პროკურორი, რომელმაც ორი დღის წინ დაკავების ოქმში, დაკავების საფუძვლად მიუთითა, რომ გ.მ. [გიორგი მალანია] დაკავებული იყო შეუტყობინებლობის ბრალდებით, 2 დღეში სპონტანურ გადაწყვეტილებას იღებს და გადაწყდა, რომ გ.მ. მიმართ ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებით წარედგინა, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის შვილის, გიორგი მალანიას ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი მალანია არა თუ არ იცნობდა და სახელი და გვარი არ იცოდა, არამედ ვიზუალურადაც არ იცოდა ის პირები, რომლებიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებულები არიან.
“გიორგი მალანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ლ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას გულისხმობს. ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ კვალიფიკაციას, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დავეთანხმებოდით სხვა მუხლით წარდგენილ კვალიფიკაციას, ბრალის ნაწილში. გასაკვირია ბრალდების მხარის ნაბიჯი, პროკურორი, რომელმაც ორი დღის წინ დაკავების ოქმში, დაკავების საფუძვლად მიუთითა, რომ გ.მ. დაკავებული იყო შეუტყობინებლობის ბრალდებით, 2 დღეში სპონტანურ გადაწყვეტილებას იღებს და რატომღაც გადაწყდა, რომ გ.მ. მიმართ ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებით წარედგინათ.
მტკიცებულებები რამდენიმე წუთის წინ გადმომეცა. ამ ეტაპზე 1 ფურცელიც არ მაქვს წაკითხული და სასამართლომდე დროს მტკიცებულებების გასაცნობად გამოვიყენებთ. საქმე მოცულობითია - 35 ტომია და ზღვა მასალა ახლავს.
ნია იმნაძისა და გიორგი მალანიას ურთიერთობა არ დაწყებულა დღეების წინ, მათ ოჯახებს დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. სხვადასხვა ჯგუფში იყვნენ და არც ერთხელ არ ჩატარებიათ გაკვეთილი ერთი და იმავე ჯგუფში. ეს გ.მ.-ს მიერ ზეპირსიტყვიერად ვიცი.
გ.მ. არა თუ არ იცნობდა და სახელი და გვარი არ იცოდა, არამედ ვიზუალურადაც არ იცოდა ის პირები, რომლებიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულები არიან.
ბრალდების მხარის ვერსია არის, თითქოს გ.მ.-მ მიაწოდა მათ ინფორმაცია ადგილსამყოფელის შესახებ, ეს არის მხოლოდ ვერსია.
გ.მ. დაკითხულია საგამოძიებო ორგანოში და დეტალურად აქვს მიწოდებული ინფორმაცია”, - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა გაარკვიეს მისი [გიგა ა ალიანის] სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი. 2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ზემოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისთვის ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი უკვე მსჯავრდებულები არიან.