ლაშა ტუღუში - მეზობელი ქვეყნის მიმართ სამძიმარი შეიძლება გამოიხატოს ცერემონიალზე ელჩის დასწრებით, მაგრამ როცა რანგი იცვლება და ირანში პრეზიდენტი ჩადის, აქ უკვე შემოდის გეოპოლიტიკა და პოლიტიკური განაცხადი

ირანში, აიათოლა ჰამენეის დაკრძალვაზე ჩასვლა ნამდვილად ვერ ჩაითვლება მეგობრულ ნაბიჯად აშშ-ის მიმართ, ზოგადად, დასავლეთის მიმართ და არ მგონია, ეს ჩაჯდეს ე.წ. ბალანსირების პოლიტიკაში. ეს ქმედება ერთგვარი პოლიტიკური განაცხადია, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ტუღუშის შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილის ირანში ჩასვლა არ იქნება უბრალოდ სამძიმარი, ეს იქნება გარკვეული ნაბიჯი, რომელსაც დასავლეთის მხრიდან შესაბამისი აღქმა და ნაბიჯები მოჰყვება.

„თუ პრეზიდენტი ან უმაღლესი თანამდებობის პირი ირანში [აიათოლა ჰამენეის] დაკრძალვაზე ჩავა, ცხადია, ეს არ იქნება აღქმული, როგორც მხოლოდ მეზობელი ქვეყნის მიმართ სამძიმრის გამოხატულება იმიტომ, რომ მეზობელი ქვეყნის მიმართ სამძიმარი შეიძლება გამოიხატოს მეზობელი ქვეყნის ელჩის დასწრებით მაგალითად, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას, მაგრამ როდესაც უკვე რანგი იცვლება და რანგი პოლიტიკური თანამდებობის პირია, მითუმეტეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ცხადია, აქ უკვე შემოდის გეოპოლიტიკა, აქ შემოდის უკვე პოლიტიკური განაცხადი და გასაგებია იმ დროს, როდესაც პრაქტიკულად ომი არც დასრულებულა და მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ცხადია, ეს არ არის უბრალოდ სამძიმარი, ეს არის უკვე გარკვეული ნაბიჯი, რასაც შესაბამისად მოჰყვება აღქმა და ბუნებრივია, ადეკვატური ნაბიჯები ამერიკის შეერთებულ შტატების მხრიდან.

ეს ნამდვილად ვერ ჩაითვლება მეგობრულ ნაბიჯად აშშ-ის მიმართ, ზოგადად, დასავლეთის მიმართ და არ მგონია, ეს ჩაჯდეს ე.წ. ბალანსირების პოლიტიკაში, რომელსაც. გასაგებია, რომ მეზობელი ქვეყანაა, გასაგებია, რომ შეიძლება გამოხატო პოზიცია, მაგრამ რა დონეზე გამოხატავ იმიტომ, რომ სიმბოლური დატვირთვაც აქვს ამას, მათ შორის, სიმბოლურ-პოლიტიკური დატვირთვა, როდესაც მთავარი პოლიტიკოს მიდის ადამიანის დაკრძალვაზე, რომელიც მოკლულია ომის პირობებში. ეს შეიძლება ძალიან რთული და მძიმე ისტორიაა, მაგრამ ამ ისტორიის კვანძის გახსნაში შენ როგორ მონაწილეობ, რას ამბობ ამით, რა ინტერპრეტაცია მოჰყვება ამ მოქმედებას, ამაზეც ხომ უნდა დაფიქრდე?

იქ შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც ჩავიდნენ პოლიტიკოსები, თუმცა თუ ეს დასავლეთის ლიდერები იქნებიან, მაშინ ეს კიდევ სხვა რამეს ნიშნავს - ეს ნიშნავს დამატებით კონფლიქტურ განვითარებას, თუმცა მე ეჭვი მეპარება, რომ დასავლეთის მხრიდან პრეზიდენტები ან პრემიერები ვიხილოთ. ამ ნაბიჯის გადადგმას თავისი მკაფიო გზავნილი აქვს. ჩემი გადმოსახედიდან, ეს არის პოლიტიკური გზავნილი“, - განაცხადა ტუღუშმა.

საგარეო პოლიტიკის კონტექსტში მან ასევე ისაუბრა საქართველოდან გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გამგზავრებაზე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და შეაფასა ის დამოკიდებულებები, რომელიც ხელისუფლებას გერმანიის ელჩისა და ზოგადად, გერმანიის მიმართ გააჩნია. ტუღუშის თქმით, „ქართული ოცნების“ განცხადებები ქუჩურ გარჩევებს უფრო ჰგავდა, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანა.

„ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობა გააფუჭა ჩვენს მთავარ, ისტორიულ პარტნიორთან. საქართველო ყოველთვის იყო პოზიტიური მაგალითი გერმანიისთვის, კავკასიაში მათი თანამშრომლობისა და ურთიერთობის და მოხერხდა ამ ხიდის მნიშვნელოვნად დაზიანება.

ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავიყვანთ ერთი პიროვნების საკითხზე, როცა ვსაუბრობთ ელჩზე. ბევრი შეიძლება ტყუვდება, როდესაც ესმის, რომ თურმე [პეტერ ფიშერი] ცუდი ელჩია და ცუდ ელჩს კარგი ელჩი შეცვლის, თურმე ელჩი დამოუკიდებლად მოქმედებს და ა.შ. ძალიან არასერიოზულია, როდესაც ელჩს ასე ინტენსიურად ებრძვი და მის დისკრედიტაციას ცდილობ. ელჩის უკან დგას სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოსთან გაქვს საქმის გარჩევები. დიახ, ეს იყო სუფთა საქმის გარჩევა, ქუჩურ გარჩევებს ემსგავსებოდა და ძალიან არასერიოზულად გამოიყურებოდა, მავნებლობაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ.

გერმანია იყო ყველზე ძლიერი პარტნიორი, მთავარი მოკავშირე, რომელიც თავგამოდებით ცდილობდა და გეხმარებოდა ევროპულ ინტეგრაციაში და სამიზნეში ამოიღეს ამ ქვეყნის ელჩი ანუ ეს ქვეყანა ამოიღეს სამიზნეში“, - აღნიშნა ტუღუშმა.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, ტუღუშმა ოპოზიციური ლიდერების მიმართ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე წაყენებულ ბრალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ერთის მხრივ, აღნიშნული საქმით ცდილობს ოპონენტების ჩამოცილებას და მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სარჩელით აპირებს ოპოზიციური პარტიების გაუქმებას, რათა 2028 წლის არჩევნებისთვის თავი დაიზღვიოს, რომელშიც, ანალიტიკოსის თქმით, დიდი ალბათობით, წაგება ემუქრება.

„ერთი მხრივ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციის ძირითად ლიდერებს პატიმრობა ემუქრებათ, მათ ჩამოიცილებენ და მეორე მხრივ, იმ პარტიებს, რომლებსაც ეს ლიდერები წარმოადგენენ და რომლებიც ხალხის მხარდაჭერით სარგებლობენ, ანუ იმ ბარიერგადალახულ პარტიებს საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით გააუქმებენ. ფაქტობრივად, ოპოზიციის უდიდესი ნაწილის ფესვებიანად ამოძირკვა უნდათ. ამით როგორ ივაჭრებენ დასავლეთთან, წარმოდგენა არ მაქვს იმიტომ, რომ შეუძლებელია ამ პირობებში ვაჭრობა. ესენი [„ქართული ოცნება“] მიზანმიმართულად მიდიან საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისკენ. მათ სურთ, გარკვეული რისკები მოხსნან და საფრთხეები გააქრონ. საფრთხეებსა და რისკებში იგულისხმება ის, რომ ვიღაცამ შეიძლება მოუგოს, მათ შორის, არჩევნებში იმიტომ, რომ ძალიან დიდი ალბათობაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომდევნო არჩევნებში წააგოს. ამიტომ ურჩევნიათ, რომ ლიდერები იყვნენ ციხეში და პარტიები იყოს გაუქმებული“, - განაცხადა ტუღუშმა.

რაც შეეხება იმას, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებულ პროცესზე, გუშინ, ბრალდების მხარის მოწმის მიერ გიორგი გახარიას სახელმა და გვარმაც გაიჟღერა, ტუღუშმა აღნიშნა, რომ „პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება ნათელი დადასტურებაა იმის, თუ რა ბედი შეიძლება ელოდოს გიორგი გახარიასა და მის პარტიას იმის მიუხედავად, რომ მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს“.

„ალბათ, გახარიას წინააღმდეგ სხვა ამბავს მოიფიქრებენ, რომ საბოტაჟი დაჰბრალდეს. პრობლემა ნამდვილად არ ექნებათ, ეს უკვე ტექნიკის საკითხია, თუ რა ისტორიას მოიგონებენ. მე იქით მაქვს კითხვა - რატომ არ უნდა დაემატოს გიორგი გახარია? გარანტირებულად ვინმეს თამაშს ითამაშებს თუ რა? ჩვენ დავინახეთ, თუ რა მოხდა პარლამენტში, როგორ გაუსწორდნენ მის თანაპარტიელებს. ის საოცრად სამარცხვინო ცემა-ტყეპა, რაც ვიხილეთ პარლამენტში, ნათელი დადასტურებაა იმის, თუ რა ბედიც შეიძლება ელოდოს, მათ შორის, იმ ოპოზიციასაც, რომელმაც გადაწყვიტა და პარლამენტში შევიდა. მათ მიმართაც ასეთი დაუნდობელი დამოკიდებულებაა. ის ფიზიკური გამოხატულება, რაც ვიხილეთ, მათი ზოგადი პოლიტიკაა განსხვავებული ხედვების მიმართ“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა