ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც ყოფილ პოლიციელს - ჩემი შვილი ისე გაიზარდა, ყოველ წუთს ვიცოდი, სად იყო, ამბობენ, რომ მე დაგეგმვაში ვიღებდი მონაწილეობას, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და შემდეგ იქიდან წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული,- ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას მამამ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მერაბ მალანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი, პასუხისმგებლობას იზიარებს.
„მე შეგნებულად არ ვაკეთებდი აქამდე გაცხადებას, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობდა. მე, რა თქმა უნდა, სრულად ვითავისებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მაკისრია, როგორც ყოფილ მაღალჩინოსანსა და ყოფილ პოლიციელს, აქედან გამომდინარე, ვიყავი ჩუმად.
ამ პერიოდში ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც ყოფილ პოლიციელს”,- განაცხადა მალანიამ.
მისივე თქმით, რაც მისი შვილის გარშემო ხდება, უსამართლობაა.
„ბევრმა თქვა, ხან ფაშისტური დაჯგუფების წევრი იყოო, ხან ქუჩის ბანდის წევრიო და ა.შ. ჩემი შვილი ისე გაიზარდა, ყოველ წუთს ვიცოდი, სად იყო. მე მიმყავდა სკოლაში და მე მომყავდა სკოლიდან, მასწავლებელთანაც მე მიმყავდა და მე მომყავდა, მაგრამ მერე ისე აღმოჩნდა თურმე, როგორც ამბობენ, რომ მე იქ დაგეგმვაში ვიღებდი მონაწილეობას, ვინაიდან 1-ელში ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და შემდეგ იქიდან წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული.
ეს არის რეზონანსული საქმე და არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო და არც შეთქმულების თეორიებზე დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ ეს არის უსამართლობა, რაც ახლა ხდება“, - განაცხადა მერაბ მალანიამ.