მარიამ ქვრივიშვილი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების ახალი მოდელიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მოუწევს გეგმურზე დამატებით დაახლოებით 200 მლნ დოლარის მობილიზება

[ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების] ახალი მოდელიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მოუწევს გეგმურზე დამატებით დაახლოებით 200 მლნ დოლარის მობილიზება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, 200 მლნ დოლარის მობილიზაცია საჭირო ახალი კომპონენტის განსახორციელებლად გახდა, რომელიც გულისხმობს ძირითადი და ფუნდამენტური საპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ნავმისადგომებისა და სხვა მნიშვნელოვანი თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

“ჩვენ ძალიან აქტიურ მოლაპარაკებებში ვიმყოფებოდით ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან. იცით, რომ [ჩინეთთან] სტრატეგიულმა თანამშრომლობამ ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და გაღრმავებას. ამის შედეგებს ჩვენ ყოველ კვარტალში ვხედავთ. ჩვენ ვრჩებით ძალიან მეგობრულ და პარტნიორულ რეჟიმში ჩინურ მხარესთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვიხილავთ ჩინური მხარის ჩართულობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განახლებულ მოდელში. ეს არის მოდელი, რომელსაც მიესალმება ყველა ჩვენი საერთაშორისო პოტენციური პარტნიორი, რამეთუ ეს არის საერთაშორისოდ აპრობირებული წარმატებული მოდელი.

განახლებულ მოდელამდე ჩვენ გვქონდა ასეთი ფორმულა შემუშავებული, რომ სახელმწიფო თანამონაწილეობას ახდენდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებაში. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა არ იცვლება - 1 100 მლრდ დოლარი. იცვლება პროპორცია. სახელმწიფოს წინა პროექტისა და კონცეფციის ფარგლებში, უწევდა გაეკეთებინა მიმდინარე ინფრასტრუქტურა: ტალღმჭრელი და ფსკერის დაღრმავება, რომელიც მიმდინარე პროცესშია, როგორც სახელმწიფო ვალდებულება. ასევე, სახელმწიფოს უნდა მოეწყო რკინიგზა და დამაკავშირებელი გზა, რომელიც ახალი მოდელის ფარგლებში, კვლავ სახელმწიფოს ვალდებულებად რჩება. თუმცა ჩვენ ახალი მოდელის ფარგლებში დაგვემატა ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც გულისხმობს ფუნდამენტური დამატებითი ინფრასტრუქტურის, ნავმისადგომების, კომუნიკაციების და სხვა თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

რაც შეეხება დამატებით ინვესტიციებს, კვლავ რჩება კომპონენტი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასაწევი ინვესტიციებისთვის. თითოეული ჩვენი პარტნიორი, რომელიც იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ერთ-ერთი ოპერატორი, მათ მოუწევთ ინვესტიციების განხორციელება, იმისთვის, რომ სრულად აღჭურვონ ნავმისადგომები. ახალი მოდელიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მოუწევს გეგმურზე დამატებით დაახლოებით 200 მლნ დოლარის მობილიზება.

ჩვენ ძალიან დიდი ეკონომია გვაქვს გაკეთებული მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში. 50-52 მლნ დოლარის ოპტიმიზაცია განხორციელდა. შესაბამისად, ნაცვლად 250 მლნ დოლარისა, სახელმწიფო დამატებით 200 მლნ დოლარს მოაბილიზებს, იმისთვის, რომ დამატებითი ინფრასტრუქტურა შეცვლილი მოდელიდან დააფინანსოს. დაფინანსების მოდელი იქნება სტანდარტულად ორივე - ეს იქნება საბიუჯეტო, ისევე როგორც თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ძალიან დიდი ინტერესი არსებობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ჩართულობის. მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ისევე როგორც საერთაშორისო პოტენციური ოპერატორების მხრიდან.

რაც შეეხება ვინ იქნება ახალ მოდელში ჩინური მხარის წარმომადგენელი, ამას, ალბათ, ჩვენ მიმდინარე სამუშაო პროცესში უფრო ნათლად დავინახავთ. მინდა დავაფიქსირო ჩვენი დიდი სურვილი და მოტივაცია, რომ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვიხილოთ ჩინური მხარის აქტიური ჩართულობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებასა და შემდგომ განვითარებაში.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სამი მიმართულებით მოახდენს სახელმწიფო ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში: 1. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს დაღრმავებით და ტალღმჭრელის სამუშაოების მოწყობას. 2. რკინიგზისა და დამაკავშირებელი გზის მოწყობა, რომელიც წინა მოდელშიც აქტუალური იყო და ახალ მოდელშიც აქტუალურად რჩება და შემოდის ახალი კომპონენტი, რომელიც გულისხმობს ძირითადი და ფუნდამენტური საპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის ნავმისადგომებისა და სხვა მნიშვნელოვანი თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას. ეს არის ახალი კომპონენტი, რომლისთვისაც დამატებითი 200 მლნ დოლარის მობილიზებას მოახდენს სახელმწიფო და ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ