საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გარემო, თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები, ასევე, საქართველოსა და გაეროს შორის არსებული თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი მულტილატერალიზმისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას გაუსვა.
„საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მულტილატერალიზმისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას, როგორც მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის საფუძველს.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს ორგანიზაციის აქტიური ჩართულობისა და საქართველოს საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის.
მიხეილ ყაველაშვილმა ანტონიო გუტერეშს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისთვის მოწვევა დაუდასტურა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.