2029 წელს ანაკლიის პორტში პირველ გემს მივიღებთ - გეგმას სახელმწიფო ზედმიწევნით მიჰყვება, - ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.
როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა Land lord-ის მოდელით განხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ პორტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება. მისივე თქმით, ტერმინალები, რომელიც როგორც მშრალი, ასევე საკონტეინერო ტვირთისთვის იქნება, იჯარით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემა.
“Land lord-ის მოდელი საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია. ეს მოდელი აღნიშნულ სექტორში ყველაზე წარმატებულ და აპრობირებულ მოდელად ითვლება. შემიძლია დავასახელო მაგალითები, თუ სად ოპერირებენ ყველაზე წარმატებულ პორტები Land lord-ის მოდელით - ეს გახლავთ ბელგია, სინგაპური, აშშ-ი, გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი და ასე შემდეგ. საქართველო ამ ჩამონათვალში იქნება ერთ-ერთი 2029 წლიდან, როდესაც ჩვენ მივიღებთ პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, პროექტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მისივე ინფორმაციით, Land lord-ის მოდელიდან გამომდინარე, განახლებული გენგეგმის შექმნასა და მოდიფიცირებაზე აქტიური მუშაობა დაიწყო.
“სახელმწიფო უზრუნველყოფს დაღრმავების და ტალღამტეხის ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც ყველა პორტისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. პროცესი დღეს უკვე დაწყებულია. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ჩვენმა ოპონენტებმა, ყველას შეუძლია ადგილზე ჩავიდეს და ნახოს, რომ დღეს ანაკლიის პორტში აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს.
Land lord-ის მოდელიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეა ჩვენმა გუნდმა განახლებული გენგეგმის შექმნასა და მოდიფიცირებაზე აქტიური მუშაობა დაიწყო. მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ გადაიხედოს ის მოცულობები, რაც პირველ ფაზაში, პირველ ეტაპზე გვქონდა წარმოდგენილი, რადგან “შუა დერეფანში“ გაზრდილი ტვირთბრუნვიდან გამომდინარე, საქართველოს პირველ ფაზაშივე შეუძლია ბევრად მეტი ტვირთის მიღება, გადამუშავება და გატარება, ვიდრე ეს საწყისს ეტაპზე იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.