ადვოკატი - ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მიანიშნებს, რომ ელისაშვილის ბრალდება წარმოადგენს ჰიპოთეზურ მსჯელობას, რომელიც დაუსაბუთებია - შეუძლებელია, თეორიული ბრალდებით სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღოს

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ვკითხეთ, როდესაც ორი ბოთლი ბენზინი იყო საოფისე ავეჯზე მოსხმული, ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში ეს გამოიწვევდა თუ არა იმ შედეგებს და შეიქმნა თუ არა რეალური საფრთხე იმისა, რასაც ედავებიან ალეკო ელისაშვილს - ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, საექსპერტო კვლევებით მსგავსი დასკვნის გაკეთება არის შეუძლებელი,- ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს აღნიშნული დასკვნა წარადგინეს, რომელიც ბრალდების მხარემ უდავოდ გახადა.

„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან პასუხი მივიღეთ ჩვენ მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე, სადაც ჩვენ დასმული გვქონდა კითხვა 29 ნოემბერს კადრებში განვითარებულმა ვითარებამ, როდესაც ორი ბოთლი ბენზინი იყო საოფისე ავეჯზე მოსხმული, ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში ეს გამოიწვევდა თუ არა იმ შედეგებს და შეიქმნა თუ არა რეალური საფრთხე იმისა, რასაც ედავებიან ალეკო ელისაშვილს, ასევე, შეეძლო თუ არა ტერაქტის შედეგების გამოწვევა, შეეძლო თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის იმგვარად დაზიანება, რომ სასამართლოს ფუნქციონირება შეფერხებულიყო ან შეწყვეტილიყო. ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, საექსპერტო კვლევებით მსგავსი დასკვნის გაკეთება არის შეუძლებელი, რაც ბრალდების მხარემ გახადა უდავოდ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჰიპოთეზური მსჯელობა, რომელიც დაუსაბუთებია, როგორც ექსპერტიზის დასკვნით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით, წარმოადგენს ალეკო ელისაშვილის ბრალდებას. შეუძლებელია ჰიპოთეზური, თეორიული ბრალდებით ელემენტარული სამართლიანობის პირობებში სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღოს”,- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა