ლიბერთი, „მთიელი წიგნები“ და „ვთამაშობთ „ვეფხისტყაოსანს“ კახეთს ესტუმრა. სამი დღის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 6 სოფელი მოიარეს. ყველა სკოლის ბიბლიოთეკა თანამედროვე ქართული და თარგმნილი საბავშვო გამოცემებით შეავსეს და რაც მთავარია, 200-ზე მეტ ბავშვს საჩუქრად სწორედ ის წიგნები ჩაუტანეს, რომელთა წაკითხვასაც მთელი გულით ნატრობდნენ.
„მთიელი წიგნების“ ყოველი მოგზაურობა აჩვენებს, რომ ამ ინიციატივების მიმართ ინტერესი და მოლოდინი სულ უფრო იზრდება. კახეთის ტური ოდნავ მოგვიანებით იგეგმებოდა, თუმცა ადგილობრივი ბავშვების ოცნების ძალა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ამ შეხვედრების გადადება შეუძლებელი გახდა.
რაც შეეხება პროექტს „ვთამაშობთ „ვეფხისტყაოსანს“, მის ფარგლებში მე-11 - მე-12 კლასის მოსწავლეები სპეციალურად შექმნილ საგანმანათლებლო სამაგიდო თამაშში ჩაერთნენ, რომელიც რუსთაველის უკვდავ პოემას თანამედროვე, ინტერაქციული მეთოდებით აცნობს ახალგაზრდებს.

თამაშს ტრადიციულად წინ უძღოდა ლიტერატურათმცოდნე ლევან გელაშვილის ლექცია - „საინტერესო ამბები რუსთაველზე“, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ მოსწავლეებში, არამედ მასწავლებლებშიც. ლექციასა და თამაშში აღმოჩენილი არაერთი ახალი დეტალი მათ მომავალში „ვეფხისტყაოსნისა“ და კიდევ უფრო მრავალფეროვნად სწავლების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, უკვე გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი შეხვედრები ცალკე მასწავლებლებისთვისაც გაიმართოს.
„მთიელი წიგნები“ და „ვთამაშობთ „ვეფხისტყაოსანს“ ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტებია. თუმცა ამ ინიციატივების ღირებულება მხოლოდ ცოდნის გაზიარებით არ განისაზღვრება - არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ემოციები, რომლებიც თითოეულ მოგზაურობას და ბავშვებთან შეხვედრას ახლავს თან და ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის - პროექტის მონაწილეებისთვის. ყველა სოფელში განსაკუთრებული მოლოდინით გვხვდებიან - ნინი ბუკია, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების მენეჯერი
ლიბერთის საგანმანათლებლო პროექტების რუკაზე ახალი ადგილები უკვე მონიშნულია და წინ ახალი გზებია - ახალი სოფლებისკენ, სკოლებისკენ და ბავშვებისკენ.
(R)