საქართველო უკრაინული სცენარის შემთხვევაში, თავისი გაბარიტებიდან და რესურსებიდან გამომდინარე, ნგრევის გზას დაადგება, თუკი ინსტრუქციას აჰყვება - დაპირისპირების წინა პლანზე გამოტანილია ადამიანის უფლებები, პოლიტპატიმრების თემა, რაც რეალურად თავად სცენარისტებმა შექმნეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ეუთო-ს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “საქართველოსთან მიმართებაში მიკერძოებულ დამოკიდებულებას ვხედავთ”.
ვოლსკი აღნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” არც საგარეო კურსი შეუცვლია და არც პოზიციები.
“მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი ან მათი პოზიცია ჯიუტია. აქ სიჯიუტის მიღმა იკითხება გარკვეული პოზიცია. ჩვენ როცა პოლიტიკურ სასწორზე ვდებთ ან ერთ ან მეორე განვითარების სცენარს, ვხედავთ, რომ თუკი ვიქნებით გარკვეული ინსტრუქციების მიმართ მორჩილი, ამან შეიძლება ძალიან მძიმე ვითარება შექმნას ქვეყანაში, რასაც ჰქვია ეკონომიკური ნგრევის პროცესის განვითარება და ამავე დროს, სამხედრო დაპირისპირების გარკვეული ფლანგის შექმნა ქვეყანაში, რაც ასევე მძიმე და დამღუპველი იქნება. ამაზე ღიადაც საუბრობენ. ჩვენთვის ევროპული პოზიცია გასაგებია, თუმცა მიუღებელია. გასაგებია, რომ რუსების აგრესიული ძალის დივერსიფიცირების მოხდენა მათთვის სტრატეგიულად მისაღებია. უკრაინა მართლაც იბრძვის არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპული ინტერესებისთვის. საკმაოდ სერიოზულ დახმარებასაც იღებს ამ ბრძოლაში. ამას “პროქსი ომს” დავარქმევთ, თუ “გარკვეულ სტრატეგიულ ჩანაფიქრს” მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ საქართველო უკრაინული სცენარის შემთხვევაში, თავისი გაბარიტებიდან და რესურსებიდან გამომდინარე, ნგრევის გზას დაადგება, ყველა შემთხვევაში, თუკი ინსტრუქციას აჰყვება. დაპირისპირების წინა პლანზე გამოტანილა ადამიანის უფლებები, პოლიტპატიმრების თემა, რაც რეალურად თავად სცენარისტებმა შექმნეს,” - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 8 ივლისს „ჰააგის დეკლარაციას“ მიიღებს, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: “გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ; გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს”.