„ლელოსთვის“ ლევან ხაბეიშვილი ნამდვილად არ ყოფილა დამაბრკოლებელი ფაქტორი და არც მომავალში იქნება - გამოგონილი ამბავია. არც კი გამიგია მსგავსი რამ, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას: „ლევან ხაბეიშვილი პარტიების დიდი ნაწილისთვის იყო მიუღებელი, გაუგებარი მიზეზების გამო, ეს იყო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადადგომის მთავარი მიზეზი“.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ სამწუხაროა, თუ „ნაციონალური მოძრაობაში“ „ბულინგს“ ექვემდებარებიან და ამის მიხედვით წყვეტენ, ვინ იქნება იქ ხელმძღვანელი პირი.
„მსგავსი რამის გახსენება არ შემიძლია. ვწუხვარ, თუ არსებობს რომელიმე პარტია, რომელზეც სხვა ოპოზიციურ პარტიას ექნება ისეთი გავლენა, რომ გადაწყვიტოს, ვინ იქნება იქ ხელმძღვანელი პირი. არ არსებობს არანაირი ოპოზიციური პარტია, რომელიც ჩვენ გვიკარნახებს ოდესმე, ვინ უნდა გვყავდეს ლიდერად და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. სამწუხაროა, თუ სხვაგან არსებობს ისეთი შემთხვევები, სადაც ბულინგს ექვემდებარებიან.
ლევან ხაბეიშვილთან შეიძლება მე ბევრი განსხვავებული მოსაზრებაც მქონდეს, თუმცა მეც და ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა, ლევან ხაბეიშვილს აფასებს როგორც ვაჟკაც, მებრძოლ და კეთილსინდისიერ ადამიანს. ამის მიღმა ჩვენ მასთან არც განსაკუთრებული მეგობრობა გვქონია და არც კონფლიქტი.
არასდროს მსგავსი რამ არ გამიგია ხაბეიშვილზე. თავად ვესწრებოდი შეხვედრებს და არც ჩვენგან და არ სხვისგან არ გამიგია. არც „ნაცმოძრაობის“ მხრიდან გამიგია წუხილი ან რაიმე მოცემულობა. მე მგონია, რომ გამოგონილი ამბავია. არც კი გამიგია მსგავსი რამ და არა მგონია, ვინმემ დაგიდასტუროთ. არ არსებულ რაღაცაზე ვმსჯელობთ. „ლელოსთვის“ ლევან ხაბეიშვილი ნამდვილად არ ყოფილა დამაბრკოლებელი ფაქტორი და არც მომავალში არ იქნება“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.