მამუკა მდინარაძე გახარიას პარტიაზე - პროკურატურაში განცხადებაა შესული: თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთ გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროსო - დედის გინება თუ მათი სამსახურია, თქვან

პროკურატურაში განცხადებაა შესული: სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთ გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროსო - ანუ, დედის გინება თუ მათი სამსახურია, თქვან. როგორც ჩანს, ერთი იურისტი არ ჰყავთ გარშემო, უთხრას, რომ არ შეიძლება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პირველი „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ მოიქნია დასარტყმელად ხელი და პირველი მან შეიგინა.

„რა თქმა უნდა, ჩხუბი კარგი სანახავი არასდროს არის. ნორმალური და საღი გონების ადამიანი არ არსებობს, რომელსაც ჩხუბის ნახვა სიამოვნებს. ამ დღეების განმავლობაში მუდმივ სპეკულაციებს ვხედავთ ამასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო ფაქტის შესახებ მინდა რომ ხაზგასმა გავაკეთო - თუ გაგიგიათ მსოფლიოში პრეცედენტი, რომ გამოძიება დაწყებულიყოს პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამო? თუ, რა თქმა უნდა, სხეულის დაზიანების რაღაც ხარისხი არ გააჩნიათ ადამიანებს და ა.შ. მათ შორის, ევროპის და სხვა ქვეყნებში - პარლამენტში ჩხუბის გამო პასუხისგებაში მიცემული ადამიანი გაგიგიათ? ეს შეიძლება კარგი ან ცუდი იყოს - ამაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ ეს ხდება იმიტომ, რომ აქ იმუნიტეტის ფაქტორი შემოდის.

როგორც მინიმუმ ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში პრაქტიკაში დაინერგა, რომ პარლამენტის მომხდარ ჩხუბებზე არასდროს არ იწყება გამოძიება, მაგრამ თუ იწყება პასუხისგებაში არავინ მიეცემა. გინებაზე და ხელის დარტყმაზე პასუხი ამაზრზენია ვიღაცებისთვის და პირადად მე ვიყავი ობიექტი, რომელსაც მოპარვით, ვირთხულად დარტყმის გამო იგივე ემოცია არ გვინახავს. წარმოიდგინეთ, პირადად ჩემს წინააღმდეგ, რომ ასე ვირთხულად და მოპარვით დარტყმა ვიხილეთ, მერე რომ ვიღაცებმა იქ თავდამსხმელს ხელი დაარტყეს და იმაზე ბრაზდებოდნენ რომ როგორ დაარტყეს იმ ადამიანს ხელი. უწონებდნენ კიდეც. თუ მორალზე ვსაუბრობთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი იმაზეც ვისაუბროთ. გავიდა გამომსვლელი შარაშიძე, მიიღო დავალება, რომ პროვოკაცია უნდა მოეხდინა და ვინმე წამოეკიდებინა. შემოვიდა, დაიწყო პრემიერის შეურაცხმყოფელი საუბარი - ამაზე სიტყვიერი პასუხის გარდა ვერაფერი მიიღო და მეორე მათგანმა ფარულავამ დაიწყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. პირველი მან [გიგა ფარულავამ] მოიქნია დასარტყმელად ხელი, პირველი მან შეიგინა - მიიღო სამწუხარო პასუხი და ამაზე ითხოვენ პასუხს. პროკურატურაში განცხადებაა შესული: სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთ გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროსო - ანუ, დედის გინება თუ მათი სამსახურია, თქვან. ასეთი უმეცრება - როგორც ჩანს ერთი იურისტი არ ჰყავთ გარშემო, უთხრას, რომ არ შეიძლება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირება. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო ჩემს მიმართ - ვიღაც რომ ვირთხულად მოგეპარება და ხელს დაგარტყამს, როცა შენს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებ, მაგრამ ეს მაშინ არც კი მიფიქრია, რადგან ეს პრაქტიკა იყო. იმიტომ კი არ მიფიქრია, რომ ეს ძველბიჭური მიდგომის შედეგია, არამედ იმიტომ, რომ ეს დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, რომ საჩივარი ამ შემთხვევაშიც კი, როცა დანაშაულის ნიშნები კლასიკური თვალსაზრისითაც აშკარად გამოკვეთილი იყო, არც მიფიქრია, რომ პროკურატურაში განცხადებით შევსულიყავი. ახლა, როცა თვითონ დაიწყეს პროვოკაცია, სიტყვიერი შეურაცხყოფა, თვითონ მოიქნიეს პირველი ხელი და ამაზე საჩივრებს წერენ, რომ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდითო, მაშინ ფარულავამ თქვას, რომ ხელის ქნევა, დარტყმა და დედის გინება მისი სამსახურებრივი მოვალეობაა. როგორც ჩანს, გახარიასგან ეს ვალდებულება აქვს დაკისრებული. ამ სისულელეს ნორმალური, ჭკუათმყოფელი და იურისპრუდენციასთან ახლოს მდგომი ადამიანი ალბათ არ გააკეთებდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, რამდენად იყო შესაძლებლობა, რომ ეს დაპირისპირება თავიდან აერიდებინათ, მდინარაძემ უპასუხა, რომ „არ შეიძლება დაცვის ობიექტი ასეთ ჩხუბში ჩაერიოს, რადგან შეიძლება სხვა ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს“.

„კიდევ კარგი, თავი კვლავ პარლამენტის წევრი არ მეგონა და ისე არ ჩავერიე, როგორც სხვა დროს ვერეოდი ხოლმე. ამ შემთხვევაში კიდევ კარგი მე გამახსენდა, რომ სხვებთან ერთად დაცვის ობიექტი ვიყავი. არ შეიძლება დაცვის ობიექტი ასეთ ჩხუბში ჩაერიოს, რადგან შეიძლება სხვა ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს. დიდი უპასუხისმგებლობაა ადამიანი, რომელსაც დაცვა ჰყავს, ასეთ ქმედებებში ჩაერიოს. ამიტომ, ჩვენი განეიტრალების შესაძლებლობა იყო 0. რადგან ავტომატურად ერთვება დაცვა და მოქმედებს ობიექტის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს დაცვის თითოეულ თანამშრომელს და მე ამას ვერ გავაკეთებდი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ სატელეფონო კომუნიკაციის დროს მიიღო დავალება, რომ პროვოკაცია მოეწყო.

„შარაშიძე, რომელმაც პრემიერის შეურაცხყოფა და პროვოკაცია სცადა, გასული იყო, ტელეფონით ისაუბრა - როდესაც მან ვერ მოახერხა ფიზიკური დაპირისპირების დონემდე საკუთარი პროვოკაციის მიყვანა, შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებასა და დედის გინებაზე გადავიდა ვინმე გახარიელი დეპუტატი ფარულავა. ეს ფაქტია და ამ ფაქტის დასადასტურებლად ნახეთ კადრები... გორდულაძეს რომ დედას აგინებს და ამის შემდეგ რომ გაიწია გორდულაძემ და ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდა, ეს ნანახი არ გაქვთ? ხმაც იმის და ტუჩების მოძრაობითაც მიხვდები ადამიანი", - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან მდინარაძის თქმით, სამწუხარო სანახავი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ პასუხი იყო დედის გინებასა და ხელის დარტყმაზე - ყველამ უპასუხა დედის გინებას და ხელის დარტყმას თანაგუნდელის მიმართ.

კითხვაზე, მისი ის განცხადება, რომ გამოძიება არ იწყება დეპუტატების მიმართ, მათ შორის მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ხომ არ ათამამებს დეპუტატებს, რომელსაც მანდატი იცავს, მდინარაძემ უპასუხა: „ვთქვათ ათამამებს, რა უნდა ვქნათ? რომ ათამამებდეს მსოფლიო პრაქტიკას რას ვუშვებით?“

ამასთან, მდინარაძეს ჰკითხეს ლაშა ტალახაძის ჩხუბში ჩართულობაზე, რა დროსაც განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძის და სხვა ყველა დეპუტატის პასუხი იყო საკუთარი თანაგუნდელების მიმართ დედის გინებაზე, და ფიზიკურ დაპირისპირებაზე.

„ლაშა ტალახაძის და სხვა ყველა დეპუტატის პასუხი იყო საკუთარი თანაგუნდელების მიმართ დედის გინებაზე, და ფიზიკურ დაპირისპირებაზე - მცდელობაზე, რომ ფიზიკურად ისინი დომინაციაში ყოფილიყვნენ.

თანაგუნდელზე თავდასხმა ყოველთვის თანაგუნდელის მხარდაჭერით სრულდება. სამწუხაროა, ვიღებთ ამაზე პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ის თავადაც იღებს „მეგობრულადაც, მორალურადაც, პოლიტიკურადაც, გუნდურადაც ყველა პასუხისმგებლობას.“

„ვიღაცას შეუძლია დედის გინება მოითმინოს, ვიღაცას არა. არჩილ გორდულაძე როგორ მოიქცა რას ნიშნავს? ლაშა ტალახაძეს, ხელაძეს და სხვებს დედა რომ შეაგინეს, რატომ დაარტყაო მეკითხებით და რა ვიცი ასე ხდება ხოლმე. ვიღაც ურტყამს ხელს ვიღაც არა. ამ შემთხვევაში პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას ყველა იღებს - მეც ვიზიარებ, ჩემი ძალიან ახლო მეგობრები არიან, ვინც იმ სამწუხარო ინციდენტში მონაწილეობდნენ. ვიღებ მეც მეგობრულადაც, მორალურადაც, პოლიტიკურადაც, გუნდურადაც ყველა პასუხისმგებლობას. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გულით რომ გინდოდეთ ვერ დადგება.

დედა რომ შეაგინებ არჩილ გორდულაძეს, ხელი რატომ დაარტყაო და რა პასუხი გაგცეთ? შეაგინეს დედა და ამან ხელი დაარტყა - ასე მოხდა და ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიღებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა