თენგიზ შარმანაშვილი - არ მგონია, რომ მარტო საქართველოს დააკლდება ნატო-ს სამიტზე არ მიწვევით - მეგობრობა ცალმხრივი არ შეიძლება იყოს, თუ ნატო აღიარებს ჩვენ მეგობრობას, აღიარებს ბოლომდე

მე არ მგონია, რომ მარტო საქართველოს დააკლდება ნატო-ს სამიტზე არ მიწვევით - მეგობრობა ცალმხრივი არ შეიძლება იყოს, თუ ნატო აღიარებს ჩვენ მეგობრობას, აღიარებს ბოლომდე, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ნატო-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს წევრი არ არის, არც მაპი გვაქვს, ამიტომ ,,ვალდებულები არ არიან, სამიტზე მიგვიწვიონ”.

,,ჩვენ ვართ ნატო-ს საიმედო პარტნიორები. ძალიან ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი, ნატო-სთან არაფერი შეგვშლია. ავღანეთის ოპერაციაში ამ ხელისუფლების პირობებშიც სრულმასშტაბიანად ვმონაწილეობდით. მიგვიწვევენ თუ არა, სხვა ამბავია, თუმცა ჩვენ არც წევრები ვართ, არც მაპი გვაქვს, რომ ვალდებულები იყვნენ, სადმე მიგვიწვიონ. მე არ მგონია, რომ მარტო საქართველოს დააკლდება არმიწვევით. ნუ შევხედავთ ყველაფერს ისე, რომ ჩვენ ისეთი საცოდავი ქვეყანა ვართ, რომ ჩვენ გვჭირდება ყველა. ჩვენც ვჭირდებით ყველას. თავის თავსაც დააკლებენ ასეთ საიმედო პარტნიორებს თუ არ მოექცევიან კარგად. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ჩვენს პარტნიორებთან ვიყოთ პირნათელი. სისხლიც კი დაგვიღვრია ამის გამო. გადახედონ თავის წევრებს, ავღანეთში როგორ იქცეოდნენ, შტაბიდან ცხვირი არ გამოუყვიათ და ფანჯარასთან ახლოს არ მიდიოდნენ, შემთხვევით ტყვია არ მოხვედროდათ. ისე ჩამოვიდნენ, ფეხის ნაკაწრი არ ჰქონია მათ არც ერთ ჯარისკაცს, ანუ არც ერთ ოპერაციაში არ იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენ კი ასობით დასახიჩრებული გვყავს. მსხვერპლი მარტო სიკვდილიანობით არ განისაზღვრება. ასე რომ, ეს მეგობრობა ცალმხრივი არ შეიძლება იყოს. თუ ნატო აღიარებს ჩვენ მეგობრობას, აღიარებს ბოლომდე. ჩვენ მზად ვართ, დავამტკიცეთ და მომავალშიც დავამტკიცებთ თუ საჭირო იქნება," - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს და ხვალ თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო-ს) 36-ე სამიტს უმასპინძლებს. 32 წევრი ქვეყნის ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეიკრიბებიან. დღეს დაგეგმილ ვახშამს ნატო-ს ლიდერებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც შეუერთდებიან. მედიის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან კოლეგებს ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ასევე ისაუბრებენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან, კაია კალასთან. ნატო-ს თავდაცვის მინისტრები კი მოლაპარაკებებს გამართავენ ავსტრალიელ, იაპონელ, ახალ ზელანდიელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან. ნატო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერები სამიტზე სამ ძირითად თემას განიხილავენ: ინვესტიციებს თავდაცვაში, თავდაცვითი წარმოების გაზრდასა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა