სამ ათწლეულზე მეტია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან. ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ შრომობდნენ ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ამის უახლესი მაგალითია გასულ კვირას ჩვენი შეხვედრა ფოთში, სადაც ოფიციალურად გამოცხადდა ახალი საზღვაო პორტის გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა აშშ-ის საელჩოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პერსელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მან ასევე დიდი მადლიერებით გაიხსენა ქართველი სამხედრო პირები, რომლებმაც სამშვიდობო მისიებში სიცოცხლე გაიღეს. პერსელმა მადლობა გადაუხადა საქართველოში ამერიკის საელჩოს გუნდს და ქართველებს მრავალწლიანი ერთგულებისთვის.
„ზუსტად 250 წლის წინ, ამ კვირაში, კონტინენტურმა კონგრესმა, რომელიც ფილადელფიაში ომისა და გაურკვევლობის ჟამს, ზაფხულში შეიკრიბა, მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მასში დეტალურად იყო ჩამოყალიბებული ამერიკის დამოუკიდებლობის საფუძვლები და ამერიკული ხედვა იმის შესახებ, თუ რა წარმოადგენს მმართველობის მართებულ ფორმას. დეკლარაციის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილი არიან როგორც თანასწორნი, რომ მათ ღმერთმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“.
ოთხი ოცეული და შვიდი წლის შემდეგ კი პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა, ომისა და უდიდესი გამოცდის კიდევ ერთ ეპოქაში, ამერიკული ექსპერიმენტი აღწერა, როგორც „ხალხის მმართველობა, ხალხის მიერ და ხალხისთვის“.
დღეს, დეკლარაციის მიღებიდან 250 წლის შემდეგ, ჩვენ, ამერიკელები, ყველანი ამ მემკვიდრეობის მატარებელნი ვართ. ჩემზე, როგორც ადამიანზე, რომელიც 28 წლის განმავლობაში წარმოადგენდა თავის ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ის, თუ როგორ ქმნის ამერიკის დამფუძნებელი პრინციპები მსოფლიოს ხალხებთან მყარი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისა და პარტნიორობის საიმედო საფუძველს.
ეს, ბუნებრივია, მართებულია საქართველოს შემთხვევაშიც. სამ ათწლეულზე მეტია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს მრავალი მიმართულებით - დაწყებული თავდაცვისა და სამართალდამცავი სექტორებიდან, დასრულებული ბიზნესის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებით. ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ შრომობდნენ ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამის უახლესი მაგალითია გასულ კვირას ჩვენი შეხვედრა ფოთში, სადაც ოფიციალურად გამოცხადდა ახალი საზღვაო პორტის გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ჩვენი პარტნიორობის განუყოფელი ნაწილია ხალხთაშორისი კავშირები, რაც წლების მანძილზე საელჩოს უპირველესი პრიორიტეტი იყო. ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო, მე ამას ნამდვილად ვგრძნობ და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. აშშ-ის სამთავრობო გაცვლითმა პროგრამებმა ახალი საგანმანათლებლო და პროფესიული გზა გაუხსნა ათასობით ქართველ სტუდენტს, მასწავლებელს, მცირე ბიზნესის წარმომადგენელსა და სპეციალისტს. საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია და მოხარული ვარ, რომ ჩვენც ვუჭერთ მხარს მისი დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის ძალისხმევას.
და რაც ყველაზე მთავარია, შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ვფიქრობ, არ მჭირდება ბევრი საუბარი იმ დიდებულ საქმეებზე, რაც საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა ერთად განახორციელეს, რადგან ამ საღამოს აქ შეკრებილთაგან ბევრი სწორედ ის ადამიანია, ვინც ეს ყველაფერი რეალობად აქცია და დღესაც აგრძელებს ამ გზას. მადლობას გიხდით პარტნიორობისთვის. ჩვენს ერთობლივ მიღწევებში არაფერია იმაზე თვალსაჩინო, ვიდრე ის მომენტები, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები მხარდამხარ ასრულებდნენ ურთულეს მისიებს საზღვარგარეთ. მათმა სიმამაცემ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დააახლოვა. ჩვენ უდიდესი მადლიერებით ვიხსენებთ იმ ქართველ და ამერიკელ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს ამ საერთო სამსახურში ეს არის მსხვერპლი, რომელიც მჭიდროდ აკავშირებს ჩვენს ერებს.
რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას და იმ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადეს: მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს, რომლებმაც წელს ყველაფერი გააკეთეს ამ ისტორიული იუბილეს აღსანიშნავად, და იმედი მაქვს, თითოეული თქვენგანი ისიამოვნებს დღევანდელი საღამოთი. უღრმესი მადლობა ჩვენს მუსიკალურ ბენდს, რომელიც ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მუსიკოსებისგან არის დაკომპლექტებული. აბა, რა იქნება საიუბილეო ზეიმისთვის იმაზე უკეთესი, ვიდრე ერთობლივი „ჯორჯია-ჯორჯიას“ მუსიკალური იმპროვიზაცია.(Jam session)
ზოგიერთმა თქვენგანმა ალბათ უკვე შენიშნა, რომ ჩემგან მარჯვნივ რამდენიმე განსაკუთრებული ექსპონატია გამოფენილი. მიმდინარე წელს ამერიკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი - „გზატკეცილი 66“-ის (Route 66) 100 წლის იუბილე აღინიშნება. ეს არის დასავლეთისკენ მიმავალი ლეგენდარული გზა, რომელმაც ახალი თაობა მეორე მსოფლიო ომის წინ და მის შემდგომ პერიოდში თავისი ოცნებებისკენ წაიყვანა. ამერიკული სპორტისა და კულტურის ასოციაციისა და საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის წყალობით, მოხარულნი ვართ, რომ ამ საღამოს აქ ჩვენი საკუთარი „გზატკეცილი 66“ შევქმენით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ იშვიათი კლასიკური ავტომობილები, რომლებიც ამერიკის სიმბოლოდ რჩება. „გზატკეცილი 66“-ის ბოლოში კი თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ ამერიკის ინდუსტრიული მემკვიდრეობის კიდევ უფრო შთამბეჭდავი ნიმუშები, მათ შორის ვერტმფრენი „ჰიუ“ (Huey), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებიდან არის. ეს საგამოფენო სივრცე ღია იქნება 8:30 საათამდე და გირჩევთ, აუცილებლად მოინახულოთ.
და ბოლოს, პირადად მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს - ჩვენი საელჩოს საოცარ გუნდს, ქართველ მეგობრებსა და საერთაშორისო პარტნიორებს - თქვენი მეგობრობის, თავდაუზოგავი შრომისა და იმ მიზნების მისაღწევად გამოჩენილი ერთგულებისთვის, რაც ყველას საერთო ინტერესებშია. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად შრომა. დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა, და გაუმარჯოს საქართველოს!“, - განაცხადა პერსელმა.