პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, მათ საერთო საცხოვრებელ ბინაში გაგუდა, ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 03 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევი, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვას უზღუდავდა ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას; უკრძალავდა ოჯახის წევრებთან და მისთვის სასურველ ადამიანებთან კომუნიკაციას, უზღუდავდა სახლიდან გამოსვლისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას.

“აღნიშნულის გამო ფატიმა კარიმოვა ცდილობდა დაეტოვებინა ემინ ალიევის მიერ ნაქირავები, მათი საერთო საცხოვრებელი ბინა, თუმცა აღნიშნულის საშუალება მას ემინ ალიევისაგან დამოუკიდებლად არ ჰქონდა, ვინაიდან ემინ ალიევი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს მისი სახლიდან გაშვების, სხვა პირებთან კომუნიკაციისა და კვებასთან დაკავშირებულ საკითხებშიც კი, რითაც ემინ ალიევი ფატიმა კარიმოვასთვის თავისი, როგორც მამაკაცის უპირატესობის დამტკიცებას უკანონოდ ცდილობდა. 2026 წლის 25 ივნისს, ღამის დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, ვარკეთილში, ევგენია მაისურაძის ქუჩა N45 ა-ში, N3 ბინაში ემინ ალიევმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით ფატიმა კარიმოვა გაგუდა. ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის 20 წლის მოქალაქე ფატიმა კერიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი 26 ივნისს იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მოკლული გოგონას ბიძაშვილია.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა