„გახარია საქართველოსთვის” დეპუტატის, ტატა ხვედელიანის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილის დანიშვნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან მოდის, “ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გელა გელაძე და მისი საქმიანობა გაკონტროლდება”.
როგორც ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, საკადრო ცვლილებები ემსახურება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის კომფორტს და „ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების გახანგრძლივებას.
„მთავრობაში ბოლო წლებში მომხდარი გადაადგილებები არ ემსახურება მთავარს - ჩვენი მოსახლეობის ინტერესს. ეს ემსახურება კონკრეტულად ერთი ადამიანის კომფორტს და „ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების გახანგრძლივებას. შესაბამისად, ეს გადადგილება არის კონკრეტული მიზნებისთვის. ეს გადაადგილება არ გვაუწყებს იმას, რომ ჩვენი მთავრობისთვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი. ეს გადაადგილებები და არსაიდან მოსული ადამიანებიც ამიტომ ინიშნებიან ასეთ საკვანძო, უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე მაშინ, როდესაც სუს-ის უფროსის მოადგილეობა არის ერთ-ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. ამ პოსტზე ინიშნება ადამიანი, რომელიც ივანიშვილის მხრიდან პირადი ნდობის ფაქტორით არის შერჩეული და მისი დანიშნული არის ფაქტობრივად.
ეს საკადრო ცვლილება ნიშნავს იმას, რომ გაკონტროლდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გელა გელაძე და მისი საქმიანობა. ქვეყანაში ყველა და ყველაფერი კონტროლდება, რადგან ივანიშვილს სურს, რომ მთელი სისტემა მასთან დაქვემდებარებული იყოს.
დღეს ჩვენს ქვეყანაში არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი ხალხს არ ემსახურება, ემსახურება მხოლოდ ამ ადამიანის კომფორტს. ემსახურება „ოცნების“ ძალაუფლების და ძალადობრივი რეჟიმის გახანგრძლივებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა. წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუს-ს მართავდა ივანიშვილის დაცვის წევრი ვახტანგ გომელაური, რომელიც როგორც კი არ დასჭირდა, რაში გამოიყენა? ვახტანგ გომელაურმა გაამყარა შეთითხნილი ბრალდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას წინააღმდეგ და მოწმე არის ამ საქმეში.
ბიძინა ივანიშვილს, როგორც კი არ დასჭირდება ხოლმე რომელიმე მაღალჩინოსანი, მაშინვე თანამდებობიდან ათავისუფლებს, როგორც ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის, ზვიად ხარაზიშვილი (მეტსახელად „ხარება“) შემთხვევაში გააკეთა.
რას დაამსგავსეს დღეს სამართალდამცავი სტრუქტურა. ჩვეულებრივად მოძალადეების ხელშია“, - განაცხადა ხვედელიანმა.
გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი კირცხალიას უპასუხა. ტატა ხვედელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი არის სისტემური დანაშაულის დადასტურება, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში „ოცნების“ მხრიდან არსებობს.
„ეს არის დღეს „ქართული ოცნების“ სახე. ამით შეგვიძლია უკვე ვიმსჯელოთ, რა მდგომარეობაშია დღეს „ოცნება“. ასევე, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, რომ ამ კონკრეტულ ძალადობრივ თავდასხმას, რომელიც მათ ჩვენს ფრაქციაზე 26 ივნისს განახორციელეს, ორი განზომილება აქვს - ერთია სამართლებრივი განზომილება - ამ დანაშაულს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხანდაზმულობის ვადა აქვს, 30 წელი და დაუსჯელი არავინ დარჩება. ეს უნდა იცოდნენ და იციან კიდეც. ამით აიხსნება მათი მხრიდან ეს პანიკა. მათ დანაშაული ჩაიდინეს და ეს დანაშაული კამერებს მიღმა ვერ დარჩა. ეს არის სისტემური დანაშაულის დადასტურება, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში „ოცნების“ მხრიდან არსებობს. ამაზე ბევრად მეტი და ბევრად უარესი ძალადობრივი აქტები განხორციელებულა ჩვენს მოქალაქეებზე, თუმცა, სამწუხაროდ, მათი აღბეჭდვა ვერ მოხდა იმიტომ, რომ ასე ლაჩრულად ეპარებიან ისინი ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს საქართველოს ქუჩებში. მეორე საკითხი არის ის, რომ ეს თავდასხმა დაგეგმა მათმა გენერალ-კოორდინატორმა, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ერთადერთი ფუნქციით არის დაკავებული დღეს მთავრობაში, ძალადობის კოორდინირების ფუნქციით. მან დაგეგმა ეს ორგანიზებული დანაშაული იმისთვის, რომ გადაეფარა მათი პრემიერის სირცხვილი საქართველოს პარლამენტში, რომელმაც ვერცერთ შეკითხვას ვერ უპასუხა. ამ ყველაფრის გადასაფარად დაორგანიზდა ეს დანაშაული. ამ საქმეს აქვს პოლიტიკური განზომილებაც, სადაც ლაჩრულად, უპასუხისმგებლოდ შეგვიძლია შევაფასოთ მათი ძალადობრივი ქმედებები“, - განაცხადა ხვედელიანმა.