ირაკლი ფავლენიშვილი - ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარის პოსტზე ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის იყო მიუღებელი, ფაქტობრივად, პერსონა „ნონ გრატა“ - საუბარია ე.წ. პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მათ შორის „სვეცკობაზე“ პრეტენზია

ლევან ხაბეიშვილი პარტიების დიდი ნაწილისთვის იყო მიუღებელი, გაუგებარი მიზეზების გამო, ეს იყო [პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადადგომის] მთავარი მიზეზი. ასევე, საზოგადოების ნაწილს ლევან ხაბეიშვილი არ მიაჩნდა სათანადო პოლიტიკურ ლიდერად, იქიდან გამომდინარე, რომ ის არ განეკუთვნება “ელიტურ ჯგუფს” - ლევანი ყოველთვის ამბობდა, რომ არის თბილისის გარეუბანში გაზრდილი, ჩემთვის ეს პლუსი გახლავთ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით თინა ბოკუჩავას, მიხეილ სააკაშვილის და თავად ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ყველაზე მეტად თუ ვინმეს ერჩოდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვა პოლიტიკური პარტიები, რაღაც პერიოდები მიხეილ სააკაშვილზე მეტადაც კი, იყო ლევან ხაბეიშვილი“.

„[ლევან ხაბეიშვილს] ადამიანს სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, ის ერთი თვის განმავლობაში ვერ იქნებოდა ისეთი აქტიური. ეს იყო ექიმების რეკომენდაცია. სამედიცინო კომპონენტი არსებობდა, თუმცა მხოლოდ სამედიცინო კომპონენტი არ იყო მიზეზი. ამასთან, იმის თქმა, რომ ეს ტყუილი იყო, ეს მანიპულაცია იყო, ასე არ არის. ლევან ხაბეიშვილს ნამდვილად სჭირდებოდა უცხოეთში შესაბამისი კურსის გავლა და მან ეს გააკეთა. მთავარი მიზეზი მაინც იყო დაკავშირებული ოპოზიციურ ძალებთან. ოპოზიციური ძალების დიდი ნაწილისთვის ლევან ხაბეიშვილი იყო მიუღებელი პერსონა, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო. მათთვის, ფაქტობრივად, პერსონა „ნონ გრატა“ იყო. როგორც აღვნიშნე, მის ამ თემას ორი მიმართულება აქვს: 1. ეს უკავშირდება ე.წ. პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ამ „სვეცკობაზე“ პრეტენზია. იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ეხამუშებოდათ ლევან ხაბეიშვილი ან მათთვის მიუღებელი იყო, სხვადასხვა მიზეზებს ასახელებდნენ. წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა, თუნდაც საარჩევნო კუთხით, საპროტესტო კუთხით, მთავრობის ფორმირების კუთხით. რადგან ასეთი აქტუალური იყო იმ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა და რადგან ლევან ხაბეიშვილი პარტიების დიდი ნაწილისთვის იყო მიუღებელი გაუგებარი მიზეზების გამო, ეს იყო მთავარი მიზეზი. მეორე კომპონენტი არის ის, რომ ასეთი დისკრედიტაციის კამპანიის შედეგად ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი აზრი, რომ საზოგადოების ნაწილს ლევან ხაბეიშვილი არ მიაჩნდა სათანადო პოლიტიკურ ლიდერად, იქიდან გამომდინარე, რომ ის არ განეკუთვნება “ელიტურ ჯგუფს”. ყოველთვის ამბობდა, რომ არის თბილისის გარეუბანში გაზრდილი, საშუალო ოჯახში. ჩემთვის ეს პლუსი გახლავთ.

ეს არის პერიოდი, როდესაც მარტივად არის ყველასთვის წარმოსადგენი, რა სცენარები შეიძლება ვიხილოთ. ერთია კოალიციური მთავრობის ფორმირება. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემთხვევაში, რამდენიმე პოლიტიკურ ძალას მოუწევდა თანამშრომლობა. მეორე იყო საპროტესტო მიმართულება, თუ ივანიშვილი არჩევნებს გააყალბებს, რა მოხდებოდა თუნდაც საპროტესტო კუთხით. ამ დროს ლევან ხაბეიშვილის ფიგურა იყო მიუღებელი. ყველაზე მეტად თუ ვინმეს ერჩოდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვა პოლიტიკური პარტიები, რაღაც პერიოდები მიხეილ სააკაშვილზე მეტადაც კი, იყო ლევან ხაბეიშვილი. ეს პოლიტიკური ფაქტი გახდა ამის საფუძველი. უფრო მეტად უნდა გვეცადა, რომ სხვა გადაწყვეტილება მიგვეღო და შესაძლოა, ლევანსაც შეიძლებოდა ამ პროცესის მიმართ სხვა აღქმა ჰქონოდა.

საკვირველია, რომ ორ რაღაცას ერთდროულად ამტკიცებს ეს ხალხი. ამტკიცებენ, რომ მიშა არის ჩვენი ბელადი, ერთპიროვნული დიქტატორი და ავტოკრატი პარტიაში და მეორე მხრივ გაოცებას გამოხატავენ, რომ „კი მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა რომ თქვა, ასე გაკეთდა?!“ მიხეილ სააკაშვილი ერთი მხრივ არის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ყველაზე მეტი წონა აქვს, მის სიტყვას ამ პარტიაში. მეორე ნაწილი - მიხეილ სააკაშვილზე მეტად ავტოკრატი მმართველი არის ყველა, თუ ამ კუთხით შეხედავთ. არ არსებობს პოლიტიკური პარტია საქართველოში, სადაც კონკრეტულ ლიდერს არ აქვს უფრო მეტი ბერკეტი პარტიის სამართავად. არამხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში არ იმყოფებიან, არამედ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ეს მიდგომა, რომ ის არ არის დიქტატორი მმართველი პარტიაში. თუნდაც ის საკითხი, კანდიდატურად რომ დაასახელა ნანუკა ჟორჟოლიანი, ყველამ თქვა, რომ მაინცდამაინც ნანუკას ვუჭერ მხარსო? ივანიშვილმა რომ დაასახელოს კანდიდატი, თქვენი აზრით, იგივე გამოხმაურება იქნება პარტიაში? ნანუკას წინააღმდეგ ვინმეს კი არ გაულაშქრია, მაგრამ ზოგმა თქვა მხარს დავუჭერო, ზოგმა დაველოდებით სხვა კანდიდატებსო. ასეთი რამეები ხდება ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობაში“. ადამიანი არის ლიდერი და უბრალოდ ხალხი არის გადაკიდებული მიხეილ სააკაშვილს. იგივე განცხადება რომ გაკეთდეს ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან, კრინტს არ დაძრავს არავინ“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კითხვაზე: „რომელ პარტიასა და პოლიტიკოსს არ მოსწონდა ლევან ხაბეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიციაზე“, ფავლენიშვილის თქმით, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია მსგავს პოზიციაზე იყო.

„ამ ხალხს აჩემება ჰქონდა ლევან ხაბეიშვილზე. სხვა ოპოზიციური პარტიები იყვნენ. ჩემი მხრიდან ამის დაკონკრეტებას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა თითქმის ასეთი იყო. ეს საზოგადოებას კარგად ახსოვს. ყველას კარგად ახსოვს, რომ ლევან ხაბეიშვილის მიმართ იყო თავდასხმები. როცა ამბობენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დირექტივა მიიღო, ამ დროს ხალხი ივიწყებს იმ ოპოზიციურ ძალებს, რომელსაც ჰქონდათ არაადეკვატური, სნობური დამოკიდებულება ლევან ხაბეიშვილის მიმართ, რამაც დაღუპა მათ შორის ქართული პოლიტიკური სპექტრი. როცა არის პოლიტიკური და ეროვნული ინტერესი, მაშინ მივიჩნევდით, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობის ხარისხი იყო დამოკიდებული საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ეს პირადი ინტერესის გამო არ მომხდარა, ვიღაცის ეგომანიაკური ინტერესის გამო არ მომხდარა. ხალხმა დაივიწყა ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ეს სნობური დამოკიდებულება ჰქონდათ და მთავარ სამიზნედ ისევ ჩვენ გვაქციეს“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას და პარტიის ყრილობას, როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელსა და მმართველ ჯგუფს ვადა 8 ივლისს ეწურება, ახალი თავმჯდომარის არჩევნები კი მაქსიმუმ, უახლოეს ორ თვეში ჩატარდება.

„ვინ იქნება არჩევნებზე თავმჯდომარეობის კანდიდატი, ზუსტად ცნობილი არაა. თემურ გრიგალაშვილია პოლიტსაბჭოს წევრი, რომელიც ფიქრობს თავის კანდიდატურაზე. ნანუკა ჟორჟოლიანზეც იცის საზოგადოებამ. კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს და შეიძლება ვიხილოთ თავმჯდომარეობის რამდენიმე კანდიდატი. რაც შეეხება იმას, თინა ბოკუჩავას აქვს თუ არა მიღებული გადაწყვეტილება, არ ვიცით ჯერ. არცერთი ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ გახლავთ. ადამიანებს აქვთ ნათქვამი, რომ ფიქრობენ, მაგრამ საბოლოოდ არ დაუყენებიათ ეს კანდიდატურა.

8 ივლისს ეწურება ვადა ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მმართველ ჯგუფს, თუმცა პარტიის წესდებით, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები, მანამდე უხანგრძლივდებათ ეს უფლებამოსილების ვადა. მაქსიმუმ, უახლეს ორ თვეში ჩატარდება არჩევნები, იმიტომ, რომ ყველას გვსურს, ამ თავმჯდომარეობის კანდიდატებს ჰქონდეთ დრო საკუთარი გეგმების გასაცნობად. მეც მაინტერესებს, მეც არ მიმიღია გადაწყვეტილება, რომელ კანდიდატს დავუჭერ მხარს. მეც მაინტერესებს ვიცოდე, ვინ რა გეგმით იქნება წარმოდგენილი. თუ სადმე არჩევნები მართლა ტარდება და მართლა ჩატარებულა, არის „ნაციონალური მოძრაობა“. სხვას ვერ დამისახელებთ ეგეთს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა