ძალიან სამწუხარო არის, რომ ასეთი ანგარიში შევიდა ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაში. მე ვფიქრობ, ამის დიაგნოზი არის ის, რომ თავიანთი უნიათობით, თავიანთი არასწორი პოლიტიკით და არაჯანსაღი დამოკიდებულებით ეკლესიისადმი და ეკლესიის ხმისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშს გამოეხმაურა.
ამასთან, მან 2023 წელს მომხდარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას ახლა პირველად აჟღერებს.
„არ გავახმაურეთ თავის დროზე, საპატრიარქომ არ გაახმაურა იმიტომ, რომ საზოგადოებაში 2023 წელს ისედაც ძალიან დიდი პოლარიზაცია იყო და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ჯობდა ამაზე გავჩუმებულიყავით, ვიდრე კიდევ უფრო მეტი ხმაური გამოგვეწვია საზოგადოებაში.
საქმე ეხება 2023 წლის აგვისტოში ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საპატრიარქოში. ქალბატონი ჰაჯა ლაბიბი მობრძანდა საპატრიარქოში და სხვა საკითხებთან ერთად უცნაური და გაუგონარი რამ გვთხოვა. მან თქვა, რომ საპატრიარქოს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები საზოგადოებაში, რომ ქართული საზოგადოება 21-ე საუკუნის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩა და მათთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინებები და ჩვენ გვთხოვა, რომ უნდა დავხმარებოდით ამის პოპულარიზაციაში.
აი, წარმოიდგინეთ, საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა იყო ჩვენი მხრიდან, არსებობს ამის ფოტო მასალა, ქორეპისკოპოსი ესწრებოდა ამ შეხვედრას და ამ ქალბატონმა ასეთი უცნაური რამ გვითხრა ჩვენ.
ამ ლგბტ დღის წესრიგიდან მოვუყვანე ერთი იმ დროს ძალიან გახმაურებული შემთხვევა და ვუთხარი, რომ თქვენმა ლგბტ დღის წესრიგმა მოიტანა ეს შემთხვევა, როდესაც სპორტული შეჯიბრების დროს ქალი სპორტსმენი, ბოქსიორი რინგზე ისე სცემა ტრანსგენდერმა, რომ ინვალიდად დატოვა ეს ქალი და ცხარე ცრემლით ტიროდა, იტალიელი სპორტსმენი იყო მგონი, რომ მთელი ცხოვრება ემზადებოდა ამ ჩემპიონატისთვის, კაცი გავიდა რინგზე და დაასახიჩრა, მოტეხა ყბა”, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრიამ.
კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა ამაზე სტუმარს, ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ამაზე პასუხი არ ჰქონდა.
„მან თქვა, რომ მე აქ დისკუსიისთვის არ ვარ მოსულიო, დასტაცა თავის ფურცლებს ხელი რაც ჰქონდა და წავიდა, პასუხი არ ჰქონდა, ამაზე რა პასუხი შეიძლებოდა ჰქონოდა”, - განაცხადა დეკანოზმა.
მისი თქმით, ამის მერე ფაქტობრივად არ ახსენდება, რომ ევროპის წარმომადგენლები მისულიყვნენ საპატრიარქოში.
"ახლა, რაც საქართველოს ჰყავს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, კვლავ განახლდა ეს ურთიერთობები საელჩოებთან და საკმაოდ ნორმალური ურთიერთობები არის”, - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, ევროკავშირის და ევროპარლამენტის წარმომადგენლები წინა წლებში მათთან ასე არ ლაპარაკობდნენ.
"მაგალითად, ევროკავშირის მაშინდელი ელჩი, იანოშ ჰერმანი ძალიან მეგობრული ურთიერთობებით გამოირჩეოდა სხვებისაგან განსხვავებით. მის დროს ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ევროპასთან მიმართებაში. არაერთხელ უთქვამს ოფიციალურ თუ კერძო შეხვედრებში, რომ ევროკავშირი ეს არის მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული გაერთიანებაც და საქართველო თავისი კულტურითა და ტრადიციებით კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებდა და არ იქნებოდა არანაირი მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საპირწონედ, რომ საქართველოს დაეთმო თავისი ტრადიციები და ქრისტიანული ფასეულობები.
სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო იმ დროს საპატრიარქოს რამდენიმე განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქო მიესალმება პოლიტიკას ევროსტრუქტურებში გაერთიანების შესახებ, მათ შორის იყო პატრიარქის განცხადებაც, თუმცა ყველა ეს განცხადება იყო დათქმით, რომ ქართული ტრადიციული ფასეულობები და ქრისტიანული ღირებულებები იქნებოდა შენარჩუნებული", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ამასთან, მან გაიხსენა 2019 წელს ბათუმში გამართული კონფერენცია.
„ბათუმში იყო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა სწორედ საქართველოს სვლას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. იქ მომეცა საშუალება და პანელზე მყოფ მიხაელ როთს ვკითხე: "ჩვენ ვხედავთ ჩვენი მოსახლეობის პოლარიზაციას ერთი ძალიან მტკივნეული საკითხის გარშემო. საქმე იმაშია, რომ ქართული კულტურისათვის უცხო არის ცხოვრების ინტიმური დეტალების დემონსტრირება, როგორიც არ უნდა იყოს ის. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ლგბტ ხალხის წინააღმდეგ არ არსებობს აგრესია, მანამ სანამ ისინი საკუთარი ცხოვრების წესის დემონსტრირებას არ იწყებენ. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის რბილი ძალის ხელში ძალიან ნოყიერ ნიადაგს ქმნის ეს თემა, ჩვენ ძალიან გვაწუხებს ეს და ვსვამთ შეკითხვას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ მსგავსი აქციები, პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს მის ქუჩებში“. მან შუშის თვალებით გვითხრა, რომ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო", - განაცხადა დეკანოზმა.
დეკანოზმა ანდრიამ ასევე ისაუბრა 2019 წელს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე.
„ამ პანელის შემდეგ, 2019 წლის შემოდგომაზე ბრიუსელში ვიყავით. ეს იყო ინტერრელიგიური ჯგუფის ვიზიტი, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ვიყავით. იქ შევხვდით „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებს, ვიყავით ევროპარლამენტში. გვქონდა საკმაოდ ბევრი დრო სასაუბროდ ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიენესთან და მათაც ვუხსნიდით იგივეს, რომ ქართველი ხალხი ძალიან მოწადინებულია, კვლავ არ აღმოჩნდეს რაღაც წნეხის ქვეშ, თავისუფლებით ისარგებლოს და ევროკავშირში იყოს, ყველაფერს აკეთებს ამისთვის, უბრალოდ, იცოდეთ, რომ თუ დღის წესრიგიდან არ მოხსნით და არ შეამსუბუქებთ ადამიანის უფლებების საფარქვეშ ლგბტ დღის წესრიგს, თქვენ მიიღებთ ანტიევროპულ განწყობებს. ჩვენ ეკლესია ვართ, ჩვენთან ხალხის განწყობები ძალიან იკრიბება. ძალიან მეგობრული რჩევა იყო ეს, რომ თუ გაინტერესებთ, რა არის გამოსავალი, გამოსავალი არის ეს, რომ საქართველოს თავს არ უნდა მოახვიოთ ეს დღის წესრიგი. სამი დღე ვისაუბრეთ და დამშვიდობებისას პასუხი იყო, რომ წლების წინ ჩვენც ვიყავით ჰომოფობები და თქვენც შეეჩვევით ამ ლგბტ დღის წესრიგს", - განაცხადა დეკანოზმა და აღნიშნა, რომ ეს რასა იუკნევიჩიენეს სიტყვები იყო.
"იმ ნაწილში, რომ ეს არის მათი დღის წესრიგი, შაბლონი და არ აინტერესებთ ჩვენი საზოგადოების განწყობები ლგბტ დღის წესრიგთან დაკავშირებით, ეს არის სიმართლე, არ აინტერესებთ. ის, რომ ჩვენ ოჯახური ფასეულობებისადმი ვართ ერთგული, ის, რომ ეკლესია ამისათვის იბრძვის, ის, რომ ვიძახით, რომ საქართველოს დემოგრაფიული პრობლემა აქვს, რომ აბორტი მკვლელობაა და ასე შემდეგ, ეს იმ იდეოლოგიისთვის არის მიუღებელი. ამიტომ ამის გაბათილება ხდება რუსული კლიშეს მიბმით, ეს რუსული თემა არის ყველაზე უფრო სალანძღავი ახლა და იმის ნაცვლად, რომ თავად გაითვალისწინონ ჩვენი რჩევა, საზოგადოებას რა განწყობები აქვს, მათ აქვთ დღის წესრიგი, რომელიც საზოგადოების განწყობებს ამ ნაწილში ეწინააღმდეგება და ფიქრობენ, რომ ეკლესია არის მხოლოდ, როგორც ინსტიტუცია, მათი პოლიტიკის წინააღმდეგი. რეალურად ეს ხალხი ეკლესიის შემადგენელი ნაწილია", - განაცხადა დეკანოზმა.