პოლიტიკურმა მართლმსაჯულებამ ბევრი პოლიტიკური ლიდერი ციხეში გამოკეტა, ზოგი კი განმეორებით განაჩენს ელოდება - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩემი ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდება და გამორჩეულ დემოკრატიულ პროგრესს მიაღწევს, - ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგი წერეთელმა, “ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
წერეთელმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე გაამახვილა.
“ბოლო დღეებში ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ჩვენი კოლეგისა და მეგობრის, ოთხი შვილის დედის და დემოკრატიული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ის კვლავ ციხეში რჩება საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო. მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარებაზე წვდომაც კი საბრძოლველი გახდა.
გვესმის, რომ დემოკრატიული ცვლილებების პასუხისმგებლობა ქართველ ხალხს ეკუთვნის. საზოგადოებამ და ჩვენმა ხალხმა განსაკუთრებული სიმამაცე გამოავლინა. ორ წელზე მეტია ათასობით მოქალაქე ყოველდღიურად მშვიდობიანად აპროტესტებს და ითხოვს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს რეპრესიების დასასრულებლად - საქართველოს ევროპულ მომავალს, ევროპულ ღირებულებებსა და უსაფრთხოებას იცავს.
ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა კვლავ ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს. ყველა გამოკითხვით ჩვენი ხალხის დემოკრატიული არჩევანია - ეს ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია.
დარწმუნებული ვარ, რომ EPP კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს, განაგრძობს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც იცავენ დემოკრატიას, თავისუფლებას და კანონის უზენაესობას.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩემი ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას. მიაღწევს გამორჩეულ დემოკრატიულ პროგრესს, როგორც თავისუფალი და ჭეშმარიტად ევროპული საქართველო”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.