ლანა გალდავა - თუ ფაშინიანი ირანში ჩადის, ის ჩადის რუბიოსთანაც და ურსულა ფონ დერ ლაიენი უზის თავის ქვეყანაში - სტრატეგიული პარტნიორების ისეთი ქვეყნებით ჩანაცვლება, რომლებიც დასავლურ სამყაროსთან დაპირისპირებაში არიან, საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის

სამწუხაროა და საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყოველ ჯერზე, საპატიმროებში მყოფი ადამიანების უფლებების დაცვა და იმ ელემენტარული უფლების მიღწევა, რაც არის ჯანმრთელობის დაცვის უფლება, ხდება დიდი ბრძოლის შემდეგ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ლელო -ძლიერი საქართველოს“ წევრი, ლანა გალდავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პენიტენციური დაწესებულებიდან სამკურნალოდ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას.

როგორც გალდავამ აღნიშნა, ელენე ხოშტარია პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია და მის მიმართ შურისძიება და ზეწოლა გრძელდება.

„სამწუხაროა და საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყოველ ჯერზე, ადამიანის უფლებების დაცვა, საპატიმროებში მყოფი ადამიანების უფლებების დაცვა, განსაკუთრებით იმ ადამიანის, რომელიც არის ნამდვილად პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი, იმ ელემენტარული უფლების მიღწევა, რაც არის ჯანმრთელობის დაცვის უფლება, ხდება დიდი ბრძოლის შემდეგ.

რაც შეეხება უშუალოდ ელენე ხოშტარიას მიმართ ბრალდებას, ამ ნაწილშიც არის ძალიან დიდი ბუნდოვანება. ის ქმედება, რაც ელენემ ჩაიდინა, ანუ მისი გამოხატვის თავისუფლების და სხვა ქალის მხარდაჭერის ფარგლებში წარწერის გაკეთება საარჩევნო ბანერზე, აბსოლუტურად არ ითვალისწინებდა საპატიმრო სასჯელს. მაქსიმუმ, ეს შეიძლება ყოფილიყო შერაცხილი როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, შესაბამისად, ყოფილიყო ადეკვატური ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მაგრამ იმის გამო, რომ სწორედ ელენეა ხოშტარია, იმის გამო, რომ პოლიტიკოსი ქალია, მოხდა მისი გადაყვანა. დასაწყისიდანვე მისი პატიმრობა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია. დღეის მდგომარეობით, მას რომ სათანადო ყურადღება არ მიექცა პენიტენციურ სისტემაში და ამდენი ძალისხმევის შედეგად მოხდა მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ შურისძიება და ზეწოლა გრძელდება“,- განაცხადა ლანა გალდავამ.

გარდა ამისა, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშის შეაფასა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებაა საუბარი.

„ახალი არაფერი უთქვამთ გუშინ ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოში. გამოქვეყნდა კიდეც უმაღლესი კომისრის რეკომენდაციები, რჩევები და მითითებები, რა არის შესასრულებელი. არაფერი არ უთქვამთ ისეთი ახალი, რაც არ უთქვამს ჩვენს კოალიციას, „ლელო-ძლიერ საქართველოს“. ასევე, რაც არ უთქვამს თუნდაც საქართველოში ომბუდსმენს, თავის ანგარიშში, რომელიც საკმაოდ კრიტიკული იყო. მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს.

ძალიან მძიმეა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვითარება და მთლიანად დაღმავალი დინამიკაა ქვეყანაში. ეს არ არის მხოლოდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევები. აქ ასევე არის ადამიანის უფლებების დარღვევები დაკავების პროცესში, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მანქანებში, დროებითი მოთავსების საკნებში, შემდეგ უკვე პენიტენციური დაწესებულების შიგნით. ამავდროულად, საუბარია რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებაზე, უკან გაწვევაზე. ცალკე არის გამოყოფილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. ეს არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ვხედავთ, რომ ცხინვალის რეგიონში ანექსიური პროცესები უფრო და უფრო მეტად ღრმავდება. ადრე საუბარი თუ იყო მარიონეტულ რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობებზე, ახლა უკვე ღრმა ინტეგრაციაზეა საუბარი.

რაც შეეხება იმას, რას გაითვალისწინებს „ქართული ოცნება“ და რას არა, დღესაც ისინი არიან უმრავლესობაში, ისევ წარმოადგენენ საქართველოს ხელისუფლებას. მათ აქვთ ერთპიროვნულად აღებული მმართველობა, ამიტომაც პასუხისმგებლობა ყველაფერზე სრულად არის მათი. ბურთი არის მათ მხარეს.

პატიმრების განაჩენები გადახედვას კი არ საჭიროებენ, პოლიტიკური დევნის საქმეები არის სრულად შესაწყვეტი. ეს ნახევრად გაკეთებული საქმეები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საკუთარ თავზე მიიწეროს, რაღაც გააკეთეს ამ მიმართულებით, ეს მოცემულობას არ ცვლის. მოცემულობა არის ის, რომ ადამიანები ქუჩებში იდგნენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების, შეკრების თავისუფლების ფარგლებში. კონსტიტუციით ჩვენ გვაქვს უფლება, ჩვენი გამოხატვის თავისუფლების. ჩვენ არ ვარღვევდით იმ კანონებს, რაც არის ამ ქვეყანაში. ჩვენ მიმართ განხორციელდა ძალადობა. ძალადობა არამხოლოდ მომიტინგეებზე, ძალადობა განხორციელდა თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე. ასევე, მათზე, რომლებიც აშუქებდნენ ამ მდგომარეობას. როდესაც ვნახეთ, რომ პირდაპირ ეთერში უსასტიკეს ძალადობებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე შედეგი არ მოჰყვა, აქ უკვე იქამდე მივდივართ, რომ ეს ყველაფერი არის ფასადური, ზედაპირული ღონისძიებები. მათ იციან, რა არის შემხვედრი ნაბიჯები, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების შესახებ საუბრის დაწყება, ეს არის რეპრესიული და ანტისახელმწიფოებრივი კანონმდებლობის უკან გაწვევა. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასრულება, რაც არის სასამართლოებში“, - განაცხადა გალდავამ.

გარდა ამისა, მან საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ის გადაწყვეტილებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც ის ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე გეგმავს წასვლას.

„ესენი ყველაფერზე ამბობენ, რომ ეს არის მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის შედეგი, რომ მათ აქვთ ყველასთან კარგი ურთიერთობა. ვინმე ამბობს, რომ რომელიმე ქვეყანასთან საქართველოს კარგი ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს?! რაც მეტი პარტნიორი გვეყოლება, უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორების ჩანაცვლება სხვა ქვეყნების, ისეთი ქვეყნების პარტნიორობებით, რომლებსაც თვითონ აქვთ დაპირისპირება დასავლურ სამყაროსთან, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის საშიში. ფაშინიანი თუ ჩადის, ფაშინიანი ჩადის რუბიოსთან და ურსულა ფონ დერ ლაიენი უზის თავის ქვეყანაში. ამიტომ ეს შედარება არის ასიმეტრიული და არასწორი. დღეს უკვე სომხეთია დემოკრატიული პროცესების ფლაგმანი. არავინ ამბობს ჩვენი კოალიციიდან, რომ არ უნდა გვქონდეს ურთიერთობა ჩინეთთან. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ეს არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ჩადებული და ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებული. შესაბამისად, ეს არის ვალდებულება. ყველა ადამიანი, რომელიც არის პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში არსებულ უწყებებზე, პირველ რიგში, უნდა მოქმედებდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

რა თქმა უნდა, რეგიონული პარტნიორობა, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობა, ჩინეთთან პარტნიორობა არის საინტერესო ეკონომიკური თვალსაზრისით. მაგრამ რატომ არ ხდება ანაკლიის მიმართულებით წინსვლა? - იმიტომ, რომ არასწორად ვითარდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველასთან გვინდა პარტნიორობა. ვამბობთ, რომ ყველა პარტნიორობიდან შეიძლება გამოდნეს ის რაც ჩვენი ქვეყნისთვისაა სასარგებლო, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორები, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში იღვაწეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ჰქონოდა ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, ეკონომიკური მდგრადობა, განათლება, გაცვლითი პროგრამები, ხალხთა შორის ურთიერთობები, ეს ქვეყნები იყვნენ აშშ და ევროკავშირის ქვეყნები, ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა დიდი ბრიტანეთი. ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციაზე მეტია ქართველების მიერ „ტემუზე“ გამოწერილი პროდუქცია“, - განაცხადა გალდავამ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში