მსურს, გამოვეხმაურო ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ მიკერძოებული რეზოლუციის პროექტს - [პროექტი] ეუთო-ს მიმართ ნდობას უფრო აზიანებს, ვიდრე მისი პრინციპების დაცვას ემსახურება, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა.
ლევან მახაშვილის განმარტებით, რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება, ამიტომ ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა ამ რეზოლუციის სრულად უარყოფა.
მახაშვილის შეფასებით, ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი.
„მსურს, გამოვეხმაურო ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ მიკერძოებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც ეუთო-ს მიმართ ნდობას უფრო აზიანებს, ვიდრე მისი პრინციპების დაცვას ემსახურება.
დოკუმენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და დაუდასტურებელ ბრალდებებს იმეორებს. რეზოლუცია ასუსტებს საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობას, რომლის დაცვის ვალდებულებასაც ეუთო ისახავს მიზნად და ეწინააღმდეგება არჩევნებში ეუთო-ს ჩაურევლობის პრინციპს. გადახედეთ ეუთო-ს წევრ ქვეყნებში ჩატარებული ბოლო ათი არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშებს და მითხარით, რომელი მათგანი იყო საქართველოზე უკეთესი იმ პრობლემების მასშტაბით, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში დაფიქსირდა. ამავე დროს, შეგიძლიათ დაასახელოთ ამათგან თუნდაც ერთი ქვეყანა, რომელიც ამ ფორუმზე მსგავსი მასშტაბის ყურადღების ობიექტი გახდა, არჩევნებიდან 2 წლის შემდეგაც კი?
ღრმა შეშფოთებას იწვევს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი დელეგატის მიერ გამოვლენილი აკვიატებული დამოკიდებულება, რომელიც მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილ შეთქმულების თეორიების მიმდევარს მოგვაგონებს. ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის გაცნობის შემდეგ, ამ დასკვნის გაკეთებისგან თავის შეკავება შეუძლებელია.
ეს არ არის საპარლამენტო დიპლომატია. ეს არის ჩვენი საერთო, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის ინსტრუმენტალიზაცია, რაც აზიანებს იმ დიალოგის საფუძველს, რომლის დაცვასაც ვესწრაფით.
ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ FARA-ს რეესტრში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლობისტურ კომპანია Nelson Mullins-თან გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც, ასევე „სრულიად შემთხვევით” ბატონ ჯო ვილსონთანაც არის დაკავშირებული.
ბატონო თავმჯდომარე, ცალკეული შესწორებები ვერ გამოასწორებს იმ ფუნდამენტურ და შინაარსობრივ ნაკლოვანებებს, რომლებიც მთელ დოკუმენტს გასდევს. რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება. ამიტომ, ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა ამ რეზოლუციის სრულად უარყოფა”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.