ვაჟა-ფშაველას მეტროსთან, მარიჯანის 4 ნომერში, სადაც სამშენებლო ობიექტზე, საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მიწა ჩამოიშალა, თბილისის მერიის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან. ადგილზე ასევე ელოდებიან ექსპერტთა ჯგუფს.
კორპუსის მცხოვრებლების განცხადებით, მდგომარეობა სახიფათოა, რის გამოც ისინი შენობაში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ აპირებენ.
მათი თქმით, თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ შენობაში ცხოვრება უსაფრთხო აღარ არის, თბილისის მერია მოსახლეობის გაიყვანს და მათ დროებით სხვა საცხოვრებლით უზრუნველყოფას განიხილავს.
„შემთხვევის დროს სახლში არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც მეზობლები ამბობენ, სასწაული ხმა იყო. აქ იყო „ცენტრ პოინტის“ მშენებლობა, რომელიც თავის დროზე ვერ დასრულდა. ბოლო 3 წელია, რაც დაინგრა შენობა, სადაც უნდა აშენებულიყო სხვა კორპუსი. უნდა გაემაგრებინათ, რადგან საკმაოდ დიდი ღრმულია. შეგვპირდნენ, რომ გაამაგრებდნენ, რადგან ჩვენი კორპუსის ეზო და ეს ღრმული ერთი და იგივე კედელი იყო.
ეს ყველაფერი მოწყდა და ჩამოვარდა. დღეს ღამე წვიმაა გამოცხადებული, ჩვენ რა გვეშველება არ ვიცი. როგორც გვეუბნებიან ლაბორატორია მოვა, რომელიც დააფიქსირებს თუ რამდენად უსაფრთხოა ამ სახლში ყოფნა. ჩვენ სახლში შესვლას არ ვაპირებთ”, - აცხადებს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები.

ადგილზე მერიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებიან.
ამასთან, მუნიციპალური ინსპექციის ვაკე-საბურთალოს რაიონის ხელმძღვანელის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ლაბორატორიული სამსახურის წარმომადგენლები უკვე ადგილზე არიან. მისი თქმით, პირველ ეტაპზე სპეციალისტები ადგილზე არსებულ ვითარებას შეაფასებენ, რის შემდეგაც გადაწყდება, რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
„ლაბორატორია უკვე ადგილზეა. მოხდება შესაბამისი შეფასება და შემდეგ ღონისძიებების გატარება - გამაგრების და ა.შ. ჯერ შესწავლა და შემდეგ გამაგრების ღონისძიებები”,- განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
