საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო.

„2026 წლის 30 ივნისს -1-ელ ივლისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის ე.წ. შეთანხმებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და აფერხებს კონსტრუქციულ დიალოგს.

ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი.

ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო, 68-ე რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში