ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, პოლიტიკური ჯგუფის, ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, რომელსაც აღნიშნული პოლიტიკური ოჯახის წევრი ქართული პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და „ქართული ოცნების“ მიმართ ზეწოლის მექანიზმებზე ისაუბრებენ.
მისივე თქმით, ALDE სრულად უჭერს მხარს ქართული დემოკრატიის განვითარებას და ქართველი ხალხის სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
„ევროპის დონეზე სიდიდით მეორე, მესამე ადგილის გამყოფი პარტია მთლიანად მხარს უჭერს ქართული დემოკრატიის განვითარებას, ქართველი ხალხის სურვილს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ შეუძლებელია რაიმე წინსვლა მოხდეს „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობაში, თუ საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ყოველდღიურ გაუარესებას გააგრძელებს. ვისი სანქცირება მოხდება, თუ არ მოხდება მეორე ამბავია. ჩვენი, „ძლიერი საქართველოს“ მთავარი მიზანი არ არის სანქციებზე საუბარი. ჩვენი მიზანია, ვილაპარაკოთ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საჭიროა ევროკავშირის ყველა დედაქალაქში და ზეწოლის ყველა იმ მექანიზმი, რომელიც მათ გააჩნიათ. მექანიზმები შემდეგ თავად უნდა შეარჩიონ ევროპულმა სტრუქტურებმა, მაგრამ აქ ვხედავთ მთელი ლიბერალურ-დემოკრატიული ოჯახის მხარდაჭერას,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.
პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ევროპის მმართველი პოლიტიკური პარტიები ევროპის მომავალზე და გამოწვევებზე მსჯელობენ.
„ჩვენ აქ ვართ უპირველეს ყოვლისა, როგორც საქართველოს დემოკრატიული პროტესტის და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის წარმომადგენლები იმისთვის, რომ დავიცვათ ქართველი ხალხის ხმა, ჩვენი დემოკრატიული ფუნდამენტური უფლებები,“ - განაცხადა გეგელიამ.
როგორც ცნობილია, ALDE-ს ყრილობაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებაა დაგეგმილი. კენჭისყრა ხვალ გაიმართება.