საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძრის რეაბილიტაციას იწყებს.
შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა სააგენტომ ორ ეტაპად გამოაცხადა, ჯამურად კი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 5 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ღონისძიების განხორციელების პერიოდად გათვალისწინებულია 2026-2027 წლები.
“2026-2027 წლების პერიოდისა და შესყიდვის ღირებულებად ჯამურად არაუმეტეს 5 000 000 ლარის განსაზღვრა განპირობებულია არა ერთჯერადად თანხის გამოყოფის ან სრული მოცულობით დაუყოვნებელი ვალდებულების აღების საჭიროებით, არამედ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან დაკავშირებული ღონისძიებების მრავალწლიანი, ეტაპობრივი და კვლევაზე დამოკიდებული ხასიათით”, - ნათქვამია სააგენტოს წერილში, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ერთვის თან.
ამასთან, სატენდერო დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჩასატარებელი ღონისძიება უკავშირდება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის - დაცვის, კვლევის, დიაგნოსტირების, ჰოლისტიკური კონსერვაციის, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, მონიტორინგის, მართვისა და პრევენციული კონსერვაციის ღონისძიებების განხორციელებას.
“ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ტაძრის ფიზიკური მდგომარეობის კომპლექსური შესწავლა, არსებული და პოტენციური რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, ისტორიულ-საარქივო, არქიტექტურული, საინჟინრო, გეოლოგიური, გეოტექნიკური, სეისმური, კლიმატური, მასალათმცოდნეობითი და სხვა კვლევების ჩატარება, ჰოლისტიკური კონსერვაციის დოკუმენტის, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალებების, მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა მართვის საშუალებების მომზადება/უზრუნველყოფა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი წარმოადგენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული ისტორიული, არქიტექტურული, მხატვრული, სულიერი და სახელმწიფოებრივი ღირებულება. ამასთან, ტაძარი შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, რაც სახელმწიფოსათვის ქმნის განსაკუთრებულ ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი ავთენტურობის, მთლიანობისა და გამორჩეული უნივერსალური ღირებულების შენარჩუნება. ღონისძიება ატარებს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მნიშვნელობას, რადგან იგი მიმართულია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გრძელვადიან დაცვაზე, საერთაშორისო საკონსერვაციო სტანდარტებთან შესაბამისი მიდგომის უზრუნველყოფაზე, ძეგლის მდგრად მართვაზე და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში უნდა განხორციელდეს და ამის აუცილებლობა განპირობებულია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის განსაკუთრებული სტატუსით, მისი ფიზიკური მდგომარეობის კომპლექსური შეფასების სასწრაფო საჭიროებითა და იმ გარემოებით, რომ ნებისმიერი შემდგომი საპროექტო, საკონსერვაციო თუ სარესტავრაციო ჩარევა უალტერნატივოდ უნდა დაეფუძნოს წინასწარ კვლევებს, დიაგნოსტირებას, სამეცნიერო ანალიზსა და ტექნიკურ შეფასებებს.
მათივე თქმით, შესყიდვების წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელი იყო იმ ობიექტური მიზეზის გამო, რომ პროცესი წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული და თანმიმდევრული ეტაპების ერთიან ჯაჭვს.
“წინარე (კვლევითი) ფაზის ზუსტი შედეგების, დაზიანებების სპეციფიკისა და ლაბორატორიული დასკვნების ეტაპობრივად მიღებამდე, ტექნიკურად და ფიზიკურად შეუძლებელია შემდგომი საპროექტო თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ზუსტი მოცულობების, სპეციფიკაციების, ვადებისა და ფინანსური საჭიროებების წინასწარ განსაზღვრა და მათი შესყიდვების წლიურ გეგმაში სტანდარტულად ასახვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.