დიდი ხანია ვიცით, რომ უცხოეთში მავანს ქართული ეკლესია, ჩვენი საპატრიარქო და ზოგადად, ჩვენი სულიერება ძალიან ეჩხირება ყელში - უფლებების დაცვის კუთხით ჩვენ ნაკლი არ გაგვაჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, გარე ძალების მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომ ქართულ რეალობაში ეკლესიის მორალური პლაცდარმის როლი მოერღვიათ და ისე განეხორციელებინათ საკუთარი მიზნები.
“ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცით, რომ ქართული ეკლესია, ჩვენი საპატრიარქო და ზოგადად, ჩვენი სულიერება ძალიან ეჩხირება ყელში მავანს უცხოეთში - იმ ძალებს, ვისთვისაც მორალური ღირებულებების მიღმა არის საკუთარი ინტერესის განხორციელების მცდელობა. იყო არაერთი პირდაპირი მცდელობაც, გადადგმული ნაბიჯი ამ ძალების მხრიდან, რომ ეკლესიის მორალური პლაცდარმის როლი მოერღვიათ ქართულ რეალობაში და ისე განეხორციელებინათ საკუთარი მიზნები, პირდაპირი ზეწოლა. არათუ უცნაური, არამედ ამორალური თხოვნებით საპატრიარქოში მოსვლა, იმავეს გამეორება უცხოეთში, ბრიუსელი იქნებოდა ეს თუ სხვა დედაქალაქები, ჩვენი საპატრიარქოს წარმომადგენლების მიმართ. ეს ყველაფერი ხომ მეტყველებს იმაზე, რომ ქართული რეალობა, ქართველი კაცის ზნეობა და ქართული საზოგადოების დამოკიდებულება, როგორც მორალისადმი, ასევე საკუთარი ცხოვრების წესისადმი, არის რაღაც დონემდე მიუღებელი მათთვის. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ევროსკეპტიციზმის მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს ჩვენს რეალობაში. საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, საქართველოში აბსოლუტურად ყველას უფლებაა დაცული. ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება და აიკრძალა ახალგაზრდების და ბავშვებისთვის ლგბტ თემის პროპაგანდა, აბსოლუტურად ცალკე განყენებული თემაა. უფლებების დაცვა არის ცალკე ამბავი და უფლებების დაცვის კუთხით ჩვენ ნაკლი არ გაგვაჩნია. პირიქით, აქეთ მობრძანდნენ, ჩამოვიდნენ და კარგად შეისწავლონ ქართული კანონმდებლობა, რაოდენ მაღლა დგას იმ ქვეყნების კანონმდებლობაზე, საიდანაც პრეტენზიები მოდის,” - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაში”. “მე ვფიქრობ, ამის დიაგნოზი არის ის, რომ თავიანთი უნიათობით, თავიანთი არასწორი პოლიტიკით და არაჯანსაღი დამოკიდებულებით ეკლესიისადმი და ეკლესიის ხმისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს,” - განაცხადა ჯაღმაიძემ.