გიორგი სიორიძე - „ოცნების“ უბადრუკ მცდელობას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან კარგად გასცა პასუხი, რომ ევროპა არ არის ბაზარი, სადაც ტყვეებით და მონებით ვაჭრობა მოხდება, როგორც ეს ივანიშვილს წარმოუდგენია 90-იან წლებში, რუსეთში მიღებული გამოცდილებით

„ქართული ოცნების“ უბადრუკ მცდელობაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ძალიან კარგად არის გაცემული პასუხი, რომ „ეს არ არის ბაზარი, ეს არ არის ტყვეებით და მონებით ვაჭრობა“, როგორც ეს ივანიშვილს წარმოუდგენია, იმ გამოცდილებიდან 90-იანი წლების რუსეთში რომ მიიღო. ყველა ხიდი დაწვეს და ირანში ჩადიან სატირალში, სადაც კვლავაც გაისმის, „სიკვდილი ამერიკას“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

სიორიძე გამოეხმაურა „ალდეს“ ყრილობაზე ავსტრიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, ბეათე მაინლ-რაიზინგერის განცხადებას, რითაც მან „ქართულ ოცნებას“ მიმართა - „არანაირი კომპრომისი არ იქნება, განსაკუთრებით ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებზე! ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება!“ გიორგი სიორიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ელჩებს აქვთ პერსონალური პოზიციები, მაგრამ რეალურად, როცა საუბრობს დიპლომატი და მითუმეტეს, პირველი დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ის გამოხატავს თავის სახელმწიფოს პოზიციას.

„ავსტრია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა და წევრი ევროკავშირის. შესაბამისად, ცხადია, ეს არის ავსტრიის პოზიცია, რომელსაც ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ევროკავშირის, როგორც გაერთიანების პოზიციაზე და ვფიქრობ, ძალიან კარგად არის გაცემული პასუხი „ქართული ოცნების“ ამ უბადრუკ მცდელობაზე - ეს არ არის ბაზარი, ეს არ არის ტყვეებით და მონებით ვაჭრობა, როგორც ეს ივანიშვილს წარმოუდგენია, შეიძლება თავისი გამოცდილებიდან 90-იანი წლების რუსეთში რომ მიიღო. ყველაფერი არის მათგან [„ქართული ოცნებისგან“] მოსალოდნელი, ყველა ხიდი დაწვეს და ირანში ჩადიან სატირალში, სადაც კვლავაც გაისმის, როგორც კობახიძე ჩადიოდა, „სიკვდილი ამერიკას“.

ვისაც თვალი აქვს იხილოს, ვისაც ყური აქვს ისმინოს. ეს პირველ რიგში მიემართება „ქართული ოცნების“ იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯერ კიდევ მიამიტურად სჯერათ, რომ „ქართული ოცნება“ რაიმე უკეთესობისკენ წაიყვანს ამ ქვეყანას“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ALDE-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზეა საუბარი, გიორგი სიორიძის შეფასებით, რეზოლუცია ასახავს მწარე სიმართლეს, მაგრამ რეალობას.

„რა თქმაა უნდა, ძალიან შეშფოთებულები არიან ჩვენი პარტნიორები იმით, თუ რა დამართა „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანას, მაგრამ ასევე კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ისინი არიან „ქართველი ხალხის გვერდით. დასავლური მხარდაჭერა არ აქვს „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, როგორც მჩაგვრელ ძალას, ძალას, რომელიც საქართველოში პასუხისმგებელია ყველა იმ უკუსვლაზე, რომელიც სახელმწიფომ განიცადა, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში. „ქართული ოცნება“ დაშორდა ევროპულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებები ფეხ-ქვეშ გათელა, პოლიტიკური რეპრესიები აქვს ამ ქვეყანაში, ცდილობს პარტიების აკრძალვას, მედიის, არასამთავრობო სექტორის შეზღუდვას, პროტესტის მოგუდვას და ეს ყველაფერი არის ფუნდამენტური ღირებულები, რომლის გარეშეც ევროინტეგრაცია არ არსებობს და თუ ევროინტეგრაციას ხელი ეშლება და ამ გზაზე ვისაც მიჰყავს ეს ქვეყანა, მის წინააღმდეგ არსებობს შესაბამისი პასუხები ევროპულ ორბიტაზე“, - განაცხადა სიორიძემ.

მისი თქმით, „ძლიერი-საქართველო ლელოს“ წარმომადგენლები კონგრესზე ყოფნის პარალელურად შეხვდნენ ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, ავსტრიის, რუმინეთის და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს. სიორიძის განმარტებით, ამ შეხვედრების მიზანი იყო ის, რასაც უნდა აკეთებდეს „ქართული ოცნება“.

„პირველი და უმთავრესი მიმართულება, საქართველოს მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ ხმის ამოღება, საზოგადოების ამ გზავნილის გაგონება. ჩვენი ინიციატივა, ჩემს პარტიაზე ვსაუბრობ, რეზოლუციაში მოხდა მოხდა შესწორების შეტანა, რომ ოსეთის ორი დოქტრინა რომ შემოიტანა რუსეთმა და ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა, ამის დაგმობა მოხდა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე, რომელიც „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო რეალურია“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მან, ასევე, ისაუბრა ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, მთავრობამ გადაწყვიტა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლითაც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარება-მართვას თავად უზრუნველყოფს.

„ეკონომიკის მინისტრის განცხადება და ვისი პირით არის ეს წარმოთქმული, არაფერს ცვლის იმიტომ, რომ სხვა წინამორბედები, მინისტრები, პრემიერ-მინისტრები საუბრობდნენ იმაზე, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. გვანახეთ, ბატონო რომ აშენდება. საუბარი იყო იმაზე, რომ ჩინური კონსორციუმი უნდა ყოფილიყო და ისიც არ გამოვიდა, იქაც კი ვერ დაალაგეს. მათ შორის მათთვის უფრო ხელსაყრელ და საქართველოსთვის უფრო კაბალურ პირობებზეც იყო საუბარი, ისევ ქვრივიშვილის ვიზიტს შეგახსენებთ ჩინეთში რამდენიმე თვის წინანდელს. ახლა ამ განცხადებით, „ლენდლორდის“ პრინციპი, თითქოს რაღაც ახალი თქვეს. ცოტა ხნის წინ იყო „ქართული ოცნების“ საგარეო გუნდის განცხადება, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს და აქვს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, დიდი ბოდიში! რა უფლებით, ბატონებო?! საქართველოს აქვს ერთი მთავარი ვექტორი საგარეო პოლიტიკაში, რომელიც განსაზღვრა ქართველმა ხალხმა. სანამ 78-ე მუხლი წერია საქართველოს კონსტიტუციაში, ძალიან დიდ ბოდიში, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ლეგიტიმურს, თუ მითუმეტეს არალეგიტიმურს, არ აქვს უფლება, რომ ამ ერთ განსაზღვრულ ვექტორს გადაუხვიოს. არცერთი დასავლური ქვეყანა არ არის მათ პრიორიტეტებში, ვისთან ერთადაც ამ რაღაცა პრინციპით თითქოს აპირებენ ანაკლიის პორტის აშენებას“, - განაცხადა სიორიძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ