ძალიან შემაშფოთებელი ცნობები ვრცელდება იმაზე, რომ ირანი საქართველოს ტერიტორიას იყენებს თავისი ქსენოფობიური, რადიკალურ-ტერორისტული ჯგუფების გასავრცელებლად, - ამის შესახებ ილიაუნის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის უზარმაზარი ხიფათი, რასაც დასავლეთში გულისყურით უყურებენ.
„ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით თუ შევაფასებთ მოვლენებს, გამოდის, რომ ყაველაშვილი წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ირანის მომხრე იყო დასავლეთთან ამ გლობალურ დაპირისპირებაში. თუ ეს ასეა, ძალიან ცუდია საქართველოსთვის, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ არის ერთადერთი პრიზმა, საიდანაც შეიძლება მოვლენები შევაფასოთ. მეორე მხრივ, შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რეგიონული მეზობელია და სამეზობლო ურთიერთობებს, განსაკუთრებით ასეთი ტიპის რიტუალურ ცერემონიალურ სფეროში თავისი დატვირთვა აქვს, იქ ჩადის სამეზობლო: სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის დელეგაცია და ეს სხვას არაფერს ნიშნავს. ჩვენ მაინც შევხედოთ შიდა პოლიტიკური დინამიკიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, ყაველაშვილის ვიზიტი კრიტიკას იმსახურებს. საბოლოოდ, რისი გამომხატველია ეს ყველაფერი? არის ეს სტრატეგიული ორიენტაციის გამომხატველი თუ წმინდა სამეზობლო რიტუალურ ჩარჩოებში ჯდება. მთლიანობაში ეს რომ შევაფასოთ, უნდა ვნახოთ ზოგადად, სხვა რა ტენდენციები არსებობს კიდევ ქართულ-ირანულ ურთიერთობებში - ამასთან დაკავშირებით ძალიან შემაშფოთებელი ცნობები ვრცელდება იმაზე, რომ ირანი საქართველოს ტერიტორიას იყენებს თავისი ქსენოფობიური, რადიკალურ-ტერორისტული ჯგუფების გასავრცელებლად. ეს არის უზარმაზარი ხიფათი, რასაც დასავლეთში გულისყურით უყურებენ. ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლებას რა აქვს სათქმელი, ამაზე ბოლომდე მკაფიო პასუხები ჩვენ არ გვაქვს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება დუმს და დღემდე მკაფიო პასუხი არ მოგვისმენია. როგორც ყველაფერზე, ამ საკითხზეც ამბობენ, რომ ეს არის ცილისწამება. კრიტიკის იგნორირება არაფრის მომცემია. ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს იმასთან, რომ ეს იყოს ბედოვლათობა, პროფესიონალურად არცოდნა იმისა, თუ რას ნიშნავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახური სპეცსამსახურების მხრიდან და სახიფათო ტენდენციების უკონტროლობა. მეორე, შეიძლება იყოს გარკვეული გარიგებაც კი და ფინანსურ-კორუფციული ინტერესი. მესამე შეიძლება იყოს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყოს გარკვეული თანაგრძნობა ასეთი ფუნდამენტალისტური ძალების მიმართ, რომლებიც არიან ირანშიც და რუსეთშიც. ზოგადად, დემოკრატიის საწინააღმდეგო ბანაკს წარმოადგენენ. რომელია აქედან მართალი, თუ სამივე ერთად მუშაობს, ამაზე ოდესმე ინფორმაცია გვექნება, მაგრამ მანამდე ქვეყნის ინტერესები შეიძლება დაზარალდეს. გასაგებია, რომ ჩვენ მაჰმადიანურ უმცირესობასთან ურთიერთობები ძალიან დელიკატური უნდა იყოს. მათთვის რელიგიური საკითხიც არის აიათოლების პატივისცემა, მაგრამ სწორედ სპეცსამსახურების და სახელმწიფოს ინტერესი ის არის, რომ გამიჯნოს ერთმანეთისგან რელიგიის პატივისცემა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჩვენი ქვეყნისთვის საშიში მუშაობა“,-განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, მან საქართველო-ამერიკის ურთიერთობის პერსპექტივებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ არ არის დაინტერესებული ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობით, სადაც ავტორიტარიზმის ნიშნებია.
„ერთადერთი, რაც ნათელია და „ქართულ ოცნებას“ უეჭველად უნდა, ეს არის ძალაუფლებაში დაუსრულებლად ყოფნა. ამისთვის მზად არის, პრინციპები ცვალოს, იჟონგლიოროს და თუ მას ხელისუფლებაში უპრობლემოდ ყოფნას აცლიან, ყველასთან ითანამშრომლოს, ვინც კი ამაში ხელს შეუწყობს, ეს მცდელობები აშშ-თანაც არის. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს ახასიათებს წმინდა კომერციული გარიგებების საფუძველზე პოლიტიკის კეთება, აშშ, როგორც უზარმაზარი მოთამაშე საერთაშორისო სცენაზე, გარკვეული პრინციპების და ღირებულებების მატარებელია. რამდენიმე საკითხია, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხი გასაცემი და არა აშშ-ს ხელისუფლებას. ლამაზი საუბარი იმაზე, რომ „მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ“, საკმარის არ არის. ამას გარკვეული წინაპირობები სჭირდება. ეს წინაპირობები არის იმის გარკვევა, თუ რა ურთიერთობაშია საქართველო ირანთან და ჩინეთთან, რაც ყველაზე მტკივნეულია აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის. ასევე, ვხედავთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციისთვის სულერთი არ არის, როგორი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებებს ქვეყანაში საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ბოლო დროს რაც ყველაზე რეზონანსულია, ელენე ხოშტარიას მიმართ და მთლიანობაში, ოპონენტებიც მიმართ. ცალსახად, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, სხვა არავის აქვს ბერკეტი ხელში, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკური კლიმატი გამოასწოროს. თუ ეს არ გამოსწორდა, რა გადატვირთვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, არ მესმის. ევროპასთან ურთიერთობა ცალკე თემაა”, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, მან სხვა აქტუალურ თემებზეც ისაუბრა და ოპოზიციაში არსებული ვითარებაც შეაფასა. დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ოპოზიციაში რთული ვითარებაა და მათ კოორდინაცია სჭირდებათ.
“ოპოზიციის მხარეს არის სიმართლე. ძალიან მკაფიო სამხილებია მათ ხელში, რომ ხელისუფლება დემოკრატიულად არ იქცევა და ამასთან დაპირისპირებას აგრძელებს. ოპოზიციის კონსტიტუციური მოვალეობა და უფლებაც არის, გამოხატოს თავისი უკმაყოფილება ძალიან ცალსახად, მაგრამ ამისთვის მათი დევნა ხდება და გრძელდება სისხლის სამართლის დაუსრულებელი საქმეები, რაც მხოლოდ და მხოლოდ დევნაზე მიუთითებს და მეტზე არაფერზე. საზოგადოებაში განწყობა ჩანს, რომ ოპოზიცია საუკეთესო ფორმაში არ არის და საზოგადოება მის მიმართ იმედიანად განწყობილი არ არის. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია. მას არ აქვს მატერიალური რესურსი და მის წინააღმდეგ არის დევნა. შესაბამისად, ზოგი მათგანი იძულებულია ქვეყანა დატოვოს, სხვები პატიმრობაში არიან”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ეს ნაწილობრივ ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის. დავით დარჩიაშვილი გამოსავალს ერთიანობაში და დაპირისპირების შეწყვეტაში ხედავს.
“ოპოზიციურ სპექტრს გარკვეული კოორდინაცია და ერთმანეთში მუდმივი დაპირისპირების შეწყვეტა სჭირდება და არა ის, რომ ყოველი ნაბიჯი უწონონ და უთვალონ ერთმანეთს. აქ რა თქმა უნდა, ერთიანი გზა არ აღმოჩნდება. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკა ივანიშვილით და სააკაშვილით მთავრდება, არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც პროცესს სხვანაირად უყურებენ”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „თუ ენერგია და რესურსი აღარ ჰყოფნის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ “ოპოზიციურ ალიანსში” დარჩეს, მაშინ უნდა გავიდეს“.
“სადაც უფრო კომფორტულად და წარმატებულად მიაჩნია თავისი მოღვაწეობა, იქ და ისე იმოღვაწოს. ზოგადად, ოპოზიციური სპექტრი ამით არ გაძლიერდება, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ დაჟეჟილს გატეხილი სჯობს და მერე რაღაც ახალი კონფიგურაცია წარმოიშობა”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომლის თქმითაც, “პოლიტიკურ ველს ხედავს ასე: ბიძინა VS მიშა”, დავით დარჩიაშვილის თქმით, რეალობას მოკლებული არ არის ეს განცხადება, რადგან ყველაზე ძლიერ ფიგურებად მაინც ეს ორი პიროვნება ჩანს.
„ცოტა პარადოქსია იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი ხელში არ უჭირავს გარდა თავისი ქარიზმისა და მის მომხრეებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებში მას განსაკუთრებული წონა აქვს. მაშინ, როცა ივანიშვილის მხარეს არის უზარმაზარი რესურსი, მის კონტროლის ქვეშ არის სახელისუფლებო ბერკეტები, ძალოვანი სტრუქტურები, უზარმაზარი პირადი ფული და ბიუჯეტის კონტროლიც. ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკა პიროვნებების ვნებათა ჯახი, დაპირისპირება არის. კარგია, თუ ცუდი, ეს უკვე მეორე ამბავია”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ახლა არის ის პერიოდი, როდესაც პოლიტიკურ ძალებს მოეთხოვებათ გარკვეული ალტერნატიული პასუხების მოძიება კითხვაზე, თუ რა უშველის დღეს კრიზისში შესულ ქართულ პოლიტიკას.
„მიმაჩნია, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. იმასაც ვხედავ, რომ ხელისუფლების მხრიდან იოტისოდენა ნაბიჯი არ იდგმება, თუ არ ჩავთვლით დებატების მსგავსის ორგანიზებას. ამის გარდა, სიგნალიც არ არის მოწოდებული, რომ საზოგადოების გამთლიანების ინტერესები ჰქონდეს ხელისუფლებას. ამის გარეშე ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. ჩვენ უფრო და უფრო შეიძლება ჩავეფლოთ დაპირისპირებაში, რომელმაც შეიძლება ახალ სიმაღლეებს მიაღწიოს და ეს არავის სიკეთეს არ მოუტანს, არც ოპოზიციას, არც ხელისუფლებას. ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს. ამის ალტერნატივა დიალოგია, მაგრამ დიალოგს დასცინიან. შარლ მიშელი ანეკდოტურ პერსონაჟად გადააქციეს არა მარტო ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომადგენლებმაც“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.
გარდა ამისა, მან ვიქტორ ყოფიანის მიერ პარტია „ჯერ საქართველოს“ დაფუძნებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მათ პოზიტიური წვლილის შეტანა შეძლონ პოლიტიკაში.
“ვინ ვისი რა იყო როდესღაც, ეს მნიშვნელოვანია და უნდა ვიცოდეთ, ამიტომ, უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ ახალ პოლიტიკურ ფიგურებთან დამოკიდებულებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ შეუძლია ამის გამო დღევანდელ ვითარებაში პოზიტიური წვლილის შეტანა. ახალ პოლიტიკურ ძალას წარმატებას ვუსურვებ. თუ ისინი მიაღწევენ, რომ ავტორიტარულ ნაბიჯებზე ხელი ააღებინოს, ეს მათი სერიოზული შენატანი იქნება ქვეყანაში ვითარების გამოსწორების საქმეში”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.