ნანუკა ჟორჟოლიანი - პარტიის თავმჯდომარეობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია - მე უნდა ვიყო სწორი შუამავალი ხალხსა და მიშას შორის - პოლიტიკური ლიდერი, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა

უნდა ითქვას, რომ მიშა არის ამ პარტიის ლიდერი. ოპოზიციაში მყოფი ჩვენი ოპონენტები ამას იყენებენ, მაგრამ ჩვენ ასე ვფიქრობთ, მათ ეს მოსწონთ თუ არა, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტქალაქში“ განაცხადა.

ჟორჟოლიანის თქმით, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გარკვეული იდეები აქვს პარტიასთან დაკავშირებით და რეფორმების ჩატარებასაც აპირებს.

„თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. მე მგონი, ცოტა სხვა გზით მივდივართ. არ მინდა, მიშას დავასწრო ეს ამბები. ძალაში რაც რჩება, ეს არის რეფორმები. მე შიგნით შესვლამ, შეხვედრებმა რაღაცები უფრო ახლოდან დამანახა და დამარწმუნა იმაში, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც რეფორმების ჩატარება შეუძლია, ეს არის თვითონ მიშა. პატიმრობის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება.

მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი იდეა გაუჩნდა, უბრალოდ, მე არ ვიქნები სწორი, რომ მის იდეებზე ვისაუბრო, თავად უნდა ალბათ ამის წარდგენა და უახლოეს დღეებში იქნება, მაგრამ მინიშნებას გავაკეთებ - ეს იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება რეფორმებზე პარტიის შიგნით. ამის ხელმძღვანელი იქნება მიშა.

უნდა ითქვას, რომ მიშა არის ამ პარტიის ლიდერი. ოპოზიციაში მყოფი ჩვენი ოპონენტები ამას იყენებენ, მაგრამ ჩვენ ასე ვფიქრობთ, მათ ეს მოსწონთ თუ არა. ეს ადამიანები მიშას მაგიდასთან 2012 წლის ბოლო დღემდე ისხდნენ. 2012 წლის ბოლო დღემდე ყველაზე გავლენიანი სტატუსი რომ გაქვს, ისეთი, როგორიც არის უშიშროების საბჭოს მდივნობა, გარდა ამისა, მის მაგიდასთან ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა ხარ (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მის მეუღლეს) და დღეს ციხეში მყოფ სააკაშვილზე მელაპარაკები, რომ ავტოკრატი იყო, არასწორია. ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ მიშა უნდა იყოს რეფორმების ხელმძღვანელი, მიშამ უნდა განსაზღვროს, ეს პარტია როგორი უნდა რომ იყოს იმიტომ, რომ ამ პარტიაში არის ამდენი წლის ნაბრძოლი ხალხი.

ხომ დამასახელა მან, მე შევედი, გავეცანი სიტუაციას, რეგიონებში ჩავედი, ვესაუბრე ხალხს, მერე მიშას გავაცანი, როგორ ხედავს ეს ხალხი და ეს ხალხი ამ პროცესს ასე ხედავს, რომ ამ რეფორმებს მხოლოდ მიშასგან მიიღებს. ბევრს თვალით არ ჰყავს ნანახი მიშა, რადგან 2012 წლის შემდეგ შევიდნენ პარტიაში.

მიშას გარდა, ავტორიტეტი აქვს ხაბეიშვილსაც იმიტომ, რომ იმ რეგიონში ადამიანი მეუბნება, ხაბეიშვილი თავმჯდომარე რომ იყო, ჩვენ აქ ძეხვს ერთად ვჭამდით ღამის 12 საათზეო; იქ ქორწილში „ხაბე“ ჩამოვიდაო... მიშა მათთვის არის სადღაც შორს მყოფი იდეა, მაგრამ ხელშესახები ადამიანი არის „ხაბე“. მთელი ამ ხნის განმავლობაში ორ ადამიანზე მესაუბრებოდნენ, ეს იყო შორს მყოფი მიშა და ახლოს მყოფი „ხაბე“, რომელიც ამ იდეების რეალიზებას სწორი კომუნიკაციის ფორმით ახდენდა“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კითხვაზე, თუ ხაბეიშვილი ასეთი ავტორიტეტით სარგებლობდა, რატომ გაუშვეს პარტიის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან, ჟორჟოლიანმა უპასუხა, რომ აქცენტი არა რეგიონულ მასშტაბზე, არამედ ვიწრო „ბაბლზე“ გაკეთდა.

„ეს პრობლემაა იმიტომ, რომ მაშინ როგორც მიშამ თქვა, არჩევანი გააკეთეს არა ამ რეგიონულ, დიდ და ძალიან სერიოზულ ნაწილზე, არამედ „ბაბლზე“ იმიტომ, რომ „ბაბლმა“ „ხაბეს“ დაუწუნა... მათ შორის, მე ვიყავი და „ხაბეს“ ვიწუნებდი. არ მომეწონა ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კონფლიქტში ვიყავი ნიკა მელიასთან, მიშას საკითხზე და ჩვენ გვიჩხუბია ამაზე, ამის მიუხედავად, მე ვფიქრობდი, რომ მელიას არასწორი ფორმებით გადაუგრიხეს ხელი. ახლაც ასე ვფიქრობ და ათი წელი რომ გავიდეს, მერეც ასე ვიტყვი. პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ განცხადებაზე, რაც „ხაბეზე“ გამიკეთებია მანამდე. თან მაშინ მესმოდა, რომ იქ კულუარებში ვანო [მერაბიშვილი] იყო, რომელიც აგვარებდა ამ [თავმჯდომარეობის] არჩევნების დეტალებს და არ მომწონდა ურთიერთობის ეს ფორმატი. ჩვენ თუ ადამიანებს არ დავანახებთ, რომ მათთან საუბრის ენა, მოქმედების ენა შეცვლილი გვაქვს და ეს ყველაფერი ისე აღარ იქნება, როგორც ადრე იყო, ეფექტურ ფორმატს ვერ შევქმნით.ნახეთ, შემდეგ რა მოხდა - ის ადამიანებიც კი, რომლებიც „ხაბეს“ უწუნებდნენ დიალექტს და თურმე კბილებსაც, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, 4 ოქტომბრის კამპანიაში მას აყვნენ იმიტომ, რომ მასში ძალა და ეფექტურობა დაინახეს. მე ვგმობ ყველა ადამიანს, ვინც მიიჩნევს, რომ მაშინ ლიდერებმა ხალხს შეცდომა დააშვებინეს. მე ვფიქრობ, რომ მაშინ ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ იქნებ გამოსულიყო, ასეთი ამბები კი ხან გამოდის და ხან არა“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

მან საზოგადოებაში სააკაშვილის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნებამდე მისმა დაკავებამ ამომრჩევლებში დეპრესია გამოიწვია, რადგან, ჟორჟოლიანის თქმით, ხალხს მხსნელი სჭირდება და არ აქვს იმის რესურსი, აქეთ იხსნას სხვა.

„მაშინ მთავარი შეცდომა იყო არასწორი გათვლა თუ არ ვიცი, ღალატი... მე მაგ ნაწილში უფრო მგონია, რომ ეს არის ისტორიის წინაშე ჩადენილი დანაშაული, რომ მიშა დაიჭირეს არჩევნებამდე და ხალხს შეეშინდა. მიშა რომ არჩევნების შემდეგ დაეჭირათ, აბსოლუტურად სხვა სურათი და რეალობა იქნებოდა.

არასწორი იყო მიშას დაჭერა არჩევნებამდე იმიტომ, რომ ამან უფრო მეტი დეპრესია შექმნა ხალხში, ვიდრე იმედი და ძალის მიცემა. ამ ხალხს სჭირდება მხსნელი. ეს მხსნელი იქნება ბევრი ერთად, კოალიციური, ერთი თუ ორი არ ვიცი, მაგრამ ამ ხალხს უნდა, რომ ვიღაც მოვიდეს და გადაარჩინოს. ეს გამოჩნდა ძალიან კარგად მაშინ, როცა ამ მხსნელს ეძებდნენ სალომეშიც.

ეს ხალხი ეძებს ძალას ვიღაცაში ან ვიღაცებში, რომ იქით გადარჩნენ და მიშა დაიჭირეს და შემდეგ უკვე ის, რომ ციხიდან უნდა გამოიყვანო და გადაარჩინო, ამის რესურსს ეს ხალხი თავის თავში ვერ ხედავს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობას, ჟორჟოლიანის თქმით, ის არ აპირებს თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა წამოაყენოს, რადგან ამის კომპეტენცია არ გააჩნია.

„არ ვყოყმანობ, მე მინდა, რომ სწორი კომპეტენციით დალაგდეს სქემა. მე ვიცი, რა შემიძლია და რაც არ შემიძლია, არ შევალ იქ, მე არ ვარ ყაველაშვილი. თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია, ამიტომ ის ტვირთი მინდა გაინაწილოს კომპეტენტურმა, მცოდნე ადამიანმა და მე რაც შემიძლია, იმას ავიღებ და იდეალურად გავაკეთებ.

ერთია ხალხის სიყვარული, მაგრამ ის არ კონვერტირდება პოლიტიკაში. მაგრამ აქ საუბარი არ არის, რომ პოლიტიკური ლიდერი უნდა ვიყო. პოლიტიკური ლიდერი არის მიშა, მე უნდა ვიყო სწორი შუამავალი ხალხსა და მიშას შორის. მე მგონია, რომ ამ ხალხის პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა. უნდა დავანებოთ თავი ამ მლიქვნელობასა და აფერისტობას, რომ მოვიგონოთ ვიღაც, მერე ის ვაქციოთ პოლიტიკურ ლიდერად.

ჩვენთვის [„ნაციონალური მოძრაობისთვის”] საკითხი დგას ასე - ბიძინა თუ მიშა. ბიძინა არის მთავარი მოთამაშე. ჩვენ სხვა „ტიპებს“ მთავარ მოთამაშეებად არ ვთვლით, ვთვლით ბიძინას და აქეთ მიშას. ჩვენთვის ეს ორი ძლიერი მოთამაშეა. თუ ვსაუბრობთ პოლიტიკურ ფიგურაზე, დამისახელეთ მიშასა და ბიძინას დონის მოთამაშეები, არ არსებობს. ბიძინა მე არ მომწონს, მაგრამ ბიძინა არის მთავარი მოთამაშე, არც კობახიძე, არც ღარიბაშვილი, არც ლილუაშვილი და არავინ“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ