ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

ამ დღეს, დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც, ბრალდებული ელისაშვილი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს.

აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე გიორგი გელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

მან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულ პოლიტიკოსს სასამართლოში დაბრუნებისა და საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობა მისცა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს, დაცვის მხარე კი, ელისაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებაში მის გამართლებას.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ