ALDE-მ, სიდიდით მეორე ოჯახმა, ჩვენი მუშაობის შედეგად, მკაფიოდ ჩამოაყალიბა პოზიცია, რომ წინააღმდეგია, რომ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიღებასაც ALDE საქართველოსთან დაკავშირებით აპირებს.
მისი თქმით, ვენაში მიმდინარე ყრილობაზე, საუბარია იმაზე, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან იმისთვის, რომ საქართველო არსებული მდგომარეობიდან გამოვიდეს.
„გასულ წელს, იმის ნაცვლად, რომ აქ ვყოფილიყავით მე და ზურა [ჯაფარიძე] მაგალითად, ჩვენი აუდიო გზავნილი იყო ციხიდან გამოგზავნილი. დღეს ელენე ხოშტარია, რომელიც ასევე ALDE-ს ოჯახის წევრი პარტიის თავმჯდომარეა, ციხეშია და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს, პაატა მანჯგალაძე, ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი არის საპატიმროში, ეს ყველამ იცის. ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ საქართველომ დააღწიოს ამ უბედურებას თავი. რეზოლუციაში შეტანილია ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ALDE ეწინააღმდეგება, რომ უვიზო მიმოსვლა გაჩერდეს მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისთვის და თუ რამე უნდა იყოს, უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი ნაბიჯები გადადგმული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ALDE-მ, სიდიდით მეორე ოჯახმა, ჩვენი მუშაობის შედეგად, მკაფიოდ ჩამოაყალიბა პოზიცია, რომ წინააღმდეგია, რომ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ვაშაძემ „ტვ პირველთან“.