საქართველომ რეპრესიული კანონმდებლობა უნდა გააუქმოს, - ამის შესახებ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 62-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საკითხის განხილვისას Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენლის განცხადებით, „საქართველომ უნდა დაასრულოს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან ძალადობის დამოუკიდებელი გამოძიება და სამოქალაქო საზოგადოებისთვის და დამოუკიდებელი მედიისთვის უსაფრთხო გარემო აღადგინოს“.
„ორგანიზაცია მიესალმება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ანგარიშის რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების კრიზისის გაღრმავებას ეხება. მათ შორის, მოწოდებებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი კანონების გაუქმებისა და მშვიდობიანი შეკრებისა და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მოთხოვნის შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ შემზღუდავი ზომები მიიღო, რაც დამოუკიდებელ ორგანიზაციებს აიძულებს, რომ საქმიანობა შეაჩერონ. საქართველოს ხელისუფლებამ 12 სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიში გაყინა. პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუმცა პასუხისმგებლობის დაკისრება კვლავ არ მომხდარა“, - განაცხადა Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა.