მარიკა მიქიაშვილი ALDE-ს ყრილობის შესახებ - ვხვდებით დელეგაციებს და ყველა გამოთქვამს იმედს, რომ როდესაც ორბანი აღარ ბლოკავს სანქციების შესაძლებლობას, ევროკავშირი კიდევ ეცდება, დააწესოს მიზნობრივი სანქციები რეჟიმის წარმომადგენელთა მიმართ

ALDE-ს მიერ მიღებული რეზოლუცია ძალიან კრიტიკულია, ხაზგასმულია, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის რუსეთის უკანასკნელი დასაყრდენი აღმოსავლეთ ევროპაში და რომ ევროპამ უნდა მიმართოს ყველა ბერკეტს, რათა ქართველ ხალხს დაუჭიროს მხარი - რეზოლუციაში საუბარია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე,- ამის შესახებ „დროას“ წევრმა, მარიკა მიქიაშვილმა ვენაში განაცხადა, სადაც ALDE-ს ყრილობას დაესწრო.

მისი განმარტებით, რეზოლუციას, რომელიც ALDE-მ საქართველოს შესახებ მიიღო, ჰქვია „ქართველი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატიისთვის ბრძოლაში ავტორიტარული მიტაცებისა და რუსული კავშირების წინააღმდეგ“.

„რეზოლუცია არის ძალიან კრიტიკული და იქ პირდაპირ ხაზგასმულია, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის რუსეთის უკანასკნელი დასაყრდენი აღმოსავლეთ ევროპაში და რომ ევროპამ უნდა მიმართოს ყველა დიპლომატიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტს, რათა ქართველ ხალხს დაუჭიროს მხარი, მათ შორის უნდა იყოს ძალიან მკაცრი დაყოფა და განსხვავება ქართველი ხალხის მიმართ წარმოებულ პოლიტიკასა და რეჟიმის მიმართ წარმოებულ პოლიტიკას შორის. ამ მხრივ, „ალდე“ მიესალმება იმას, რომ უვიზო რეჟიმი უნარჩუნდება ქართველ ხალხს, მაშინ, როდესაც სავიზო რეჟიმი აქვთ დაწესებული ქართულ დიპლომატიურ პასპორტებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, რეზოლუციაში საუბარია პოლიტიკური პატიმრების შესახებ, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ყველა ღონე უნდა გამოიყენონ, რომ „ქართულ ოცნებას“ აიძულონ პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. საუბარი არის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საქართველოს შესახებ ცალკე ღონისძიებაზე, სადაც ისაუბრა ზურა-გირჩი ჯაფარიძემ და ბარონესა სალ ბრინტონმა დიდი ბრიტანეთიდან, იყო ცარიელი სკამი საქართველოს დროშით და ელენე ხოშტარიას სახელით, რაც იმას ნიშნავს, რომ ელენეც უნდა იყოს აქ, ჩვენთან ერთად, გამოდიოდეს სიტყვით, ნაცვლად იმისა, რომ უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდეს, გამოგონილი მიზეზებით. ყველა, ვისაც ვხვდებით, ერთხმად და ცალსახად სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და განსაკუთრებით პოლიტიკური პატიმრების მიმართ. ყველა ხვდება იმას, რომ ეს ბრალდებები არის შეთითხნილი და ყველა ითხოვს, პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“,- განაცხადა მიქიაშვილმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, რეზოლუციაში საუბარია მიზნობრივი სანქციების მნიშვნელობაზეც.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხვდებით დელეგაციებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში და ყველა გამოთქვამს იმედს, რომ ახლა, როდესაც ვიქტორ ორბანი უკვე აღარ ბლოკავს სანქციების დაწესების შესაძლებლობას, ევროკავშირი კიდევე ერთხელ ეცდება, რომ დააწესოს მიზნობრივი სანქციები რეჟიმის წარმომადგენელთა და ხელშემწყობთა მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდამ ვუსვამთ ხაზს იმას, რომ თუკი ევროკავშირის დონეზე ვერ მოხდება სანქციების დაწესება, ქვეყნებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფორმატს, რამდენიმე ქვეყნის გაერთიანებულ ძალისხმევას სანქციების კუთხით. იზოლაცია, რომ რეჟიმის მიმართ გაგრძელდეს, ამაზეც ყველა თანხმდება. ასევე, რეზოლუციაში ჩაიწერა დაგმობა რუსეთის მცდელობის,რომ მოახდინოს ცხინვალის რეგიონის ანექსია, რასაც ბოლო დროს ვხედავთ“- განაცხადა მარიკა მიქიაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ