პაატა ზაქარეიშვილი - საქართველო ნატოს სამიტზე უნდა ყოფილიყო - საქართველო არის შავი ზღვა და კავკასია, შავ ზღვაში ომია, ჩვენი ქვეყანა კი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს კრავს, მაგრამ საქართველო იგნორირებულია, ვინაიდან არ იციან, რა ინფორმაციას ჩაუტანს რუსეთს

საქართველო აღარსად აღარ მოიაზრება. ჩვენ პირობებს არ ვასრულებთ და პირობების არ შესრულება არის ერთ-ერთი რეაქცია იმისა, რომ ჩვენ არ მიგვიწვიეს იმ კატეგორიის ქვეყნებში, სადაც უნდა მივეწვიეთ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მიმდინარე NATO-ს სამიტთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო, ანკარაში მიმდინარე სამიტზე წამყვანი სახელმწიფო უნდა იყოს, რეგიონული კონტექსტიდან გამომდინარე.

„თურქეთში მიმდინარე NATO-ს სამიტზე არაწევრი სახელმწიფოებიც იქნებიან. საქართველო NATO-ს ასპირანტი ქვეყანაა. საქართველო და უკრაინა NATO-ში გაწევრიანების გზაზე ერთად მიდიოდნენ, „მაპიც“ ერთად უნდა მიეღოთ.

რა თქმა უნდა, ვიღაცები იტყვიან, რომ NATO-ს სამიტს უკრაინა იმიტომ ესწრება, რომ ომში მყოფი ქვეყანა. საქართველო როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყანა მიწვეული არ არის. საქართველო აღარსად აღარ მოიაზრება. ჩვენ პირობებს არ ვასრულებთ და პირობების არ შესრულება არის ერთ-ერთი რეაქცია იმისა, რომ ჩვენ არ მიგვიწვიეს იმ კატეგორიის ქვეყნებში, სადაც უნდა მივეწვიეთ. იქ იქნება მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ფართო და ვრცელ მოწვეულ სახელმწიფოთა კონფერენციაში, იქ წარმოდგენილ სახელმწიფოებს კი NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინტერესი არ გააჩნიათ, უამრავ ეგზოტიკურ სახელმწიფოს ვნახავთ“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა იმ ყოველწლიურ წვრთნებში მონაწილეობის მიღებაზე. მინიმუმზე დავიდა საქართველოში ფართომასშტაბიანი წვრთნები. საქართველო აღარ არის ჩართული იმ საერთაშორისო აქტიურობაში, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას. ომში მონაწილეობას არავინ არ იღებს, ეს ბოდვა და ტყუილია, არავისგან ომში მონაწილეობის მიღებას არ მოითხოვენ. საქართველოსგან მოითხოვენ თქვას, რომ ის პროცესი, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს, 2008 წელს დაიწყო. ყველა ცდილობს, რომ დაამციროს უკრაინაში მიმდინარე პროცესები და ეს ყველაფერი პუტინსა და ზელენსკის შორის რაღაც გაუგებრობად აქციოს, ან შიდა უკრაინულ საქმედ. საქართველოს მიერ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრული იგნორირება ხდება, მაგრამ რაც იქ ხდება, პირველ რიგში, ჩვენ გვეხება და რეგიონულ უსაფრთხოებას. საქართველო ანკარაში მიმდინარე სამიტზე წამყვანი სახელმწიფო უნდა იყოს, რეგიონული კონტექსტიდან გამომდინარე“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება ღონისძიებას, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს, ანკარაში მიიღებს მონაწილეობას, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ეს არის იმ სახელმწიფოთა კონფერენცია, რომლებსაც NATO-ს ალიანში გაწევრიანების მიზანი არ აქვთ.

„რაც შეეხება იმას თუ რა ფორმატში იღებს მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი, ეს ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს NATO-ს პირდაპირ არ ეხება. NATO-ს გარეშეც შესაძლებელი იყო ამ კონფერენციის გამართვა, ეს მიუნხენის კონფერენციის ეგიდით ტარდება. მიუნხენის კონფერენცია კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონფერენციაა, მაგრამ არასამთავრობო. იქ ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ, მაგრამ არა სახელმწიფოები. შესაბამისად, ეს კონფერენცია, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს მონაწილეობას, მაღალი დონისა და კლასის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი შეხვედრაა, რომელიც სულ სხვა ღონისძიება, NATO-ს სამიტს უბრალოდ დაამთხვიეს“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, საქართველო პარტნიორების მხრიდან იგნორირებულია, რადგან ქვეყანა არასანდო, მოწყვლადი და ტოქსიკური სახელმწიფოა.

„ეს სამიტი საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. თურქეთი არის - შავი ზღვა, სამხრეთ კავკასია, სადაც მისი როლი გაიზარდა, ეხმარება აზერბაიჯანს. საქართველოც არის შავი ზღვა და კავკასია. საქართველო ამ სამიტზე უნდა ყოფილიყო, როგორც საპატიო სტუმარი, რადგან შავ ზღვაში ომი მიმდინარეობს, საქართველო კი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს კრავს. მაგრამ საქართველო იგნორირებულია და სჯობს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ, ვინაიდან არ იციან, რა ინფორმაციას ჩაუტანს საქართველო რუსეთს. საქართველო არასანდო, მოწყვლადი და ტოქსიკური სახელმწიფოა, რადგან არ იცი საქართველოში რაიმეს რომ ჩადებ, სად გამოჟონავს, კრემლში, პეკინსა თუ თეირანში“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის საშინელი სიზმარი იქნება თუ საქართველო ურთიერთობებს აღადგენს NATO-სთან და თურქეთთან მოლაპარაკებებს დაიწყებს უსაფრთხოების კონტექსტში, NATO-სთან დამოუკიდებლად.

„ჩვენ აზერბაიჯანთან თურქეთის უსაფრთხოების ალიანსს უნდა მივუერთდეთ“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა