ჩემთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება მიხეილ სააკაშვილი. ხაბეიშვილს და სხვებს ნუ დააბრალებს იმას, რომ არასწორი თამაშის წესებით ვითარდებოდა პარტიაში პროცესები, რამაც გარდაუვალ შედეგამდე მიიყვანა. კიდევ უფრო მძიმე შედეგამდე მიიყვანს, თუ ასე გაგრძელდება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„ლევან ხაბეიშვილთან ინგლისურად ლაპარაკის საჭიროება არ მქონია, ქართულად ვლაპარაკობდით. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იყო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. როგორც მივხვდი, მიხეილ სააკაშვილი შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ლაპარაკობს. ვერაფერს ვიტყვი, ეს მათი შიდა პარტიული საკითხია, თუმცა რა თქმა უნდა, სააკაშვილის მიმართ ნდობა არ გამაჩნია. სანამ ამ აღსარებას იტყოდა, მანამდე თქვა ასეთი რამ: „საქართველოში პოლიტიკური პროცესის მთავარი პრობლემაა ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი დაემსგავსა „ქოცებს“, ვინაიდან როგორც „ქოცებს“ მათაც აკლიათ გამჭვირვალობა, გულწრფელობა და იყენებენ ორმაგ სტანდარტს“. მგონი, აქ საკუთარ თავზე ლაპარაკობდა. ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რომ პოლიტიკა უფრო გამჭვირვალედ ვაკეთოთ, ორმაგი სტანდარტის გარეშე", - განაცხადა საბა ბუაძემ.
ამასთან, გადაცემაში საბა ბუაძემ ისაუბრა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად პოლიტიკური პარტიის შექმნაზე.
ბუაძის თქმით, მისი მიზანია ისეთი პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს კონკრეტულ გეგმებსა და პოლიტიკურ პროგრამაზე.
„ვერ გეტყვით რა კონფიგურაციები იქნება. კონფიგურაციებზე უფრო მნიშვნელოვანია რა პოლიტიკური განაცხადით მივალთ საზოგადოებასთან, თუნდაც კალენდარული არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს არის მნიშვნელოვანი. კითხვების მიღმა არის თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ საზოგადოების ნდობის დაბრუნება და იმ ადამიანების ნდობის მიღება, რომლებიც აქამდე ვერ ხედავდნენ ოპოზიციურ სპექტრში ალტერნატივას“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
მისი თქმით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად მუშაობს ახალი პოლიტიკური პროექტის შექმნაზე, რომელიც, მისი შეფასებით, უფრო ამომრჩეველზე ორიენტირებული იქნება და კავშირში იქნება საკუთარ ამომრჩეველთან.
„მიმაჩნია, რომ გვჭირდება უკეთესი პოლიტიკური პარტიები. ამიტომ, მე როგორც ერთი პოლიტიკოსი, ჩემ მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ვეძებ გზებს, რომ უკეთესი პოლიტიკური შეთავაზება გავუკეთო საზოგადოებას, ეს იქნება შემოდგომაზე, ზაფხულში თუ გაზაფხულზე, ამას საზოგადოება დაინახავს. ბევრ საკითხზე გვაქვს თანხვედრა, ბევრზე ვმსჯელობთ.
ჩვენ წარმოვადგენთ ახალ პოლიტიკურ თაობას, სადაც გაცილებით მარტივად შეგვიძლია საბაზისო საკითხებთან შეთანხმება, რომ არ გვინდა პოსტსაბჭოთა სტილის პოლიტიკის კეთება. ჩემი სრული ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ ხალხს უფრო მეტი ინტერესი გავუჩინოთ პოლიტიკის მიმართ. უნდა გავაკეთოთ ისეთი პარტიები, რომელიც კავშირში იქნება საკუთარ ამომრჩეველთან“, - განაცხადა საბა ბუაძემ.