„ლელო - ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბეატე მეინლ-რაიზინგერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო - ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას ისაუბრეს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფების დაცვისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
„ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს კარგად ესმის ჩვენი გამოწვევები და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოსთვის. ქალბატონი მინისტრი ჩვენი პოლიტიკური ოჯახის გამორჩეული ლიდერია, რომელიც სარგებლობს ავტორიტეტით სრულიად ევროპის მასშტაბით. ის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ყველა იმ ქართველისთვის ვისაც თავისუფლება, კეთილდღეობა და ძლიერი ქართული სახელმწიფო ადარდებს”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ვენაში მიმდინარე ALDE-ს ყრილობის ფარგლებში, რომელსაც გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი ესწრებიან, „ლელოს" ლიდერები ხვდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს.