ირაკლი კირცხალია - რეზოლუციებს ხელისუფლებისთვის ფასი არ აქვს, რაც შეეხება არჩევნებს, ვიპოვით ძვირფას ქურქში გამოწყობილ ქალბატონს, რამდენიმე ბეჭდით ხელზე, რომელიც საარჩევნო უბანზე უბიძგებდა სხვადასხვა მოქალაქეს, რომ ხმა „ქართული ოცნებისთვის“ მიეცა

მერამდენე წელია, მერამდენე სცენარს და მერამდენე სერიას ვუყურებთ ამ უნიჭოების მიერ ორგანიზებულს. ბოლო სეზონს დავარქვათ „თინათინის და ბრწყინვალე ნანას შეჭიდება”, - ასე შეაფასა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება, რომლის თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა „პრემიერობის კანდიდატი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს”.

ირაკლი კირცხალიას შეფასებით, ეს უკვე ტრაგიკომიკური ჟანრია.

„თავმდაბალია მაინც. “ბრწყინვალე ნანა” თავისი ბრწყინვალე გუნდით, ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება. ადრეც ვთქვი და განვმეორდები, ტრაგიკომიკური ჟანრია უკვე ეს. მერამდენე წელია, მერამდე სცენარს და მერამდენე სერიას ვუყურებთ ამ უნიჭოების მიერ ორგანიზებულს. ბოლო სეზონს დავარქვათ „თინათინის და ბრწყინვალე ნანას შეჭიდება“. ახლა, ალბათ, კიდევ რაღაც სხვა სერიას შემოგვთავაზებენ. არასერიოზულია ნანუკა ჟორჟოლიანი თავის ბრწყინვალე გუნდით, არ ვიცი, საზოგადოებისთვის მიმინდვია, მაგრამ ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე ისინი რეალურად ამტკიცებენ, თუ რას და ვის წარმოადგენენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ფერი იქნება, ჩვენ კარგად ვიცით ის აგენტურა, რომელიც დღეს სხვადასხვა ნომრით და ვითომ პარტიით მოქმედებს“, - განაცხადა კირცხალიამ.

მან აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავიანთი სისხლიანი მმართველობის დროს და შემდეგ ე.წ. ოპოზიციაში თავიანთი აგენტურული მოღვაწეობა გააგრძელა“.

„შეიძლება ესეც რაიმე სცენარის კომედიური გადახვევაა“, - განაცხადა კირცხალიამ.

გარდა ამისა, მან ასევე ისაუბრა ეუთო-ს რეზოლუციის პროექტზეც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი და ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს”. ირაკლი კირცხალიას თქმით, ხელისუფლებისთვის ამ რეზოლუციებს ფასი არ აქვს. „ამ რეზოლუციის პროექტს ის ფასი აქვს, რა ფასიც აქვს ამ რეზოლუციის ავტორებს თუ თანაავტორებს. ჩვენთვის ამას ფასი არ აქვს. რეზოლუცია, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და ციხიდანა უნდა გამოვიდეს, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი, გადატრიალებაში მონაწილეობის მიმღები პოლიტიკური პატიმარია, რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციებს ჩალის ფასსაც ვერ ვუწოდებთ. ეს არის დესტრუქციული, აქაური მონური ფსიქიკის და იქაური მბრძანებლური ტონის ავტორების ფასი, რა ფასიც აქვთ მათ ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. რაც შეეხება არჩევნების საკითხს, აუცილებლად გამოვიკვლევთ და პირველ რიგში, ვიპოვით ძვირფას ქურქში გამოწყობილ ქალბატონს, რამდენიმე ბეჭდით ხელზე, რომელიც დაჟინებული მზერით საარჩევნო უბანზე უბიძგებდა სხვადასხვა მოქალაქეს, რომ ხმა „ქართული ოცნებისთვის“ მიეცა. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველას, ყველა ინსტიტუციაში გავცემთ პასუხს“, - განაცხადა კირცხალიამ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ