ჯო უილსონი არავის აინტერესებს, ის არ აყალიბებს აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგს - ყაველაშვილის ირანში ჩასვლაში პრობლემას ვერ ვხედავ, იქიდან გამომდინარე, რომ ფართო რეგიონის ჭრილში, მეზობლები ვართ და იქ ყველა მეზობელი ქვეყნის ლიდერია ჩასული, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობა პრიორიტეტულია და “ქართული ოცნების” მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.
“ნამდვილად არ მაინტერესებს ჯო უილსონი რას ამბობ. ის ძალიან არასერიოზული ადამიანია, რომელიც ფულს აკეთებს ლობიზმით. სხვათა შორის, ინაუგურაციის დროს ბილეთებით და დროშებით ვაჭრობდა. ამდენად მდაბიო და არასერიოზულ ადამიანზე გვაქვს საუბარი.
რაც შეეხება ირანს - რა თქმა უნდა, ფართო რეგიონში ირანი ჩვენი მეზობელია. ბატონი ყაველაშვილი ჩადის, ისევე როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერები, მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის. ამაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ლოგიკურია.
რაც შეეხება აშშ-სთან ჩვენ ურთიერთობას - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პრიორიტეტული და კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ჩვენი მხრიდან. აშშ-მ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მათ იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც გაწერილი იქნება ორივე მხარის ინტერესები,” - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო გააღრმაოს.