მერაბ მალანია - ჩემს შვილს დაურეკა ადამიანმა, რომელიც თვალით არ უნახავს და უთხრა, რომ მის შეყვარებულს, ანუ ჩემი შვილის მეგობარს, მასწავლებელი არასათანადოდ ექცევა და დაველაპარაკოთო, თავდასხმაზე არ იყო საუბარი  - ჩემი შვილი არ გაჰყვა

ჩემი შვილი დააკავეს შეუტყობინებლობის მუხლით, რომელიც ახლა 117-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც თავდასხმაში ხელშეწყობას გულისხმობს. მე არ ვეთანხმებოდი წინა პირველ მუხლს და არც ამას არ ვეთანხმები. ეს არის რეზონანსული საქმე და არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო და არც შეთქმულების თეორიებზე დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ ეს არის უსამართლობა, რაც ახლა ხდება, - ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას მამამ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მერაბ მალანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მალანიას თქმით, ის სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„მე შეგნებულად არ ვაკეთებდი აქამდე გაცხადებას, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობდა. მე, რა თქმა უნდა, სრულად ვითავისებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მაკისრია, როგორც ყოფილ მაღალჩინოსანსა და ყოფილ პოლიციელს, აქედან გამომდინარე, ვიყავი ჩუმად.

ამ პერიოდში ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც ყოფილ პოლიციელს.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩემი შვილი დააკავეს შეუტყობინებლობის მუხლით, რომელიც ახლა 117-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც თავდასხმაში ხელშეწყობას გულისხმობს. მე არ ვეთანხმებოდი წინა პირველ მუხლს და არც ამას არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა. ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას საქართველოშიც და თუ საჭირო გახდება, საზღვრებს გარეთაც.

[გიორგი მალანიას] ურეკავდა ადამიანი [ერთ-ერთი ბრალდებული], რომელიც თვალით არ უნახავს და ეუბნებოდა, რომ უნდოდა მის მასწავლებელთან შეხვედრა და დალაპარაკება. არანაირ თავდასხმაზე არ იყო საუბარი. უთხრა, ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს ანუ მის შეყვარებულს, არასათანადოდ ექცევა, ჩემი ინფორმაციითო. აქედან გამომდინარე მინდა დაველაპარაკოო და წამომყევიო. უცხო ადამიანთან ასე ვინ რეკავს, წამოდი და თავი გავუტეხოთ ვინმესო. ეს იყო მათ შორის კომუნიკაცია. ჩემი შვილი არ გაჰყვა იმიტომ, რომ ის ზოგადად არ არის ასე გაზრდილი.

ბევრმა თქვა, ხან ფაშისტური დაჯგუფების წევრი იყოო, ხან ქუჩის ბანდის წევრიო და ა.შ. ჩემი შვილი ისე გაიზარდა, ყოველ წუთს ვიცოდი, სად იყო. მე მიმყავდა სკოლაში და მე მომყავდა სკოლიდან, მასწავლებელთანაც მე მიმყავდა და მე მომყავდა, მაგრამ მერე ისე აღმოჩნდა თურმე, როგორც ამბობენ, რომ მე იქ დაგეგმვაში ვიღებდი მონაწილეობას, ვინაიდან 1-ელში ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და შემდეგ იქიდან წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული.

ეს არის რეზონანსული საქმე და არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო და არც შეთქმულების თეორიებზე დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ ეს არის უსამართლობა, რაც ახლა ხდება“, - განაცხადა მერაბ მალანიამ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა