ალეკო ელისაშვილის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

"ვისაუბრე იმ ძირითად მტკიცებულებებზე, რომელიც მიმაჩნია, რომ ადასტურებს ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ტერორისტული აქტის მცდელობის ჩადენის ფაქტს, ვისაუბრე იმ ვიდეოჩანაწერზე, რომელზეც დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულის მოქმედებები, ასევე ვისაუბრე მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე, ნივთიერ მტკიცებულებებზე, რომლებიც ამოღებულია და ასევე, ბრალდებულის მიზნებზე, რომელიც ცალსახა იყო, რომ

არსებობდა ტერორისტული მიზანი ალექსანდრე ელისაშვილის მხრიდან, სწორედ ამ მიზნით ცდილობდა ის სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციას, ამ მიზნით ცდილობდა ის სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდებას და იქ მყოფი პირებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნას.

ბრალდების მხარე მოქმედი კანონმდებლობით კონკრეტულ სასჯელს არ ითხოვს, გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. ჩვენ დაზარალებულის [სასამართლოს] წარმომადგენელი დავკითხეთ, რომელმაც დააფიქსირა პოზიცია მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. მან გვითხრა, რომ ქმედების დასრულების შემთხვევაში, ზიანი 25 მილიონზე მეტი ლარის იქნებოდა. თუმცა, ქონებრივი ზიანის გარდა, ქმედების დასრულების შემთხვევაში, სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია, მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევა მოხდებოდა. სისხლის სამართლის კოდექსი დასრულებულ ქმედებასა და მცდელობასთან მიმართებით რამე ტიპის განსხვავებას არ ცნობს ქმედების კვალიფიკაციის დროს",- აცხადებს ხუბეჯაშვილი.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ