ჩვენ დღეს ქალბატონი ქვრივიშვილისგან მოვისმინეთ კიდევ ერთი სრულიად სამარცხვინო, კომიკური ბლეფი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთავრობამ გადაწყვიტა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლითაც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარება-მართვას თავად უზრუნველყოფს.
გრიგოლ გეგელიას თქმით, ხელისუფლება აცხადებს, რომ ანაკლიის პორტს თავად ააშენებს მაშინ, როცა შვიდი წლის განმავლობაში „გზა ვერ მიიყვანეს, რკინიგზა ვერ მიიყვანეს, განათების ბოძი ვერ დადგეს“.
„არაფერი არ შეცვლილა. ივანიშვილის ეს ფრაზა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში, აღმოჩნდა საბედისწერო, ავბედითი ფრაზა, რომელიც დღემდე სრულყოფილად აფასებს ვითარებას. არაფერი არ შეცვლილა, ქვა ქვაზე არ დაუდიათ, აგური არ დაუმატებიათ, პირიქით, ისიც კი დააქცია ამ რეჟიმმა, რაც მამუკას და ბადრის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის კონსორციუმის დროს შეიქმნა.
ჩვენ დღეს ქალბატონი ქვრივიშვილისგან მოვისმინეთ კიდევ ერთი სრულიად სამარცხვინო, კომიკური ბლეფი. ეს, დაახლოებით მეთხუთმეტე განცხადებაა. სხვადასხვა წელს „ქოცი“ ლიდერები გამოდიან და წელიწადში რამდენჯერმე აცხადებენ, რომ ხვალ იწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა, ორ კვირაში იწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა, მაგრამ არაფერი არ აშენებულა. არაფერმა არ იმუშავა იმიტომ, რომ „ქოცშია“ პრობლემა, სანამ ივანიშვილი და ეს რეჟიმი არსებობს, არანაირი მოდელი არ იმუშავებს იმიტომ, რომ „ქოცის“ მიზანია, ჩვენ გაგვაღარიბოს, საქართველო არ წავიდეს წინ.
შვიდ წელში [ანაკლიამდე] გზა ვერ მიიყვანეს, რკინიგზა ვერ მიიყვანეს, განათების ბოძი ვერ დადგეს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კი არა, ახლა რომ მოვდიოდი, მოვცურავდი, ღრმაწყლოვან პორტად გადაგვაქციეს მთელი დედაქალაქი. სანიაღვრე სისტემა ვერ გაუყვანიათ. ყველაფერზე გვეუბნებიან, რომ ფული არ გვაქვს და ახლა თურმე ორი მილიარდი და მეტი შეუძლიათ გამოყონ. გზა რომ ვერ დააგო, ეს ხალხი გვეუბნება, რომ ახლა ჩადებს 600-700 მილიონს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.