მინისტრი - მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს, ასევე, შექმნის გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი

საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამავდროულად, შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და შესაბამისად, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.

„გვინდა საზოგადოებას გავუზიაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და შესაბამისად, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. სულ უფრო მზარდია შუა დერეფნის როლი დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადებისთვის. შუა დერეფანი ჩამოყალიბდა ევროპასა და აზიას შორის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-ეკონომიკურ მარშრუტად, რაშიც საქართველო საკვანძო როლს ასრულებს. ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა დღეს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებს. ზრდა ფიქსირდება ყველა სახეობის ტვირთთან მიმართებით. 2026 წლის იანვარ-აპრილში ტვირთბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო 4 წლის განმავლობაში ჯამურად 46%-იანი ზრდა დაფიქსირდა“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ გასული ერთი წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის შემდგომი განვითარების მკაფიო ხედვა და სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაშია შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ზრდის პერსპექტივებთან.

„საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე აღნიშნული სექტორის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის თვისებრივ განახლებას და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დასრულებას. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, განხორციელებულმა რეფორმებმა და პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებულმა მუშაობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ უპრეცედენტო საერთაშორისო ინტერესი განაპირობა როგორც მეზობელი და ცენტრალური აზიის ქვეყნების, ჩინეთისა და ყურის სახელმწიფოების, ისე დასავლური კომპანიების მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ანაკლიის პროექტმა უკვე არა მხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის დატვირთვა შეიძინა. პროექტის მიმართ მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო კომპანიის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამავდროულად, შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე