ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის Land lord-ის მოდელით განხორციელება ყველა პარტნიორს იმის საშუალებას მისცემს, რომ პროექტში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შევიდნენ.
მისივე თქმით, მოდელი, რომლითაც ანაკლიის პორტი განვითარდება, ბევრი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.
“მაშინ, როდესაც ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ - მთელი მსოფლიო - “შუა დერეფნის“ როლზე ვსაუბრობთ, მსგავსი ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია გამტარობის და ისტორიული გეგმის კუთხით. აქ ჩვენ გეოგრაფიულად მთავარ როლს ვასრულებთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრივილეგიაა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა Land lord-ის მოდელით განხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ პორტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება. მისივე თქმით, ტერმინალები, რომელიც როგორც მშრალი, ასევე საკონტეინერო ტვირთისთვის იქნება, იჯარით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემა.
ქვრივიშვილის განცხადების თანახმად, 2029 წელს ანაკლიის პორტი პირველ გემს მიიღებს.