, ციხეში რომ სხვები აღმოჩნდნენ, ვაკონტროლო საკუთარი ლექსიკონი და უარი ვთქვა იმის თქმაზე, რისი თქმის უფლებაც მაქვს. ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი და ჩამოსამხობი, ეს არის ფაქტი. ეს არის რეჟიმი, რომელმაც მარტო ნოემბერ-დეკემბრის დღეებში 500-ზე მეტი ახალგაზრდა აწამა პოლიციის „მინივენებში“. ქიმიური იარაღით მოწამლა საკუთარი ხალხი. ახლა ციხეში ხალხს აწამებს, ჯანდაცვის სერვისებს არ აწვდის. რომელმაც საქართველო ჩამოაშორა ევროპულ გზას. დაუმონა ეს ქვეყანა რუსეთს, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და ირანს და ამის მერე თუ ვინმეს უნდა, რომ ეთერში არ ვთქვათ, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არ გამოვა ასე. დასამხობია, კი!“ - განაცხადა ლემონჯავამ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა