ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ICPEN-ის ხელმძღვანელობის პრიორიტეტები წარუდგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჟენევაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, GCCA-ის თავმჯდომარემ, ICPEN-ის პრეზიდენტი უწყების ხელმძღვანელის რანგში, გახსნითი პანელის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შემდეგი ერთი წლის პერიოდში საქმიანობის პრიორიტეტები წარუდგინა, ასევე ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე. მისი თქმით, GCCA-ის მიზანია, უზრუნველყოს ღია და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობა.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო სამ ძირითად პრიორიტეტზე იმუშავებს. პირველი - მომხმარებელთა დაცვის ახალი და განვითარებადი უწყებების მხარდაჭერა; მეორე - მომხმარებელთა უფლებების დაცვა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ბაზრების პირობებში; მესამე - მოწყვლადი მომხმარებლების დაცვა. საქართველო მოუთმენლად ელის UNCTAD-თან, ICPEN-ის წევრ ქვეყნებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას 2026-2027 წლების პრეზიდენტობის პერიოდში, რათა ერთობლივად შევქმნათ უფრო სამართლიანი, სანდო და ინკლუზიური ბაზრები მომხმარებლებისთვის,“- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, ICPEN-ის ხელმძღვანელობის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

უწყების მხრიდან ICPEN-ის პრეზიდენტობის მთავარი გზავნილია - Building Trust in the Digital Age.

„მომხმარებელთა ნდობა სამართლიანი ბაზრის საფუძველია, ხოლო მის განმტკიცებაში საერთაშორისო თანამშრომლობას, ეფექტიან აღსრულებასა და ინოვაციურ მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ,“- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ლექვინაძე ასევე მონაწილეობას მიიღებს კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის საკითხებზე მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის 23-ე სესიაში, რომელიც 8-10 ივლისს გაიმართება.

პრესსამსახურის ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად ჟენევაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძე იმყოფება.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა