საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სახელით, გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს არქიტექტურული სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, აკადემიკოს ვახტანგ (ჯემალ) დავითაიას გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ბატონი ვახტანგ დავითაია იმ თაობის შემოქმედი იყო, რომელმაც ქართულ არქიტექტურაში ახალი ეპოქა შექმნა. მისი მრავალწლიანი პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, უნიკალური შემოქმედებითი ხედვა, ეროვნული არქიტექტურული ტრადიციების თანამედროვე ფორმებთან შერწყმის უნარი და განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატისა და თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსების მიღმა იდგა პიროვნება, რომელმაც თავისი მრავალწლიანი პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართული არქიტექტურის ისტორიაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ამ დიდი შემოქმედისა და ღვაწლმოსილი ადამიანის გარდაცვალება. ბატონმა ვახტანგ დავითაიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი მოღვაწეობის 62 წელი მიუძღვნა. ამ ხნის განმავლობაში იგი ღირსეულად ემსახურებოდა უნივერსიტეტს, სადაც წარმატებულ არქიტექტორთა არაერთი თაობა აღზრდა.
ვახტანგ დავითაიას სახელი და შემოქმედებითი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისა და ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც პროფესიონალიზმის, ეროვნული იდენტობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითი.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
მსუბუქი ყოფილიყოს ქართული მიწა ბატონი ვახტანგის განსასვენებელზე.
მადლობა ყველაფრისთვის!“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის: ვახტანგ დავითაიას გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო სტატია. არის 250-მდე პროექტის ავტორი, მათ შორის: საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი "მზიური ველი" ბაკურიანში (არქ. გ. გეგელიასთან ერთად), ბიზნეს ცენტრი "მთაწმინდა" თბილისში, საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში, საცხოვრებელი სახლები: საგარეჯოში, ქუთაისში, წყნეთში, ოფშკვითში, ტაბახმელაში, პურის ქარხნები: ვაზისუბანსა და თბილისის ზღვის რაიონში, ხელოვნების ცენტრი გულრიფშში, მემორიალებისა: კავკასიის დამცველთა მემორიალი ყარაჩაევო-ჩერქეზეთში, "ალგეთის ბაზილიკა" სოფელ ტბისში, მეზღვაურთა მემორიალი ფოთში, დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში, "კოლეთის დედა" და ცოტნე დადიანის ძეგლი ფოთში (მოქ. ე. ამაშუკელი), სკოლა 600 მოსწავლეზე სოფელ გავაზში, "ხსოვნის ტაძარი" სოფელ მუხრანში, "ხსოვნის კუბი" ქალაქ სენაკში, და სხვა. მიღებული აქვს "წლის საუკეთესო არქიტექტურული წიგნის" ორი საერთაშორისო, არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს "იტერარქ-83", საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1983) და არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს "იტერარქ-85" პრემიები; 2005 წელს დასახელდა წლის ადამიანად, არის მას-დელ-პლატას (არგენტინა) სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1987), აშშ ინდიანას შტატის ქ. მანსის საპატიო მოქალაქე (1989). 2022 წელს სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ , ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის კი უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - გიორგი ნიკოლაძის მედალი გადაეცა.