ეს არის ერთადერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც ბრალდებულის თავისუფალი სიტყვის ნება, რომელიც მის მიერ სასამართლო პროცესზე იქნა გამოხატული, როგორც დანაშაული, დაკანონდა. ბაჩო ახალაიას განცხადება დანაშაულის ნიშნებსაც არ შეიცავს, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატი გია გოროზია ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
როგორც გოროზიამ განმარტა, ის სასამართლოს დღევანდელ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
“სამწუხაროდ, დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, სადაც დანაშაულად დაკანონდა ბრალდებულის განცხადება, სიტყვა სასამართლო დარბაზში, ის სიტყვა, რომელიც ბაჩო ახალიას განმარტებით, იყო მხოლოდ განცხადება და არა მოწოდება. მან არაერთხელ აღნიშნა სასამართლო პროცესზე, რომ ეს იყო მისი პოზიცია და არა მოწოდება, მაგრამ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე ხაზი გაუსვა, რომ მან საკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ ბაჩო ახალაიას განცხადება იყო საჯარო მოწოდება და ამისათვის, მას სრულიად უკანონოდ, 2.6 წელი მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო, უსამართლო, მას კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ. თუმცა, სააპელაციო სასამართლოშიც არ გვაქვს მოლოდინი, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ბაჩო ახალაიას უდანაშაულოდ ცნობს.
ბაჩო ახალაიამ იმ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს აუხსნა, რომ როგორც ერთი რიგითი უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც სრულიად აბსურდულად აქვს ბრალდება წარდგენილი, მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლება, მათ შორის, ახსენა ბიძინა ივანიშვილი, დასამხობია. სასამართლო პროცესზე ბრალდებულის განცხადება, რომელზეც ხაზს უსვამს, რომ ეს მისი პირადი აზრია, არ შეიძლება დანაშაულად დაკანონდეს. ეს არის ერთადერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც ბრალდებულის თავისუფალი სიტყვის ნება, რომელიც მის მიერ სასამართლო პროცესზე იქნა გამოხატული, როგორც დანაშაული, დაკანონდა. ბაჩოს განცხადება დანაშაულის ნიშნებსაც არ შეიცვას. თუ დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დარბაზში ისხდნენ პროკურორები და მოსამართლე, რომელთაც საკმაო კვალიფიკაცია აქვთ, არც ერთ მათგანს მისთვის არ მოუწოდებია, შეჩერებულიყო, ან აღარ გაკეთებინა ის განცხადება. ბაჩომ განცხადება 2026 წლის 16 თებერვალს გააკეთა, 7 მარტამდე საერთოდ არავინ დაინტერესებულა, იყო თუ არა ბაჩო ახალაიას განცხადება რამე დანაშაულის ნიშნის შემცველი. ეს ნათლად აჩვენებს, რომ მის მიმართ გარკვეული სახის დაინტერესება იყო და სწორედ ამ დაინტერესების საფუძველზე მოხდა მისთვის ბრალდების წარდგენა, რითაც დღეს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა”, - განაცხადა გოროზიამ.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს" ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.